საქართველოს მთავრობამ თბილისში სამორინეს მოსაკრებლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი აქამდე სამორინეს სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებელი თბილისში 5 მილიონი ლარი იყო, ახალი წესის მიხედვით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარი გახდა. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი პანდემიისგან დაზარალებული კაზინოების სტიმულირებაა, ოპოზცია კი კორუფციის ნიშნებს ხედავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამორინეებისთვის მოსაკრებლის განახევრების შესახებ გადაწყვეტილება პოსტ ფაქტუმ თავისებურად განმარტა: იგი მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს მუშაობის აღდგენა.
2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობამ კი მოულოდნელად მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან თბილისში მოქმედი ის სამორინეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.
„იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე), 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
ამ გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე. მისი აზრით, იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ სხვა სექტორებში დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე უარი თქვა, მოულოდნელად კაზინოებს სალიცენზიო მოსაკრებლების საფასური გაუნახევრდათ.
„სამინისტროში ამბობენ, რომ თურმე იმიტომ ჩამოაწერეს თბილისში კაზინოებს 5 მილიონი ლარი, რომ პანდემიის დროს დახურულები იყვნენ და ფინანსური სიძნელეები შეექმნათ. ამ სავარაუდო კორუფციულ ქმედებას ახლა ამით „აპრავებენ“, მაგრამ ცნობისთვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ჯამურმა ბრუნვამ 31 მილიარდი ლარი შეადგინა.
ყველას კარგად გვახსოვს პანდემიის გამო დახურული და გაკოტრებული ბიზნესები, გვახსოვს მათი მეპატრონეების სასოწარკვეთილი სახეები და ცრემლიანი თვალები, მაგრამ მაშინ მთავრობამ ამ ხალხს ელემენტარული დახმარება არ გაუწია და ბედის ანაბარა დატოვა.
სინამდვილეში, მთავრობამ კაზინოებს 5 მილიონი ლარი აჩუქა იმისთვის, რომ წინასაა რჩევნოდ მათთან დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ „ქართული ოცნების“ შავი პარტიული ყულაბის დაფინანსება“, - განაცხადა საბა ბუაძემ.