ბლეფი

ბლეფი

ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ და ხალხმა მტრად რომ არ შერაცხოს, ნაციონალები საკონსტიტუიციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს მათი კომპრომისი გარეგნულად შეამსუბუქოს და უმცირესობას ამ პროცესში თანამონაწილეობას სთავაზობს, თუმცა ისინი საკუთარი ძალის დემონსტრირებას მაინც ცდილობენ და სარეიტინგო კენჭისყრას ითხოვენ, თანაც ისეთ პოზიციას იკავებენ, თითქოს, სამადლოდ გაიღეს მოწყალება და საკონსტიტიციო ცვლილებაზე მხარდაჭერა მხოლოდ მათი კეთილი ნების გამოხატულება იყო. სავარაუდოდ, ამ პროცესს ისიც წაეხმარა, რომ ვაშინგტონიდან დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლური მხარდაჭერაც ჩამოიყოლა, რაკი ასე თავდაჯერებულად დააყენა საკითხი კენჭისყრაზე.

ძნელი სათქმელია, უფრო მეტად რა მიზეზის გამო, მაგრამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობის კულუარებში დიდი ვნებათაღელვა იყო ატეხილი, თუმცა ზოგადად, თემა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ყველას გვახსოვს კმაყოფილი კოტე კუბლაშვილი, რომელიც ხელისუფლების აქტიურ კრიტიკასაც კი შეეშვა და რამდენიმე დღე მხოლოდ იმას ამტკიცებდა დაბეჯითებით, რეჟიმის მსხვერპლი არ ვარო.

კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს პოზიციასაც დაეთანხმა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის მაინც ცდილობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2/3-ის შენარჩუნებას. ასეა თუ ისე, ძმები კუბლაშვილები ბოლო დროს ისე რადიკალურები აღარ არიან, მათ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ერთი ნაწილიც, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონირება და თანამშრომლობა უფრო სასარგებლოა მათი პოლიტიკური მომავლისთვის, ვიდრე რადიკალიზმი.

როგორც ჩანს, ერთმანეთის კულუარებიდან გამოსული ხმებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ოპონენტებისათვის და ამ ხმებს დიდ ყურადღებასაც აქცევენ, სხვაგვარად შეუძლებელია ახსნა სააკაშვილის ამ ნაბიჯისა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პოლიტიკაში ყველაზე ახალბედა ივანიშვილიც საკმაოდ კარგად გაერკვა კულუარულ ლაბირინთებში და უმრავლესობისგან დამოუკიდებლად მიიღო დაახლოებით 110 საკონსტიტუციო ხმის გარანტია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ამბავმა დააფრთხო სააკშვილი, რომელმაც გუნდის ერთიანობის იმიჯის შესანარჩუნებლად საკონსტიტუიციო ხმების დანაკლისის შევსება აღუთქვა უმრავლესობას.

სარეიტინგო კენჭისყრაც, რომელსაც, თითქოს, ნაციონალები ლაკმუსად იყენებენ, იმის გასარკვევად, რეალურად არსებობს თუ არა საკონსტიტუიციო უმრავლესობა, ნაციონალების მხრიდან რეალობის დასაფარადაა შემოგდებული.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რეალური მოტივაცია ნაციონალების ხმების თამაშისა აბსოლუტურად სხვა რამ არის.

„ინფორმირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვიგებთ, რომ თურმე მათთვის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას შიდა პარტიული დისციპლინის საკითხი. ცვლილებები, რომელსაც სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობა, მდგომარეობს მცდელობაში, რომ კოაბიტაციის პროცესი ქვეყანაში იყოს შეუქცევადი და დიქტატორუილი თემები დღის წესრიგიდან იქნას ამოღებული.

თუ ამ აზრს იზიარებენ, მაშინ ნებისმიერი თამაში ხმების რაოდენობით არის მიუღებელი, მაგრამ როგორც ჩანს, მოტივაცია არის ერთი და გაჟღერებულია სხვა“, - ამბობს ცისკარიშვილი.

რეალური მოტივაცია რა შეიძლება იყოს და რისი გადაფარვა სურს ნაცმოძრაობას, ეს ცალსახაა, მას არ სურს საზოგადოებამ რეალურად იხილოს რა ხდება საპარლამენტო უმცირესობაში.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რეალური მოტივაცია ის არის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ორცეცხლს შუაა და არ იცის რა ქნას.

„არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს და იქნება ლუსტრირებული მთელი მსოფლიოს წინაშე, როგორც დიქტატორული ძალა, რაც ევროპას გააკვირვებს, თორემ ეს საქართველოში არავის უკვირს. თუ დაუჭერს მხარს, მაშინ შეიძლება იყოს შიდა პარტიული პრობლემების მომასწავებელი, რადგან ერთიანი ხედვა ცხადია, არ ჩანს ამ თემაზე და ვერ იტოვებს იმ ბერკეტს პრეზიდენტი, რომლის იმედიც ჰქონდათ ნაციონალური პარტიის არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ ბევრ მათ აპოლოგეტსაც, რომლებმაც რაღაც ღვთიური ნიშანი იგრძნეს 19 აპრილის მოახლოებასთან ერთად და აქვთ მოლოდინი, რომ დღევანდელი მთავრობა და შემდგომ პარლამენტიც იქნება დათხოვნილი; რომ საქართველო მუხლებზე დაჩოქილი უნდა ლოცულობდეს ვანო მერაბიშვილის დასაბრუნებლად ხელისუფლებაში“, -აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ ნაციონალების შეთავაზებაში, „ძალიან დიდი ფილოსოფიაა“ ჩადებული.

„ორივე მხრიდან იყო პოლიტიკური თამაში, რომელიც ძალიან მაგონებს კინოფილმ ბლეფს, როდესაც ერთმანეთს ეთამაშებიან ვირტუალურ საკითხზე. უმრავლესობა აცხადებდა, რომ მათ ისედაც ჰქონდათ საკმარისი ხმები ამ ცვლილებების მისაღებად, ნაცმოძრაობა ეჭვებში ჩავარდა, ვინმესთან ფარული მოლაპარაკებები ხომ არ წარმოებდა, მათი რიგებიდან“,- აცხადებს კახიშვილი.

მისივე შეფასებით, ნაციონალებისთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო პოზიცია არსებობს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ეს ჩანაწერი არადემოკრატიულია, მეორეა მოსახლეობის მოთხოვნა და მესამე - შიში.

„წარმოიდგინეთ „ქართულ ოცნებას“ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რომ გაეტანა ეს ცვლილებები კენჭისყრაზე და აღმოჩენილიყო, რომ ნაცმოძრაობის ფრაქციიდან ვიღაცამ მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ეს ცვლილება გავიდა იმ პირობებში, როდესაც ნაცმოძრაობა კატეგორიულ უარს აცხადებდა მის მხარდაჭერაზე, შეიქმნებოდა ილუზია, რომ ნაცმოძრაობის ფრაქცია დაიშალა. მოხდებოდა ის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ფრაქციაში მუშაობას ვერ გააგრძელებდნენ, ისინი გამოვიდოდნენ ფრაქციიდან, შექმნიდნენ ახალ ფრაქციას და ფაქტობრივად, წერტილი დაესმებოდა ყველა სხვა დანარჩენ საკითხებსაც. გარდა ამისა, პირდაპირ გამოჩნდებოდა, რომ ნაცმოძრაობა დაიშალა და შიგნით უთანხმოებაა. ამიტომ ცდილობენ ისეთი პოზიცია დააფიქსირონ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ვა-ბანკზე აღარ მიდიან, ვაითუ, მართლა იყოს ვინმესთან მოლაპარაკება“,- აცხადებს კახიშვილი.

ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ნაციონალების უძლეველობის მითი თავის დროზე სწორედ მათმა ერთიანობამ, საზოგადოებაში შექმნილმა მონოლითურობის განცდამ შექმნა, ეს ერთიანობა არჩევნებში დამარცხებამაც კი ვერ შეარყია, თუმცა დღეს ისინი რელურად აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე, რომ რღვევის პროცესი ყველასათვის თვალსაჩინო შეიძლებოდა გამხდარიყო.

როგორც კახა კახიშვილი თვლის, ამიტომაც აცხადებენ, რომ არ არის არანაირი პრობლემა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით და ამის გარდა, გუნდი ერთიანია.

