შს მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

შს მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოუსმენენ, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. შესაძლოა, ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს. ოპოზიციის ერთ ნაწილს აინტერესებს, რატომ არ იყო პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა რუსთაველზე და რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების ძალადობისაგან დაცვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შეკითხვები არ აქვთ და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

მთავარი საკითხი, რაზეც ვახტანგ გომელაურს პასუხის გაცემა მოუწევს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეა. პარლამენტში მისვლამდე შს სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების პირველადი დასკვნა უკვე დადო. მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ლექსო ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.

კერძო ობიექტებისა და 112–ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის მოპედის მძღოლის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ლექსო ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. 15:31 საათზე შედის ერთ–ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს.

ამის შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, სადაც 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ–ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ–ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. გამოძიებას ამ ეტაპზე არ ჰყავს იდენტიფიცრებული პირი, ვისგანაც ოპერატორმა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ლექსო ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას.

პირველი მცდელობისას, ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ სამედიცინო დაწესებულებას (რაც ასახულია შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეო–მასალაში), და ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან (რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში, ისმის ხმა). ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მეგობარს, რასაც ახერხებს და მოჰყავს გონებაზე.

ამის შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში – 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში და უკვე დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, თუმცა სასწრაფოს ოპერატორი უკვე გარდაცვლილი ხვდება.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.

მათ შორის არის დავით კუტალაძე, რომელმაც სასამართლო პროცესსზე აღნიშნა, რომ ის მოძალადე არ არის. როგორც ბრალდებული აცხადებს, მათ დაინახეს ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა საქართველოს ერვონული დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსო საქციელები, ბიბლიას და სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს კი, მისი თქმით, სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და ეს იქნებოდა „ღირსების მარში“.

„ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელებით დავრწმუნდი, მათ სურდათ, რომ ჩვენ გვეძალადა მათზე. მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5–ჯერ მაქვს ვეროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მანძილე, მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება. მე მაშინ მივხვდი, სწორ გზაზე რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გამაცნეს, როგორც მოძალადე. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია. მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი ვარ“, – განაცხადა დავით კუტალაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის პროცესი, რომელიც 5 ივლისს ვიხილეთ, აბსოლუტურად ალოგიკური იყო, მაგრამ ამის ახსნაც, რასაკვირველია, მოსათხოვია. მისი თქმით, ვახტანგ გომელაურთან კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ორგანიზატორების დასაკავებლად ან რამ განაპირობა ეს ყველაფერი.

„ნამდვილად ვერავინ დამაჯერებს, რომ ყველასთვის მოსალოდნელი იყო ის, რაც 5 ივლისს დილით განვითარდა. ის პროცესი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, აბსოლუტურად ალოგიკური იყო, მაგრამ ამაზე ახსნაც, რასაკვირველია, მოსათხოვია. არის მაღალი სტანდარტიც იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ მეტი ვარაუდის, მეტი მოლოდინისა და მეტი პროგნოზირების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. რამდენად და როგორ იმუშავა სახელმწიფო აპარატმა, ამ ყველაფრის პრევენციაზე?

ერთადერთი, პირდაპირ გეტყვით, ვის ინტერესშიც ეს არ შედის, თუნდაც გომელაურის მოსმენა, ეს გახლავთ ოპოზიცია. იქაც ალბათ, ერთადერთი მიზეზი, თუ შემოვლენ და დაესწრებიან ამ მოსმენისას, იქნება გარკვეული დესტრუქციული ელემენტების შემოტანა, გარკვეული ნომრების შესრულება, სცენების დადგმა და ასე შემდეგ. სხვა მიზანი, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, ოპოზიციას სამწუხაროდ, არ აქვს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა ჭეშმარიტება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

5–6 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ენდობა კახა კალაძე, რომლის შეფასებით, ვისაც ბრალი მიუძღვის, აუცილებლად დაისჯება. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალიან რთული იყო ეს.

„სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 100–ზე მეტი პიროვნება დააკავეს სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება. ვენდობი გამოძიებას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას შს მინისტრისგან აინტერესებს კითხვაზე პასუხი – რა მოხდა 5 ივლისს, სად დავუშვით შეცდომა და რატომ ვერ მოხდა ვითარების გაკონტროლება?

„მე ეს კითხვა მექნება, მოვისმენ შს მინისტრის პასუხებს და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ვიქნები ადეკვატური საუბრისას, მაგრამ ფაქტია, რომ ამბავი მაინტერესებს ჯერ. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი უნდა დადგინდეს ზუსტად და ნამდვილად, თუნდაც ვიღაცისთვის არ იყოს მოსაწონი ეს მიზეზი“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

უპარტიო დეპუტატი დავით ბაქრაძე თვლის, რომ შსს–ს ვერსია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის ამორალური, რაზეც მისი თქმით, პასუხის გაცემა მოუწევს ვახტანგ გომელაურს.

„საზოგადოებას აწვდიან ვერსიას, რომლის მიხედვითაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა თვითონ ლექსო ლაშქარავა. მერე რა, რომ ის დაუნდობლად სცემეს, მერე რა, რომ ის სცემეს იმ მოძალადეებმა, ვინც სახელმწიფომ და პრემიერ-მინისტრმა წაახალისა, მერე რა, რომ პოლიცია იქ იყო და არაფერი გააკეთა მის დასაცავად, მერე რა, რომ ამ ადამიანმა უმძიმესი შოკური ტრავმები მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად. თურმე ეს არაფერს ნიშნავს და ახლა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ გარდაცვალებაზე. ეს არის ამორალურობის ფსკერი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.