„ცესკოს რეკომენდაციები გავუგზავნეთ, რომ კონკრეტული პირები ვინც შეცდომებში იქნენ მხილებულნი, სამომავლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში აღარ იყვნენ დასაქმებულები“

„ცესკოს რეკომენდაციები გავუგზავნეთ, რომ კონკრეტული პირები ვინც შეცდომებში იქნენ მხილებულნი, სამომავლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში აღარ იყვნენ დასაქმებულები“

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას საბოლო დასკვნა პარლამენტის ბიუროსთვის გუშინ უნდა წარედგინა, თუმცა, დასკვნის წარდგენა კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო. ამის შესახებ, კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ for.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო დასკვნა ჯერ ბოლომდე შემუშავებული არ აქვთ. თუმცა, ნახევარზე მეტი მასალა უკვე დამუშავებულია.

გივი მიქანაძე: ფიზიკურად იმდენად დიდი მასალა იყო, რომ მის დამუშავებაზე არ ავჩქარდით. შესაბამისად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რადგან რეგლამენტი კიდევ ერთი თვით გაგრძელების შესაძლებლობას გვაძლევდა, ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და ჩვენს შეთავაზებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

კონკრეტულად რა მასალებზე საუბრობთ, რომლის განხილვაც ამ დროის განმავლობაში ვერ მოასწარით?

- ჩვენ 20 პრობლემური უბანი გადავთვალეთ. მათი მასალები დავამუშავეთ. ამის საფუძველზე შემდეგ გვქონდა 38 პირთან გასაუბრება. პარალელურად, არასამთავრებო სექტორმაც გარკვეული ინფორმაციები მოგვაწოდა, რომელიც ჩვენს მიერ იყო მოთხოვნილი.

ამ ინფორმაციის ნაწილი დამუშავებული გვაქვს, ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე ვმუშაობთ რეკომენდაციებზე, რომელიც ამ დასკვნის შედეგად უნდა წარვადგინოთ და პარლამენტის დადგენილების პროექტზე ვმუშაობთ, რომელშიც უნდა ავსახოთ ხედვები. თუკი პარლამენტი კენჭს უყრის და 76 დეპუტატი მხარს დაუჭერს, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა გაიზიარა ამ დადგენილებში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები და რეკომენდაციები.

ბატონო გივი დასკვნის დადების გახანრძლივების ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა და ახლა ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს?

- ეს ამასთან არაფერ შუაშია. ცესკოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია 21 ივნისს იყო მოწვეული ახსნა-განმარტების მოსაცემად. მას საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. ის 30 ივნისს გადადგა. მისი გადადგომა საგამოძიებო საქმიანობასთან კავშირში არაა. ამ წუთითვის ჩვენ რა მასალებიც გავქვს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ - გასაუბრებებით, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს, რომელიც პანდემიური სტრესის გამო იქნა გამოწვეული. რა თქმა უნდა, იყო რიგ შემთხვევებში გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელთან დაკავშირებითაც რეაგირებები გავაკეთეთ. ამასთან დაკავშირებით ცესკოს რეკომენდაციები გავუგზავნეთ, რომ კონკრეტული პირები ვინც შეცდომებში იქნენ მხილებულნი, სამომავლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში აღარ იყვნენ დასაქმებულები. პასუხიც კი მივიღეთ ცესკოდან, რომ აღნიშნულ პირებს წერილები დაეგზავნათ და ამაზე მათ რეაგირება მოახდინეს.

ახლა უკვე ბოლო ინფორმაციების დამუშავება მიმდინარეობს და ერთ-ორ კვირაში დოკუმენტი უკვე საბოლოო სახეს მიიღებს. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ამას წარვუდგენთ პარლამენტის ბიუროს და ამით საგამოძიებო კომისიის სამუშაო დასრულდება. შემდეგ უკვე ბიურო გადაწყვეტს ამ ნაგარიშის განსახილველად სპეცილურად რიგგარეშე სესიას ჩანიშნავს, თუ საშემოდგომო სესიაზე გადაიტანს.

თქვენი კომისიის მუშაობის პარალელულად მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის არჩევა. თქვენ წარდგენილ კანდიდატებს როგორ შეაფასებდით?

- წარდგენილ კანდიდატებს არ ვიცნობ. მათ ბიოგრაფიებს გავეცანი და საკმაოდ შთამბეჭდავია. მათ გასაუბრებას აუცილებლად დავესწრები და კითხვებს აუცილებლად დავუსვამ. აუცილებლად ექვსივე კანდიდატის მოსმენას დავესწრები. როგორც დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, იმ დარღვევებზე, რომელიც კომისიამ გამოავლინა დავუსვამ კითხვებს. ძალიან საინტერესო იქნება თუ რა პასუხები ექნებათ მათ ამ კითხვებზე.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კომისიის დასკვნის მიღებას პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღეს პარლამენტში არის ის მოცემულობა, რომ ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს ბოლო დღეეში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. როგორ მოხდება ამ დასკვნის მიღება?

- ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის პარლამენტში რისთვის შემოვიდა. ზოგადად, რომ შემოვიდნენ დესტრუქციის გარდა არაფერი უკეთებიათ, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეება თქვენს შეკითხვას, ეს კომისია 17 თებერვალს შეიქმნა, ჩვენ 13 მაისამდე ველოდებოდით ოპოზიციას, რომ „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდნენ. მათ უარი განაცხადეს და პასუხისმგებლობას გაექცნენ. არც ერთ სხდომას არ დასწრებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეგლამენტი ამის უფლებას აძლევდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოპონენტები 7-8 თვის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ, აჯერებდნენ იმას, რაც არ იყო. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამ ოპოზიციურ პარტიას - „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, 3800 უბანზე 11 ათასზე მეტი კომისიის წევრი ჰყავდა. ამ 11 ათასმა ადამიანმა, ყველამ ოქმს ხელი მოაწერა. უფრო მეტიც, თუკი რამეს არ ეთანხმებოდნენ, ოქმზე შეეძლოთ დაეფიქსირებინათ. იცით, ამ 11 ათასი კაციდან განსხვავებული აზრი რამდენმა დააფიქსირა? - პროპორციულ საარჩევნო შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, 8 ოქმზე დააფიქსირეს, ხოლო მაჟორიტარულთან დაკავშირებით - 6 ოქმზე.

თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდე ისევ, ოპოზიციის ნაწილმა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, რომელიც შარლმ მიშელის დოკუმენტის დარღვევაც არის. დოკუმენტში საგამოძიებო კომისიაზე კი არაფერი წერია, მაგრამ პირველივე პუნქტში წერია საპარლამენტო სამუშაოზე. საგამოძიებო კომისია ყველაზე მაღალი დროებითი ორგანოა, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ჩაატაროს სიღრმისეული მოკვლევა. ამის ფონზე მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ იყვნენ ჩართულნი. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობასთან ერთად, საბოლოო დასკვნას „ევროპელი სოციალისტებიც“ მხარს დაუჭერენ, რადგან მათი ფორმულითაც მოხდა ხმების გადათვლა. ასე რომ, თუკი „ევროპელი სოციალისტები“ მხარს დაუჭერენ, 76 დეპუტატის ხმა მოგროვდება.