საქართველოში ინფიცირების მატებამ ტურისტები უკვე დააფიქრა

საქართველოში ინფიცირების მატებამ ტურისტები უკვე დააფიქრა

ქუჩაში პირბადის ტარებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებისა და კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ, ინფიცირებულთა მაჩვენებელი თითქმის ყოველღიურად 1500-ზე მეტია. ზაფხულის პერიოდში გაცილებით მშვიდი ვითარება იყო შარშან და წელსაც ექიმები სტაბილურ ეპიდვითარებას პროგნოზირებდნენ, თუმცა ახლა, რეალურად, აშკარად სხვაგვარი ვითარებაა. განსაკუთრებით შეიცვალა მდგომარეობა ბოლო 2-3 კვირაში.

ეპიდემიოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ინდური „დელტა“ შტამის გამოა, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტები დააფრთხოს კიდეც. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ მზარდი სტატისტიკის პირობებში დანამდვილებით არსებობს იმის საფრთხე, რომ ტურისტების ნაკადმა მოიკლოს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული ქვეყნებიდან, მაგალითად, დასავლეთ ევროპიდან, სასტუმროებში ნაკლებად არიან ტურისტები. ეს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მწვანე ზონაში არ ვართ, რეალურად არ წარმოვადგენთ უსაფრთო ქვეყანას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. თუკი დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს და მდგომარეობა გაუარესდება, რეალურია იმის საფრთხე, რომ ტურისტების ნაკადი დაიკლებს.

სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდისთვის აქტიური ვაქცინაცია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოფილიყო აცრილი და ამ შემთხვევაში უკვე ადგილობრივები და საერთაშორისო ვიზიტორებიც ბევრად უფრო დაცულ გარემოში იმოგზაურებდნენ“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია უკვე დაბეჯითებით ამბობს, რომ 2023 წლამდე გლობალური ტურიზმი ძველ ნიშნულამდე ვერ აღდგება. საქართველოში უკეთესობა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ სტუმარმასპინძლობის სექტორში სტაბილურობის განცდა არ არის.

2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146.6 ათასი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. წინა წელთან შედარებით ვიზიტორების ეს ნაკადი 287%-ით მეტია. ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიზიტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.

ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე გიორგაძის აზრით, არსებული სიტუაცია ნეგატიურ გავლენას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს. კოვიდ ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი უსერიოზულესი გამოწვევაა.

„მეთორმეტე ვართ დადებითობის მაჩვენებლით და ყველაზე მეტად, ეს გვხევს უკან. მხოლოდ ჩემს ირგვლივ, 20-მდე ჯავშანია უკვე გაუქმებული და ეს იმ ფონზე, როცა ისედაც არ გვყავდა ტურისტები. ბოლო პერიოდის მოვლენები ტურიზმს დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამჟამად ახალი ჯავშნების მიუღებლობა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე არსებულის გაუქმება. დასვენებას სხვა ქვეყანაში ადამიანები რამდენიმე თვით ადრე გეგმავენ. ასე რომ, ის, რაც ახლა ხდება, შემოდგომის ნაკადზე აისახება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ 177 მილიონი დოლარი მიიღო.