რუსი ტურისტები და დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს ლანძღავენ. სააგენტო РБК-ს პიცუნდაში სროლის დროს დაშავებულმა რუსმა ტურისტებმა განუცხადეს, რომ მათ აფხაზები ემუქრებიან, რაც ბოლო 2 დღეში სოციალურ ქსელ Facebook-ზე განხილვის თემა გახდა.
„ცუდი ტენდენციაა. იქ ამდენი ხანი, სიმშვიდე იყო, ახლა კი სერიოზულად დაგაფიქრებს, ღირს თუ არა აფხაზეთში ჩასვლა, განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა,” - წერს Facebook-ზე რუსეთის მოქალაქე, ნატალია პ.
რუსული სააგენტო REGNUM-ის შეფასებით, ბევრი Facebook-მომხმარებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსებისა და აფხაზების ურთიერთობებს.
„ამის გამო რუსი ტურისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ,“ - წერს სააგენტო და მეორე ტურისტის პოსტი მოყავს.
„როგორი დამოკიდებულებაა ეს?! როგორც ჩანს, ადგილობრივებს, ჩვენი ფულის გარდა, არაფერი სჭირდებათ. იქნებ, დროა, საზღვარი დავხუროთ და აფხაზეთი სამუდამოდ დავივიწყოთ?! დაე, დაიხრჩონ ნანგრევებსა და მანდარინებში,” - წერს ალექს პ.
REGNUM-ს მორიგი მომხმარებლის კომენტარი მოყავს, რომლის მიხედვითაც, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ.
„დროა, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოაწესრიგოს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში აღარ ჩავლენ და ის კიდევ უფრო გაღარიბდება. ტურისტული რეგიონებიდან კრიმინალური სიახლეები კატასტროფის ტოლფასია," - წერს ევგენი ჩ.
ბიჭვინთაში სროლის შედეგად დაშავებულმა რუსეთის მქალაქეებმა, ტიმურ სალიმგარიევმა და ალექსანდრე ფილოიანმა 17 ივლისს სააგენტო РБК-ს განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობით ემუქრებიან მათ ნათესავებსა და მეგობრებსაც.
„გვწერენ, რომ ჩვვნეთვის თავში უნდა ესროლათ, რადგან მომხდარზე მილიციაში განცხადება კი არ უნდა შეგვეტანა, არამედ, თურმე, კანონიერი ქურდებისთვის უნდა მიგვემართა, რადგან, მათი მტკიცებით, აფხაზეთში ისინი აგვარებენ პრობლემებს. მათ, ასევე, მისწერეს ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც ჩვენი ამბავი დაპოსტეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუკი თავიანთ პოსტებს არ წაშლიდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დამნაშავეები ჩვენ ვართ და თითქოს თავდამსხმელს, დიმიტრი პილიას ჩვენ გავუწიეთ პროვოცირება,“ - აცხადებს ტიმურ სალიმგარიევი, რომელიც ამჟამად სოჭის №4 საავადმყოფოში მკურნალობს. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო ფეხებისა და სასქესო ორგანოს მიდამოებში. სალიმგარიევს ცალი სათესლე პარკის ამპუტაცია ჩაუტარდა.