საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორე მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში, საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასმა 33.5%-ით მოიმატა. დამაიმედებელ პროგნოზს კი ვერავინ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარი საგრძნობლად გამყარდა, ამან მსოფლიო ბაზრის გაძვირების ტენდენცია ვერ გადაფარა.
ამ ერთი წლის განმავლობაში „რეგულარის“ ტიპის ბენზინის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია „პრემიუმის“ ფასიც და ამ ერთ წელიწადში მატება 41.84% იყო. მისი საშუალო ფასი საქართველოში 2,97 ლარია.
ერთ წელიწადში 32.52%-ით გაიზარდა ფასი „სუპერის“ ტიპის ბენინზე და მისმა საშუალო ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. ასევე 37.23%-ით მოიმატა ფასმა დიზელის საწვავზე და მისი საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 2,88 ლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თხევადი გაზის ფასი 4.34%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,35 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ თვეში თხედავი გაზის ფასი შემცირების ტენდენციას ავლენდა და მისმა კლებამ 10.15% შეადგინა.
სიძვირეა საბითუმო ბაზარზეც. როგორც კომპანია „სენტაპეტროლეუმის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა, 1 ლიტრი ბენზინი საბითუმო ღირებულება 2.55 ლარს შეადგენს, ხოლო დიზელისა - 2.30 ლარს.
„საბითუმო ბაზარზე ფასი გაზრდილია. რამდენიმე დღეა, პატარადეფიციტია და ამიტომ, ცოტა არაადეკვატური ფასებია. ბენზინისფასმა 2.55 ლარს მიაღწია, დიზელისა კი - 2.30 ლარს.
საერთაშორისო ბაზარზე ფასებმა სწრაფად აიწია. ლარის გამყარებამ გაძვირების პროცესი გარკვეულწილად შეაჩერა, თორემ უფრო ცუდი ვითარება იქნებოდა. საბოლოო ჯამში, მაინც ფასების ზრდამ გადაწონა. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის კურსის გამყარებიდან მივიღეთ კლება. ვნახოთ, რა იქნება შემდგომში და როგორი ტენდენცია ჩამოყალიბდება“, - განაცხადა იაკობიძემ.
როგორც აღმოჩნდა, იმისთვის რომ ნავთობპროდუქტები გაიაფდეს, მხოლოდ ლარის გამყარება საკმარისი არ არის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სანავთობე ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამო, დღეს საქართველოში საწვავზე ფასების სტაბილურობაზე საუბარი რთული იქნება.
„დღეს მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასთან მიმართებით რთული სიტუაციაა და ცხადია, ეს აისახება საქართველოზეც. შარშან, გაზაფხულზე პანდემიის გავლენით დიდი კლება იყო. ამის შემდეგ, ცხადია, ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნაც და ფასებიც. ბოლო პერიოდში ლარი კი მყარდება, მაგრამ ამის პარალელურად საერთაშორისო ფასი „პლატცზე“ იზრდება. დღეს ერთი ტონა ბენზინის ფასი პლატცის მიხედვით არის 733 დოლარი, ეს არის 80-85-დოლარიანი მატება. ასევე, ანალოგიურ პერიოდში 60 დოლარით არის გაზრდილი დიზელის ღირებულება.
ფაქტობრივად, ლარის გამყარებამ დააბალანსა გაზრდილი საერთაშორისო ფასი, თუმცა ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა. ლარის გამყარება რომ არა, საწავავის ფასი საქართველოში იქნებოდა მკვეთრად მაღალი. გამიჭირდება ზუსტი ნიშნულის დასახელება, მაგრამ 3-ლარიან ზღვარს ნამდვილად გადასცდებოდა. ვსაუბრობ „რეგულარის“ ტიპის საწვავზე.
სიტუაციის სტაბილიზაცია იქნება რთული საერთაშორისო ფასების და ლარის კურსის გათვალისწინებით. მეტიც, რიგ ოპერატორებს შეიძლება მოუწიოთ კიდევ გაძვირება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა გადაცემა „საქმეში“.