ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთი გამოწვევის წანაშეა. 5 ივლისიდან მოყოლებული ვითარება საქართველოს დედაქალაქში ძალიან დამუხტულია. ეს კი განსაკუთრებით დიდ პრობლემებს უქმნის ტურიზმს და ისედაც თითქმის განულებულ ინვესტიციებს. თუკი ვითარება დროულად არ ჩაწყნარდა, პოზიტიური მოლოდინი სწრაფადვე შეიცვლება ნეგატიური პერსპექტვით.
ეკონომიკური „ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“ რამაზ გერლიანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი აზრით, პოტენციური ინვესტორები ამჯობინებენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას და იყვნენ დაკვირვების რეჟიმში, ხოლო უცხოელები კიდევ უფრო დაფრთხებიან. ასეთ ვითარებაში, დიდია იმის ალბათობაც, რომ ქვეყნების შესაბამისმა სტრუქტურებმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავება ურჩიონ.
„მიმდინარე პროცესები, რასაკვირველია, ნეგატიურად აისახება როგორც უცხოელ ინვესტორებზე, ისე ადგილობრივზეც. მიუხედავად იმისა, რომ გათვითცნობიერებული აქვთ ყველაფერი, მათ ეკონომიკურ აქტივობაზე მაინც უარყოფითად იმოქმედებს. ასეთ დროს, როგორც წესი, ბიზნესი და პოტენციური ინვესტორები ამჯობინებენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას და იყვნენ დაკვირვების რეჟიმში.
საუბარია, ჟურნალისტებზე, რომლებიც ყველაზე ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ ქვეყანაში. რაც ახლა ხდება, უკვე ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე. შორიდან კიდევ უფრო ცუდად ჩანს პროცესები.
რაც შეეხება ტურისტებს, რა თქმა უნდა, მათ შემოსვლაზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როდესაც ასეთ ტიპის დამოკიდებულებაა, რიგ შემთხვევაში გარეგნობის მიხედვით ხდება ადამიანის განსჯა, ლოგიკურია, რომ ამ მიმართულებით ტურისტები დაფიქრდებიან.
დღეს, ინფორმაციულ სამყაროში, როდესაც ყველაფერი სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, ისინიც ინფორმირებული იქნებიან და შესაძლოა, ოფიციალურმა სტრუქტურებმაც კი მისცენ რეკომენდაცია, რომ ამ კონკრეტულ მომენტში თავი შეიკავონ ქვეყანაში ვიზიტისგან“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გერლიანმა.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც გარკვეულწილად წახალისებულია მმართველი პარტიის მიერ, ნეგატიური ასახვა ექნება ეკონომიკაზე.
„ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცუდია. ეკონომიკური კუთხით რომ შევაფასოთ, ვხედავთ ისედაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ტურიზმის სექტორი რა დღეშია. გასული კვირის განმავლობაში კი რამდენმა ადამიანმა გააუქმა ჯავშანი და აღარ ჩამოვიდა, ესეც ხომ ფაქტია და იმის შემდეგ კიდევ ადამიანი გარდაიცვალა. ინვესტიციები, რომელიც ისედაც განულებულია, აღარ შემოვა“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ინვესტიციებისა და ტურისტული სექტორის შემცირება რომ გარდაუვალია, ადასტურებს პროფესორი პაატა აროშიძეც. მისი აზრით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, გამიზნული ქმედებაა.
„ყველას გვახსოვს 2019 წლის ივნისის მოვლენები, მაშინ საბოლოო შედეგი ეკონომიკის დამუხრუჭება იყო. მაშინაც და დღესაც გამიზნულად მოხდა ყველაფერი. წელს, პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყანა ელოდა დიდ ტურისტულ ნაკადს და არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ შემთხვევითია ახლა დესტაბილიზაცია. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს და არა მხოლოდ მათ, ბიზნესმენების მთავარი მახასიათებელია სიფრთხილე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი არ ჩადებენ ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც სტაბილურობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.