კაპიტანი უკონკურენტოა

კაპიტანი უკონკურენტოა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძეა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს. როგორც უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ თბილისს კახა კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია.

„კალაძე არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ორიენტირებულია ისეთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ქალაქში ჩამოსული სტუმრის კომფორტზე იქნება მორგებული. მისი მერობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი – გამწვანების პროექტებით დაწყებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული. ეს ქალაქის ნებისმიერი მცხოვრებლისთვის და სტუმრისთვის შეუიარაღებელი თვალით კარგად დასანახია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ თბილისს ასეთი მერი არ ჰყოლია“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

„ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება, მაგრამ ოპოზიციას ჯერ არ გადაუწყვეტია ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანდნენ და ასე დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ კაპიტანს, თუ ყველა პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარმოადგინოს. „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა წამოაყენოს მერობის კანდიდატად, იქნება ეს კახა კალაძე თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, მათ რესურსი აქვთ ამოწურული. მისი თქმით, არანაირი სიცოცხლით სავსე ქალაქი თბილისი არ არის, თუმცა ნაცვლიშვილის პარტიაში ამ დრომდე არ იციან, ვის დაუპირისპირებენ კალაძეს.

„თუ კახა კალაძე მართლაც სიცოცხლით სავსე ქალაქის წარმატებული მერია, მისი წარდგენა მეორედ იქნებოდა სახალხო ღია ღონისძიება, სადაც სიხარულით მივიდოდნენ მოქალაქეები, თუმცა, ეს არის დახურული ღონისძიება. საჯაროობის ეს ფორმატი ძალიან მრავლისმთქმელია და მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი სიცოცხლით სავსე ქალაქი თბილისი არ არის კახა კალაძის მმართველობის შედეგად.

„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა წამოაყენოს მერობის კანდიდატად, იქნება ეს კახა კალაძე თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, მათ რესურსი აქვთ ამოწურული და არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, მათ შეუძლიათ მხოლოდ ზიზღის და სიძულვილის, დაპირისპირების გაღვივება“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი. პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია, თუ „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია. არაოფიციალური ინფორმაციით, გვარამია ტელევიზიიდან წასვლას იმ პირობით დათანხმდა, თუ მას მერობის კანდიდატად წარადგენდნენ, თუმცა პარტიის უმრავლესობა გვარამიას მერობას მხარს არ უჭერს. რომან გოცირიძემ საკუთარ პარტიაში მიმდინარე პროცესები არ იცის, მაგრამ კარგად იცის, რომ კალაძე ლამაზად, ევროპულად იცვამს, უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკი, შარფი, ქუდი აქვს, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს და დაუობდება.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკადრო რესურსი არ აქვს, ამიტომ კალაძეს ალტერნატივა არ აქვს მათ გუნდში. ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება.

„პიარში მილიონებს ხარჯავს კალაძე და ნუთუ ერთი კარგი პიარის სპეციალისტი არ ყავდა, რომ წარდგენა მაინცდამაინც მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა? მთაწმინდაზე მისი პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად, ეს სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის, არამედ სტარტის მიცემა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება ქვემოთ, არ ჯობდა სხვა პარკი აერჩია?

მეორეც, ბატონ კალაძეს არავითარი განცხადებები არ გაუკეთებია, ფაქტობრივად, მისი დუმილი იყო თანხმობა მთავრობის კურსისა, რომელმაც წააქეზა ქუჩაში მოთარეშე მოძალადეები. მისი დუმილი არ არის ამ შემთხვევაში ოქრო, პირიქით, ის აჩვენებს, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ არაპოპულარულ და ივანიშვილისთვის მტკივნეულ საკითხებზე ოდნავ კრიტიკული განცხადება გააკეთოს.

„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, ვისაც, საბჭოური გამოთქმით რომ ვთქვათ, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავდით, ბრიგადირის დონის კადრები შემორჩათ, კალაძეა ერთადერთი, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკადრო რესურსი, როცა „ქართუს“ დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, მისი მზარეულიც შეიძლება მოგვევლინოს რომელიმე თანამდებობაზე. ამოიწურა რესურსი, არავინ მიდის „ოცნებაში“, ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მერობის კანდიდატი არ ეყოლება „გირჩს“, თუმცა აქცენტს არჩევნების პროპორციულ ნაწილზე გააკეთებს. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, რადგან მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო. მისი თქმით, ისინი ასევე არ აპირებენ მოუწოდონ ამომრჩეველს, თუ ვის დაუჭირონ მხარი.

„მე არ ვუყურებ კახა კალაძეს როგორც კორუფციონერს და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ, კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ოპიზიციიდან. ჩვენ მეორე არჩევანს არასოდეს ვუთითებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან განსხვავებული ამომრჩევლები გვყავს, მეორე არჩევანი მათთვის განსხვავებულია, ზოგს ერთი კანდიდატი მოწონს, ზოგს მეორე, ზოგს მესამე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუჭერთ სხვას მხარს, გარდა „გირჩის“ კანდიდატისა. თუმცა, მერობის არჩევნებზე „გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, რადგან ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, ამაზე განცხადებას თავად ელისაშვილი მომავალ კვირას გააკეთებს. ამბობს, რომ კალაძეს აქვს მაღალი შანსები და ოპოზიციიდან არავინ არ არის გამოკვეთილი ვინც შეიძლება გაუწიოს კონკურენცია. „მოქალაქეების“ ლიდერი ამბობს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს.

„ორი თვეა, კახა კალაძეს წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. მართალია, კახა კალაძე გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ ჯერ ჩანს, რომ წლებია, მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა–გრეხვა სელფის ჯოხით.

ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდატს ვერ ვხედავ, ზოგიერთი თითს იწევს, რომ მერობა უნდა, მაგრამ ვერ ვხედავ გამოკვეთილს. საერთო კანდიდატზე საუბარს არ ვაპირებთ, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი ოპოზიცია ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა, ჩვენთვის ყური დაეგდოთ, რადგან სწორ რამეს ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და იყოს აზელილ–დაზელილი ოპოზიცია. ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში დავასახელებთ, თუ ვიქნები, მე ვიქნები, თუ არადა, კანდიდატი არ გვეყოლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.