„თუმცა აქვე ადასტურებენ, სარეიტინგიო კენჭისყრაზე გვაჩვენეთ, რამდენი ხმა გაქვთ და დაგიმატებთ რაც დაგაკლდებათო. თითქოსდა ჟესტია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რომ ყოველდღიურად ძალის დემონსტრირება მოახდინონ“,- ამბობს კახიშვილი.

თუ ნაციონალები აღმოაჩენენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრით საკმარისი ხმები გროვდება, ეს უმცირესობის მარცხს დროზე ადრე გამოავლენს, თუმცა კახიშვილი თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეალურ კენჭისყრაზე დაუჭერდნენ მხარს ამ ცვლილებას, სარეიტინგო კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებნენ, რადგან ზედმეტად არ გარისკონ და დემონსტრირება არ მოახდინონ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

მოკლედ, საზოგადოების თვალში ნაციონალების ამბიცია დაკმაყოფილებული იქნება, თუმცა საინტერესოა, რა ხდება რეალურად და მართლა მოხდა თუ არა გადაჯგუფება ნაციონალთა რიგებში.

ნაციონალთა რიგებში სხვადასხვა ფრთების არსებობა არავისთვის სიახლეს არ წარმოდგენს და სააკაშვილი საკუთარ ძალაუფლებას სწორედ მათი ურთიერთბალანსის საუფძველზე იმყარებდა, თუმცა სხვა რეალობაში უკვე განსხვავებული დინებები წარმოიქმნა და ეს დინებები ძირითადად პარლამენტშია თავმოყრილი.

ერთ-ერთი ნაციონალური დინება მეტი რადიკალიზმითა და აგრესიულობით „ქართულ ოცნებასთან“ არსებითი შეუთავსებლობა-შეუთვისებლობით გამოირჩევა, ისინი დღეს სააკაშვილის ძირითად დასაყრდენად მოიაზრებიან, რომლებსაც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.

რადიკალთა რიგებს ნელ-ნელა აკლდებიან ის დეპუტატები, რომლებსაც მათი დროშის ქვეშ ბრძოლა სულაც არ სურთ და როგორც ჩანს, მთავარი მიზანიც პარლამენტში მოხვედრა იყო. მეორე ნაწილი მშობლიური პარტიის რიგებს ღიად არ ტოვებს, თუმცა როგორც ითქვა, ასეთ პერსპექტივას სამომავლოდ სულაც არ გამორიცხავენ.

სოსო ცისკარიშვილი: „რაც უფრო მცირდება რაოდენობა ნაციონალური „ოცნების“ წევრების, მით უფრო რადიკალური ხდება მათი განწყობა და სადღაც ექსტაზის დონეზე ადის მოლოდინი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს ეს ძალა ხელისუფლებაში. რასაკვირველია, უსაფუძვლოა ასეთი მოლოდინი, მაგრამ ვერ წაართმევ ადამიანებს ოცნების უფლებას, რაც არ უნდა არაბუნებრივი და შეუსრულებელი იყოს იგი.

როდესაც საუბარია ექვსი ხმის დამატებაზე, ეს ფაქტობრივად ორი კურდღლის მადევარი ძალისთვის იქნება ვერც ერთის დაჭერის რეალური ალბათობა. ვგულისხმობ ორ კურდღელს შორის ერთს, იმას, რომ ევროპას თავი მოაჩვენო დემოკრატად და მეორე, 46-დან ექვს ხმაზე მეტს ვერ იმეტებ იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს ამ დემოკრატიულ ცვლილებას.

დარწმუნებული ვარ, თუ ისე განვითარდა სცენარი, როგორც ეს სურთ ნაციონალებს, იქნება მათი უმაღლესი ლიდერების ხმა, რომ ინდივიდუალურად დაარწმუნონ საკუთარ სანდოობაში დემოკრატიული ევროპა, რომელიც მათთვის შემოიფარგლება „ევროპის სახალხო პარტიის“ ზოგიერთი წევრით.

თუ გავითვალისწინებთ სრულიად დამაჯერებელ და არგუმენტირებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარისა, რომელიც გაჟღერდა ბიუროს სხდომაზე 20 მარტს, რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ არა 100, არამედ 147 ხმით იყოს მიღებული ეს ცვლილება. ეს იქნება დასტური იმისა, რომ რეალური შინაარსი აქვს იმ რეზოლუციასაც რომელიც ერთობლივად იქნა მიღებული უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან საგარეო ვექტორთან დაკავშირებით და ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ ქვეყანა მთლიანად არის ორიენტირებული დემოკრატიული განვითარების პერსპექტივისთვის და არა შიდაპარტიული ოცნებების ასრულებისთვის.

