მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის

მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის

ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები რიტეილერებთან ურთიერთობის პროცესში სირთულეებს აწყდებიან. ამ მხრივ პრეცედენტული საქმეა 10 ქართული კომპანიის მიერ „კარფურის“ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო. ისინი საერთაშორისო ბრენდს უკანონოდ თანხების ჩამოჭრას და ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავებიან.

სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კერძო სექტორის, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბიზნესი არ ვართ ზედმეტი რეგულაციის მომხრე, პირიქით, რაც ნაკლები იქნება ეს უკეთესია, მაგრამ ამ სფეროში მივედით იმ ზღვრამდე, რომ სხვა გზა არ რჩება. მრავალი წლის განმავლობაში დაურეგულირებლად ამ სფეროს დატოვებამ მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა. მოიტანა ის, რომ რიტეილ-სექტორის წარმომადგენლებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მწარმოებლებს და მიმწოდებლებს, დისტრიბუტორებს შეუქმნან ისეთი კაბალური პირობები, რომ მათ აყენებენ გაკოტრების და დახურვის ზღვარზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

მთავრობის მხრიდან ვისმენთ, რომ საქართველოს სჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება და ამ ფონზე, რასაც საცალო სავაჭრო ქსელების აკეთებენ, არის გეგმის საწინააღმდეგო. ის, რაც ხდება რიტეილ-სექტორში უნდა დარეგულირდეს და მოექცეს საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩოში, რომ ორივე მხარემ იცოდეს, რა ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებენ. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ეს მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა.

ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ერთ-ერთი მოთხოვნაა ქსელში შესვლის გადასახადის გაუქმება, ხოლო მეორე - მიღება-ჩაბარებისა და დადასტურებული ანგარიშფაქტურების გარეშე თანხის ჩამოჭრის მიუღებელი პრაქტიკა.

როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, განსაკუთრებით „კარფური“ თანხებს დროულად არ აბრუნებს.

„კუთვნილ თანხებს დროულად არ გვირიცხავენ. შემდეგ გვიხსნიან, რომ გარკვეული გადასახადია გადასახდელი, რის ანგარიშფაქტურასაც აგზავნიან. ამ კომუნიკაციას შეიძლება, თვეები დასჭირდეს, რაც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. წარმოიდგინეთ, როდესაც კომპანიას საბრუნავი კაპიტალი არ აქვს, შემოსავალს სწორედ ჰიპერმარკეტში შეტანილი პროდუქციისგან ელოდება და ამ თანხას დროულად ვერ იღებს, ეს უდიდესი პრობლემაა. რაღაც კუთხით კანონით უნდა დარეგულირდეს, რომ არავის ჰქონდეს უფლება, მიღება-ჩაბარების აქტისა და დადასტურების ანგარიშფაქტურის გარეშე მოხდეს თანხების ჩამოჭრა.

ეს ძალაუფლება სავაჭრო ქსელების მხარეს რომაა, ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებით მავნედ ამას „კარფური“ იყენებს. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც კომპანიებისთვის პროდუქტზე იძულებით ფასების მატებას იწვევს, რაც, საბოლოოდ, მომხმარებელზე მოქმედებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის არსებობის რეკომენდაცია არის გაცემული კონკურენციის სააგენტოს მხრიდანაც. სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე მზადყოფნას გამოთქვამს, როგორც სხვა ქვეყნებშია, კანონის აღსრულება საკუთარ თავზე კონკურენციის სააგენტომ აიღოს.

„ამ პრობლემას ვერ ფარავს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა. კერძოდ, საქართველოში ამ პერიოდში არ ფიქსირდება დომინანტური ეკონომიკური აგენტი.

რიტეილის ქსელი მთლიან გაყიდვებში არის დაახლოებით საქართველოს მასშტაბით 36% და თბილისის მასშტაბით - 41%, რაც გამორიცხავს რომელიმე მათგანის დომინანტურ მდგომარეობას. ამიტომ პრობლემა ვერ დარეგულირდება მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობით და გავეცით რეკომენდაცია, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, სადაც არის კანონმდებლობაში შექმნილი მცირე მოთამაშეების დაცულობის თვალსაზრისით მექანიზმი ისეთი ძალაუფლების მქონე აგენტებისგან, ვისთანაც მათ აქვთ გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები.

ძალიან ბევრ ქვეყანაში აღმასრულებელი აღნიშნული კანონმდებლობის არის იმ ქვეყანაში მოქმედი კონკურენციის სააგენტო. თუ დაგვევალება აღნიშნული საკითხის აღსრულება, ბუნებრივია, გამოვთქვამთ მზაობას შექმნის პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და თუ დაგვეკისრება აღვასრულოთ კიდეც“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ კანონმდებლბის მხრივ გარკვეული მონახაზი იყო შექმნილი წინა მოწვევის პარლამენტში და საკითხზე მუშაობა მიდის ახლაც.