ტურისტული ჯავშნები უქმდება ოღონდ მხოლოდ ევროპიდან

ტურისტული ჯავშნები უქმდება ოღონდ მხოლოდ ევროპიდან

ტურისტული სეზონის წინ ჯავშნები უქმდება და ამის მიზეზი ერთი ჯგუფის მოწყობილი პროვოკაციები და მეორე ჯგუფის მიერ ძალის დემოსტრირება გახდა. რა თქმა უნდა, შფოთავენ ევროპელი ვიზიტორები. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს კი, რომლებზედაც საგარეო ტურიზმის ლომის წილი მოდის, ასეთი შეხლა-შემოხლით ვერც გააკვირვებ და ვერც დააფრთხობ.

ტურიზმის სფეროს ექსპერტი მანანა ალადაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანმა მომენტმა შეიძლება ითამაშოს დიდი როლი და დააფიქროს ტურისტები, ვიდრე პანდემიაა. ასეთი რამდენიმე დღის წინ თბილისში პოლონელი სტუმრის დაჭრის ფაქტია.

„ბევრმა ტურისტმა გააუქმა ჯავშანი, ერთი პოლონელი ტურისტის დაჭრის გამო. ეს ძალიან ცუდ მომენტად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტებს კრიმინალური ვითარება უფრო აფრთხობთ, ვიდრე მაგალითად, პირბადის ტარების წესი და სხვა მარტივი რეგულაციები. ყველა შეეჩვია ვირუსთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ ფიზიკური უსაფრთხოება ძალიან საყურაღებო საკითხია“, - განაცხადა მედიაში მანანა ალადაშვილმა და დასძინა, რომ 2023 წლამდე ტურიზმის ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.

უცხოელ ვიზიტორთა შეშფოთება მართლაც შეინიშნება. მართალია, მას არ აქვს საყოველთაო ხასიათი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯავშნები უქმდება. მაგალითად, ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, რომელმაც 11 მაისს ნომერი დაჯავშნა, მოკლე წერილი გამოუგზავნა „გარდენია შევარდნაძეს“ და ამცნო, რომ ჩამოსვლას აღარ აპირებს. მათ მიერ ჯავშნის გაუქმების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, თბილისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები გახდა.

„გაწბილებული ვარ. არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ. „პლეხანოვზე“, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.

გაგანია პანდემიისას, ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა, მაშინაც კი გაქირავებული იყო. ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე. წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ. გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.

ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან, რომელმაც 11 მაისს დაგვიკვეთა ოთახი, მოკლე წერილი გამოგვიგზავნა, სამი ბოდიშით:

„ქეთევან, საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით. კადრები, რომელიც ვნახეთ, გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში“.

დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი“, - წერს „გარდენია შევარდნაძე“.

საქართველოში აღარ ჩამოდის ერთ-ერთი შვედური ტურისტული კომპანიის ჯგუფი, ამის მიზეზიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებია. ინფორმაციას ტურების ორგანიზატორი და Kartwell-ის დამფუძნებელ მინდია ბაჟუნაიშვილი ავრცელებს და ტურის გაუქმების წერილსაც აქვეყნებს.

„10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ.

გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი.

მთავარი მიზეზი იცით რა არის? „ჩვენ ჯგუფს შეიძლება პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო“.

მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარალდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა.

მესამე წელია უაზრო ქმედებებით ქვეყანა ჩავაქვესკნელეთ აქტიური სეზონის წინ. არ გაჩერდეთ, ჯერ სული გვიდგას მაინც და ეგეც ამოვართვათ ხალხს“, - დაწერა მინდია ბაჟუნაიშვილმა.

ილია გადავხედე ტურიზმის სტატისტიკას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირიდან ტურისტების რიცხვი სულ 5%-ის ფარგლებშია. რუსეთი+უკრაინა+აზერბაიჯანი+თურქეთი+სომხეთი შეადგენს ძირითად ბირთვს - 70-80%.
3 წლის უკან
sapiqrali სამწუხაროა პოლონელი ტურისტის დაჭრა. მადლობა უფალს, რომ გადარჩა. 24 წლის ქართველი ბიჭი რომ მოკლეს პოლონეთში სულ ახლახანს. ესეც შენი მშვიდი ევროპა. ჩვენი უკვირთ.
3 წლის უკან