საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გერმანულ „გლადბახს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky ავრცელებს.
წყაროს თანახმად, „გლადბახის“ სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ახალი ფეხბურთელების შეძენას, რადგან ფინანსური კრიზისია და მანამდე გუნდის რომელიმე ლიდერი უნდა გაყიდოს.
თუმცა, ებერლის უკვე შეგულებული ჰყავს ორი ნიჭიერი შემტევი და ერთ-ერთი ხვიჩაა. როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, „გლადბახის“ წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონდათ, როგორც კვარაცხელიასთან, ისე ფრანგული „ბრესტის“ 23 წლის შემტევ რომაინ ფაივრთან. ორივე ფეხბურთელი გერმანელთა სამიზნეშია და ისინი მარკუს ტურამის პოტენციურ შემცვლელებად განიხილებიან, რომელსაც არაერთი წამყვანი კლუბი ეპატიჟება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში მის ტრანსფერზე აქტიურად ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვეზე მეტია დარჩენილი და შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.