"მანჩესტერ სიტის" რობერტ ლევანდოვსკის შეძენა უნდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენას ცდილობს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ მზად არიან პოლონელის სანაცვლოდ გერმანელებს წინადადება წარუდგინონ.

„სიტი“ აქამდე „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის ყიდვას ცდილობდა, მაგრამ წყაროს თანახმად, ინგლისელზე უარი თქვეს და აქცენტს ლევანდოვსკიზე გააკეთებენ, რომელსაც პეპ გვარდიოლა „ბაიერნში“ ავარჯიშებდა და მისი გუნდისთვის იდეალურ ფორვარდად მიაჩნია.

ჯერჯერობით უცნობია თანხა, რომლის გადახდასაც „სიტი“ აპირებს. მეორეს მხრივ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და მას ეჭვი არ ეპარება, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონსაც „რეკორდმაისტერში“ გაატარებს:

„ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ ასეთი ფეხბურთელით, რომელიც უამრავ გოლს იტანს, ინტერესდებიან, მაგრამ რობერტმა იცის რას წარმოადგენს „ბაიერნისთვის“. მასთან ვისაუბრე, თუმცა, ტრანსფერზე არა“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს და 329 შეხვედრაში 294 გოლი აქვს გატანილი.