დღეს არსებობს საფრთხე იმისა, რომ დაახლოებით 15-20-მა პარლამენტარმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისცეს ხმა ამ ცვლილებებს და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს პრინციპით შეიძლება იყოს მოქმედება. თუმცა, საშიშროებაც არსებობს, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს.

თავისთავად არაშეთანხმებული ქმედება ამ ნაწილისა დეპუტატების, საკუთარ პარტიულ ბოსებთან, მიანიშნებს რღვევაზე „ნაციონალური მოძრაობის“, ეს არის დღეს საფრთხე სააკაშვილისთვის და არა ის, რომ დარჩეს მას უფლება დილა-საღამოს მთავრობის დათხოვნისა.

გუნდის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ორ პარტიას შორის ბრძოლის, არამედ სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისითაც და მიიღება თუ არა ეს ცვლილება, მაინც სხვაგვარი იქნება ვითარება ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, როგორი შედეგი დადგება - დამშვიდდება სიტუაცია და იქნება პოზიტიური განვითარების პერსპექტივა, თუ მოხდება სერიოზული უთანხმოება და სამართლიანობის აღდგენის ისეთი ფორმის მოწმენი გავხდებით, რომელიც ნამდვილად არ გაზრდის ქვეყნის პრესტიჟს მის შიგნით და გარეთ“.

მოსაზრება, რომ ნაციონალები შესაძლოა ორ ნაწილად გაიყონ, რადიკალ და კონსტრუქციულ ნაციონალებად, რომელთაგანაც მხოლოდ რადიკალებს ექნებათ ვანო მერაბიშვილის გუნდში მოხვედრის ბედნიერება, თითქოს, რეალურია, თუმცა სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი ამას არ დაუშვებს.

„ნებისმიერი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული ნაცმოძრაობის ლიდერებისგან, რომ მართალია, თავისებურებებით გამორჩეული, მაგრამ მაინც დარჩეს ერთიანი გუნდის ორ მხარედ და არავითარ შემთხვევაში - განდგომილები „ნაციონალური მოძრაობისგან“. აი, სად იქნება ზეწოლა და ხელის გადაგრეხა მერე მოიკითხონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მოუწევთ განშორება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. შესაძლოა, რეალური სურვილი ჰქონდეს ნაციონალების ერთ ნაწილს, მაგრამ მისი აღსრულება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან შეიძლება პოლიტიკური შეცდომები მოსდიოდეთ მათ წევრებს, მაგრამ უჭკუონი ნამდვილად არ არიან და საკმაოდ პრაგმატულები არიან, როგორც მოქალაქეები. ესეც ერთი ოცნებაა - ოღონდ მეორე მხარის“, - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

თუმცა კულუარებში განხეთქილებაზე ლაპარაკი აქტუალურია და გვარებიც სახელდება ვინ რჩება რადიკალურ ოპოზიციად, რომელიც დღეს სააკაშვილს უერთგულებს და მერაბიშვილის ძირითადი დასაყრდები გახდება სამომავლოდ. მეორე ნაწილი ნაციონალებისა კი დარჩება იმ კონსტრუქციულ ოპოზიციად, რომელიც ხელისუფლებასთან ჯანსაღი ოპონირებისა და თანამშრომლობის რეჟიმში გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას.

კახა კახიშვილი: „გადავხედოთ ნაცმოძრაობაში შემავალი წევრების გვარებს, ძალიან ბევრი იდეოლოგიით ნაციონალი არ არის, ზოგი სხვა გუნდიდან გადავიდა, რადგან პოლიტიკაში სურდა დარჩენა და სხვა გზა აღარ ჰქონდა. ესენი გამოცდილი ადამიანები არიან და ხვდებიან, რომ სააკაშვილს არ უნდა ჩაყვნენ პოლიტიკურ არააქტუალობაში.

ვიცით, რომ სააკაშვილი წასული პოლიტიკოსია და რა უნდა მოიგონ მის გვერდით ყოფნით ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ გაილანძღონ საზოგადოებისგან. ამიტომაც სჭირდებათ კონტაქტების გამყარება „ქართულ ოცნებასთან“ , რომ გაიხანგრძლივონ პოლიტიკაში, ან რომელიმე თანამდებობებზე საკუთარი მომავალი.

არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან დეპუტატები და იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ მიშა სააკაშვილმა მისცა მათ ასპარეზი, თავიდან ბოლომდე სააკშვილის შექმნილები არიან როგორც პოლიტიკოსები და ნაწილობრივ იზიარებენ კიდეც სააკაშვილის პოზიციებს. ეს ფუნდამენტალი ნაციონალები, რა თქმა უნდა, იდგებიან სააკაშვილის გვერდით. არ მინდა გვარების ჩამოთვლა, მაგრამ თუ გადავხედავთ შს მინისტრის პარლამენტში სტუმრობისას ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ აქტიურობდა და ვინ არა, ამის მიხედვითაც მარტივი დასადგენია, ვინ რომელ მხარეს რჩება.

იყო ხალხი, რომლებიც შევარდნაძესთანაც კარგად გრძნობდა თავს, ჟვანიასთანაც, სააკაშვილთანაც და ახლა არ არის გამორიცხული, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ივანიშვილის გუნდთანაც. ეს ის ხალხია, რომლებიც მაინც და მაინც იდეოლოგიას არ მიჰყვებოდნენ, კომფორმიზმის გამო ეძლეოდათ ასპარეზი და ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს მიშას ხელისუფლების პირობებშიც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძალიანაც ბევრი რამ არ მოსწონდათ.

ახლა, როცა იციან, რომ მიშა ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურად აქტიური ვერ იქნება, ისე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის კუთხით რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, შეეცდებიან გამონახონ შუალედი. შესაძლოა, ოქტომბრამდე პირდაპირ არ ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ უკვე დაიკავონ კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა, რომელსაც, თითქოსდა, ესმის სახელმწიფოებრივი საჭიროებები და აქედან გამომდინარე, მზად იქნებიან, საკუთარი ხმა მისცენ იმ კანონპრიოექტებს, რომლის მიღებასაც საჭიროდ ჩათვლის „ქართული ოცნება“ და ამას გააკეთებენ სახელმწიფოებრივი აზროვნების ეგიდით“.

კახიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ კონსტრუქციულები საკუთარ პოზიციას სარეიტინგო კენჭისყრაზე იმიტომ არ დააფიქსირებენ, რომ „დროზე ადრე არ გაიფუჭონ მიშასთან ურთიერთობა, არც მწვადი დაწვან ჯერჯერობით, არც შამფური, მაგრამ თუ მოითხოვს აუცილებლობა და ოცნებიდანაც წამოვა წინადადებები, რომ ცალკე ფრაქცია შექმნან, ამას სიხარულით დათანხმდებიან“.

და მაინც ვინ არიან ისინი, ვის ერთგულებაშიც სააკაშვილს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს და მთავარ დამრტყმელ ძალად მოიაზრებს, მათი რიცხვი არც ისე მცირეა, ამ ეტაპზე ასეთებად მაჭავარიანი, ჯაფარიძე, თაქთაქიშვილი, წიკლაური, დარჩიაშვილი, გაბაშვილი, მინაშვილი, კედელაშვილი, საჯაია, ნადირაშვილი, ბოკუჩავა და ა.შ. სახელდებიან.

დაუშვებს ამას მიშა თუ არა, წერეთელი, კუბლაშვილი შეეცდებიან საკუთარი გამოცდილების გაზიარების ეგიდით ითანამშრომლონ მმართველ ძალასთან. ყოველ შემთხვევში, გარკვეულ წრეებში ასეთი მოლოდინი არსებობს. საბოლოოდ კი ნაციონალებს სულაც ოცკაციან ფრაქციად დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ ვარაუდობენ.

და ბოლოს, გინდ მოითხოვონ სარეიტინგო კენჭისყრა, გინდ თქვან, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ამიტომ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან სულაც საღ აზრზე დადგნენ, ფაქტია, რომ უმცირესობა დათმობაზე წავიდა, სანაცვლოდ კი ის გარანტიები არ მიუღიათ, რისთვისაც იბრძოდნენ - სხვა, მონოლითური ერთიანობის რღვევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ - ეს რეალური პოლიტიკაა, რასაც ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც ნელ-ნელა ერთად სწავლობს.