ტიკარაძემ გადაწყვიტა ფარმაცევტულ კომპანიებს აღარაფერი დაუთმოს

ტიკარაძემ გადაწყვიტა ფარმაცევტულ კომპანიებს აღარაფერი დაუთმოს

ფარმაცევტული სექტორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვრიდან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქცია მხოლოდ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად იქნება წარმოებული და რეგულაცია არ გადავადდება. ამას ჯერჯერობით კერძო სექტორი ფარული უკმაყოფილებით ხვდება, რომელიც შესაძლოა, მალე ქმედით პროტესტში გადაიზარდოს.

„სტანდარტი არ გადავადდება, ვინაიდან ეს სტანდარტები არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია მოგაწოდოთ ყველა იმ დაწესებულების დასურათებული ვერსიები, რომლებიც ითხოვენ GMP-სტანდარტის გადავადებას. მე ვთვლი, რომ საქართველოში მსგავსი საწარმოების არსებობა სირცხვილია. დანაშაულია, რომ უფლებას ვაძლევთ და იქ წარმოებული მედიკამენტები იყიდება აფთიაქებში“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლებად იქცნენ.

„შეიძლება უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ეს მტკივნეული შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ერთეულისთვის იყოს, მაგრამ ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიდი იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც მე აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, არამედ ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს, ერთხელ და სამუდამოდ, ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება და ყოველთვიური ვაჭრობა არ გაიმართოს ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის, რითაც შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტებს. ჩვენ კი, ყოველთვიურ რეჟიმში გვიწევს ახსნა-განმარტებების მიცემა საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად თავის მართლებაც.

მნიშვნელოვანია გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი მსგავსად არის რეგულირებული, გამჭვირვალობა და ხარისხზე კონტროლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის გადავადებას ფარმაცევტული სექტორი გასული წლიდან ინტენსიურად ითხოვს. მიმართეს პრემიერს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს. მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხრიდან საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოზეც, თუმცა მთავრობა ჯერ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

ბაზარზე დაახლოებით 70 ფარმაცევტული საწარმოა, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინფორმაციით, აქედან 10 კომპანია კი უკვე მზადაა მთავრობას ეტაპობრივად ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა შეუთანხმოს. UGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება სრულიად მოულოდნელი და სხვა უწყებებთან შეუთანხმებელი იყო.

„დაახლოებით 10 კომპანიის მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეითანხმოს ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა. დასანანია, რომ მინისტრი აჟღერებს იმ პოზიციას, რომელიც არ არის შეთანხმებული სხვა უწყებებთან და ნამდვილად სირცხვილია, რომ ახალი სტანდარტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც ბაზრის 90% უკავია.

კომპანიები მზად არიან შეთანხმდეს ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმები, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ ფუნქციონირება, მათ შორის ექსპორტი არ შეჩერდეს, მითუმეტეს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არის უკვე მექანიზმები შექმნილი და მსგავსი მუშაობა დაწყებულია. საინვესტიციო გეგმები ამ კომპანიების უკვე მიწოდებული აქვს მთავრობისთვის და ძალიან გასაკვირია მინისტრის განცხადება. ვფიქრობ, მას არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია პროცესების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავალში გაივლის დამატებით კონსულტაციებს, თუნდაც პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან“, - განუცხადა „ბიემს“ გიორგი კაჭარავამ.

როგორი იქნება მთავრობის საბოლოო პოზიცია ჯერ უცნობია. თუ კომპრომისი არ შედგა, კერძო სექტორში ამბობენ, რომ ბაზარს რამდენიმე ათეულობით ფარმაცევტული საწარმო დატოვებს. თუმცა, მინისტრის განცხადების კომენტარისგან ფარმაცევტული კომპანიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„თუ იქნება ჩვენი მხრიდან რამე სახის კომენტარი, ამას ოფიციალურად გავაკეთებთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებენ „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში.

„არ ვართ საქმის კურსში, გავარკვევთ საკითხს, ამ ეტაპზე კი თავს შევიკავებთ“, - განმარტავენ „ავერსში“.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1-ლი ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად, კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა დღეს, როცა 6 თვეა დარჩენილი 2022 წლამდე, ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ ამისთვის მზად ისევ არ არის.