მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, 20 ივლისს კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სპეციალისტების ნაწილი ამ ფაქტს ქვეყანაში რეგულაციების მოხსნა უკავშირებს, ასევე იმას, რომ მოსახლეობა წესებს არ იცავს, რაც ვირუსის გავრცელების წინაპირობაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-19-ის დღევანდელ სტატისტიკას საგანგაშო უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავრობას გვერდში უნდა დაუდგნენ.
„აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა, პრაქტიკულად, განულებულია ანუ, აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის შემთხვევა მსოფლიოში შესაძლოა, არსებობდეს, სულ რამდენიმე. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქლაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
გუშინ 11 000 აცრა ჩავატარეთ, რაც არ არის საკმარისი. თუ ჩვენ დღეში არ ავედით 20 000-30 000 აცრაზე, ამ პროცესის მართვა ძალიან გაგვიჭირდება. დღეს, მაგალითად, ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთი მხრივ, გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქლაქეების კეთილდღეობა.
გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ - ჩვენ, მთავრობას, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ, აიცერით. მე მგონი, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. თუ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ ისე, როგორც დაუდგნენ თავის დროზე, შარშან, როცა პანდემია დაიწყო, მარტო ჩვენ ვერაფერს გავწვდებით, ვერაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვაო სურგულაძე არ გამორიცხავს, „ლოკდაუნის“ კიდევ ერთხელ გამოცხადებას. როგორც მან For.ge-ს უთხრა, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე, რადგან ვაქცინაციის პროცესი სრულად ჩავარდნილია. არავინ არსად არ იკეთებს პირბადეს, არავითარი დისტანციის დაცვა არ ხდება. შესაძლოა „აფეთქება“ მოხდეს იმაზე უარესი, რაც მოხდა 2020 წლის შემოდგომაზე. ერთადერთი რჩება ჩაკეტვა - ისევ ჩაგვკეტავენ, დაგვსვამენ სახლში, ისევ საკომენდანტო საათს მიიღებენ, იმის ნაცვლად, რომ რეგულაციები გავაძლიეროთ. 2600 ახალი შემთხვევა უკვე არის „აფეთქების“ დაწყება და სავარაუდოდ, ჩაგვკეტავენ“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კიდევ ერთი „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს. მისი თქმით, დღეს წესებს არავინ იცავს და სწორედ ხალხმრავალი შეკრების შედეგად მივიღეთ ახალი მაჩვენებელი.
„არ უნდა ვთქვათ, რომ „ლოკდაუნი“ არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ვამბობდი, რომ დავანებოთ თავი მასობრივ შეკრებებს და ცოტა ხნით, ბლოკირება უნდა მოხდეს ნებისმიერი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური შეკრებისა. გაივსო რესტორნები ხალხით, არის ქორწილები, ქელეხები და არ არის გასაკვირი, რომ ასეთი რამ მოხდა. ასე რომ, „ლოკდაუნი“ მოსალოდნელია, რადგან ჩვენ იგივე შეცდომა დავუშვით, როდესაც თავისუფლად მოძრაობდნენ ადამიანები და პირბადესაც არ იყენებდნენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.
„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. როგორც მან აღნიშნა, „ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს“.
„სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.