თინა ხიდაშელი გიგი უგულავას ახალ ბრალდებებს უყენებს

თინა ხიდაშელი გიგი უგულავას ახალ ბრალდებებს უყენებს

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი თბილისის მერიას მიწისძვრით დაზარალებულთა მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, საქმე ეხება 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეთა ნაწილს, რომლებსაც საკუთრებაში დღემდე არ მიუღიათ ხელისუფლებისგან კანონიერად გადაცემული ალტერნატიული ფართები.

მისივე თქმით, ორი კვირის წინ დედაქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქალაქის პრესტიჟულ უბნებში მდებარე ძველ ნაკვეთებსა და სახლებს დათმობენ.

„ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, მე დღეს შევხვდი ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, ვალერიან გვათუას, რომელიც დამპირდა, რომ პარასკევს თბილისის საკრებულოში მოვა და სათითაოდ განიხილავს დაზარალებულთა მოთხოვნებს. ვნახოთ რა გადაწყდება,“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

ბრიფინგს მიწისძვრით დაზარალებულებიც ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაზარალებული 350 ოჯახიდან მერიამ 300-ს როგორც საკუთარი, ისე ალტერნატიული ფართიც დაუკანონა, ხოლო დარჩენილ 50 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელის სანაცვლოდ საკუთარის დათმობას სთხოვს.

ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული და დარჩენილი ოჯახების თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვენ.