„თითქოს ევროკავშირი ტრანშს არ მოგვცემს, ამაზე შარლ მიშელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ასეთი მოლოდინი საიდან ჩნდება გაუგებარია“

„თითქოს ევროკავშირი ტრანშს არ მოგვცემს, ამაზე შარლ მიშელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ასეთი მოლოდინი საიდან ჩნდება გაუგებარია“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია და საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მთავარი გზავნილები უკვე გააჟღერა. მიშელი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება მთავარი გარანტია იმისთვის, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.

ხოლო მიშელის საქართველოში ვიზიტამდე „ქართული ოცნება“ პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ერთმანეთის მიყოლებით ევროპიდან და ამერიკიდან მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 19 აპრილს შარლ მიშელის მიერ შეთანხმებული დოკუმენტი შეასრულოს - შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რადგან ეს შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა; გაისმა სიტყვა სანქციებიც, რომელიც არაა გამორიცხული, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დადგეს. „ოცნება“ კი თავს იმართლებს და მმართველ გუნდში მიანიშნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა მოატყუეს.

ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ერთდროულად ხელისუფლების მისამართით რამდენიმე მკაცრი შეფასება გაკეთდა. რისკენ მიუთითებენ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები და არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ქვეყანას ან კონრეტულ პირებს სანქციები დაუწესდეს? რატომ არ იზიარებს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს? რეალურად ვინ ვინ მოატყუა და რას ნიშნავს ხელისუფლების მინიშნებები კონკრეტულ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ამერიკას არაკეთილსინდისიერ ინფორმაციას აწვდიან? როგორ შეფასდა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ გადადგა, ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობებს გადახედავს? რის ფასად შეიძლება ქვეყანას 5 ივლისს განვითარებული მოვლენები დაუჯდეს და ევროკავშირის ორჯერ ჩამოხსნილი დროშა რა სიგნალად შეიძლება დასავლეთმა აღიქვას?

16 ივლისს, ტვიტერის საშუალებით, განცხადება თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“  გამოაქვეყნა: „შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დამტკიცებით, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ ამბიციურ სასამართლო რეფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის“.

რაც შეეხება მიშელის მთავარ გზავნილებს, ის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ არ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ შარლ მიშელი „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას აპირებს. უფრო მეტიც, ისინი მიშელის განცხადებებით და რიტორიკით უკმაყოფილოები არიან და მის გამოსვლას ზედიპლომატიურს უწოდებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან ადეკვატური არაა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩებს უფრო მკაცრი განცხადებები ჰქონდათ, ვიდრე შარლ მიშელს.

„ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული განსაზღვრული წინსვლა ამ მიმართულებით, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საქართველოსადმი. სწრაფი დანიშვნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებისა, სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უმცირესობებისა და, ზოგადად, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა, ასევე, პრესის თავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს შორის ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი, და, ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

„მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს“, - ეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში.

„მქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი შარლ მიშელთან. მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს. განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უკან, მეორედ შემობრუნებამ ხელისუფლებაში მმართველ გუნდში რადიკალური ელემენტების ზომა და წონა გაზარდა. ეს კი შესაძლოა, საარჩევნო დღის წესრიგითაც იყოს განპირობებული, რადგან „ოცნებას“ საკამოდ რთული არჩევნები ელის, მას 43%-ზე მეტი აქვს ასაღები. „ოცნებაში“ კი, რადიკალების ფრთას არ უნდა იმ ადამიანების ხმები დაკარგოს, რომლებიც კონსერვატიული შეხედულებების არიან და მათი რიცხვი ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ამიტომ ის ყველა წესების დარღვევით ამ ბრძოლაში შევიდა. ამ არჩევნებში წაგება „ქართული ოცნებისთვის“ მთელი პარტიის ჩამოშლას ნიშნავს. თუ ის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა, კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ „ოცნება“ როგორ პარტია, უბრალოდ, დაიშალოს. ამიტომაც საარჩევნოდ მხარდამჭერების კონსოლიდირების პროცესში მყოფი მმართველი გუნდი დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდა, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათო გზაა.

„რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში დასავლეთმა საქართველოს იმდენი დახმარება აღმოუჩინა, რომ ამგვარი გზა არის გზა არსაით და ჩიხისკენ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებში საკმაოდ რთული და სახიფათო პერიოდი ელის. როცა პარტნიორები საჯაროდ სანქციებზე საუბარს არ ერიდებიან, ეს ჩვენი ქვეყნსითვის უმძიმესი განაჩენი იქნება. მართალია, საუბარია არა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე, არამედ ხელისუფლების ცალკეულ პირებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.

დასავლეთთან ურთიერთობების საქმეში ერთ-ერთი შემაფერხებელი იქნება მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა. ფაქტია, რომ დასავლეთისთვის მისი შეუსრულებლობა საქართველოსთვის „წითელი ხაზია“. თუ ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება. ამის ნიშნები ჩანს იქედან გამომდინარე, თუ რა განცხადებები კეთდება პარტნიორების მხრიდან და რა ტიპის განცხადებებით პასუხობს მათ პრემიერი ღარიბაშვილი“, - ამბობს კაკაჩია for.ge-სთან.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლება ძალიან ახლოს არის, რომ დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდეს და ამის ნათელი მაგალითია ღარიბაშვილის ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება. ზუსტად არავინ იცის რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ კაკაჩია ეჭვს გამოთქვამს, რომ ამერიკა შესაძლოა, მის გადადგომას ითხოვდეს, რაც შესაძლოა, ერთგვარ ზეწოლად ჩაითვალოს.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარივილი ამბობს, რომ ამერიკელების და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაში განსხვავებები ვერ ნახა. მენაღარიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ არ არსებობს დიპლომატებმა პირდაპირ მუქარით და თითის ქნევით ილაპარაკონ. ევროკავშირი პარტნიორებს ასეთი ტონით არ ესაუბრება, ამიტომაც ოპოზიციას რა მოლოდინი ჰქონდა, მისთვის გაურკვეველია. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადახედვას და ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ჩაშლილ ვიზიტს, მენაღარიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამერიკამ საქართველოზე შესაძლოა უარი თქვას.  ვაშინგტონი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და გეოპოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაზე უარს არასდროს იტყვის.  

„ამერიკელი სენატორების და შარლ მიშელს შორის განცხადებებში განსხვავებას ვერ ვხედავ. ჩვენთან ცოტა ეგზალტირებული პოლიტიკური გარემოა, ამიტომაც ამერიკელების და ევროპელების განცხადებებს ძალიან მძაფრად ვიღებთ. „აქციების და მუქარების შემცველი განცხადება კეთდება და სადაცაა სანქციებს დაგვიწესებენ“, - ესაა ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური გარემოს ბრალი. კი ბატონო, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს სანქციები სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ასე ხელის და თითის ქნევით ამერიკელები, თუნდაც ევროპელები პარტნიორებს არ ესაუბრებიან. რა თქმა უნდა, რჩევები არის, რომ თუ ჩვენთან ერთად ყოფნა გინდათ, შეასრულეთ ის მოთხოვნები, რაც ამისთვის საჭიროა. ეს იყო სრულიად ლოგიკური მოთხოვნა, რადგან პარტნიორებთან თანამშრომლობა თუ გინდა, მათთან რაღაცეები უნდა შეათანხმო. გვინდა ევროპა და ამერიკა? მაშინ მათი სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს როგორც ამერიკელების, ასევე მიშელის განცხადებებში გამოკვეთილი იყო“, - ამბობს მენაღარიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, დაუშვებელია იმაზე საუბარი, თითქოს ევროკავშირი ტრანშს არ მოგვცემს. ამაზე შარლ მიშელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ასეთი მოლოდინი საიდან ჩნდება გაუგებარია. ყოფილი მინისტრის აზრით, ჯობია ცოტა დავფიქრდეთ, ჩავისუნთქოთ და გავიაზროთ რაც გვითხრეს. კი ბატონო, კარგი იქნებოდა მიშელს ეთქვა შეთანხმება თვისობრივად სრულდება და კმაყოფილება გამოეთქვა, ხოლო ეს რომ არ გავიგონეთ, მწვავე შეფასებას ნიშნავს? ამას კიდევ პილპილის მოყრა და გამწვავება აღარ უნდა.

„რაც შეეხება ამერიკის და საქართველოს ურთიერთობას, დაუშვებლად მიმაჩნია, რომ თვისობრივად რამე შეიცვალოს. ამერიკის დეპარტამენტისთვის არა აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ხელისუფლებაში ვინ იქნება. ის არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის პარტნიორი. მათ კარგად იციან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი ევროატლანტიკურ სივრცეში და ევროკავშირში გაერთიანებაა. მეორეც, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ გვსმენია და ვიცით, რომ აქ საქართველოს გარეშე სტაბილურობის შექმნა წარმოუდგენელია.

საქართველოზე უარის თქმა ამერიკისთვის რეგიონზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს. საქართველოს როლი მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სრულიად შეუცვლელია. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. საქართველო სამშვიდობო მისიით მხოლოდ ავღანეთში არ იყო. ამიტომ ახლა აუცილებელია იმაზე დავფქირდეთ, სად შეგვეშალა და როგორ გამოვასწოროთ. აქ საუბარია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეა და არა იმაზე, რომ ვიღაცასთან ანგარიშვალდებულები ვართ და მხოლოდ ამის უნდა გვეშინოდეს“, - ამბობს მენაღარიშვილი for.ge-სთან.

 

 

 

romani საქართველოს გარეშე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლერებაზე საუბარი ფიქციაა, ირაკლი იმეორებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ. საერთოდ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვიყენებთ ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობას, კერძოდ შავ ზღვას, გეოსტრატეგიული გათვლების პროცესში ( თუ ასეთი, ამჟამად, საერთოდ გაგვაჩნია). ძალიან "მელკად" ვთამაშობთ. ამაზე მეტყველებს იმ ძალიან დაბალი დონის ჯგუფში ჩამოლაბორანტება, სადაც ორ არშემდგარ სახელმწიფოებთან მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად სრულიად პოპულისტურ და ხელოვნურ წარმონაქმნში ჩაგვსეს. ზოგადად, შორს ხუტორული უკრაინისგან, ის მხოლოდ ართულებს ჩვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან, მას არ აქვს საკუთარი პოლიტიკა და არც არასდროს ექნება. რაც შეეხება, სანქციებს და ტრანშებს, მათი დაკავშირება იდენტობის და ეროვნული ფასეულობების საკითხებთან არათანაზომადია, წითელი ხაზია. ამაზე თავად საუბარი კი უკვე ზნედაცემულობაა. მაგრამ, გვითრევენ ამ დისკურსში, ხომ ხედავთ, ახერხებენ. გარკვეული დროში მიგვაჩვევენ და ჩვენც ჯერ ცოტას დავთმობთ, შემდეგ მეტს. უწინ დავწერე აქ, ყველაზე ადვილი ზნეობის დათმობა შეიძლება აღმოჩნდეს მეთქი. ჯერ ვეწინაამღდეგებით, მაგრამ, როგორც ერთი დამღიანი ამბობდა - პროცესი დაიწყო.
2 წლის უკან