ფასები მუდმივად იზრდება, შემოსავლები კი იკლებს

ფასები მუდმივად იზრდება, შემოსავლები კი იკლებს

[ეკა ბაქრაძე]
წლევანდელი წელი ერთის მხრივ სიძვირით, ხოლო მეორე მხრივ ოჯახების შემოსავლების კლებით არის გამორჩეული. ფასების დინამიკა იზრდება, ოჯახის ბიუჯეტი კი იკლებს. ადამიანები ყველაფერზე უარს ამბობენ, ოღონდ კი თავი გაიტანონ.

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის მორიგი ტალღა დაიწყო, საშუალოდ, 10%-ით გაძვირდა ხორცპროდუქტები, ჩაი, კონსერვები, საწებლები და ჰიგიენური საშუალებები. ფასების ზრდის მიზეზად კი გაზრდილი საბაჟო განაკვეთი სახელდება. როგორც ცნობილია, იანვრიდან ზოგიერთი დასახელების იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო განაკვეთი 5-დან 12%-მდე გაიზარდა.

იმპორტიორებსაც მარაგები ივნისში ამოეწურათ და ახალი შესყიდვები სწორედ გაზრდილი საბაჟო განაკვეთების პირობებში მოუხდათ, რაც პროდუქციის ფასებზეც აისახა.

თბილისური სუპერმარკეტების ნაწილში ზოგი პროდუქტი 20%-ითაც კი გაძვირდა. შედეგად, მომხმარებელი დაბალფასიან და შედარებით დაბალხარისხიან პროდუქციაზე გადავიდა.

აქამდე პროდუქციაზე ფასების საგრძნობი, (დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში) პირველად ივნისში, ლარის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. მას შემდეგ ლარი დასტაბილურდა და გამყარდა კიდეც, მაგრამ ერთხელ გაძვირებულის გაიაფებაზე არავის უფიქრია.

საერთოდ, 2010 წელი გაზრდილი სამომხმარებლო ფასებითა და ყოფითი პრობლემების სიუხვით გამოირჩევა. თბილისური ოჯახების უმეტესობა არ მალავს, რომ ფინანსურ ხელმოკლეობას განიცდის. უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზად სამსახურის დაკარგვას და უმუშევრობას ასახელებენ.

50 გამოკითხული ოჯახიდან ყოველი მეორე ადასტურებს, რომ მატერიალური მდგომარეობა გაუუუარესდა. 15 რესპოდენტმა აღნიშნა, რომ შემოსავალი გაეზარდათ, მაგრამ ხარჯებიც მოემატათ, რის გამოც არსებითად ვერ იგრძნეს შემოსავლების ზრდით გამოწვეული კეთილდღეობა. 50 გამოკითხულიდან მხოლოდ 10-მა უპასუხა, რომ შემოსავლების ზრდის გამო მათი მატერიალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

რესპოდენტთა უმრავლესობა სოციალურ პრობლემებზე გულახდილად საუბრობს. გაირკვა, რომ ბევრს ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად გაორკეცებული შრომა უწევს.

ოჯახების შემოსავლები რომ თვალსა და ხელს შუა იკლებს, ეს იქედანაც კარგად ჩანს, რომ წლეულს შარშანდელზე ბევრად მეტი ადამიანი ვეღარ ახერხებს დასვენებას და შვებულების სრულფასოვნად გამოყენებას. ამის ერთადეთრი მიზეზი კი უსახსრობაა.

გამოკითხული რესპოდენტების მეოთხედს საერთოდ არ გააჩნია თანხა საზაფხულო დასვენებისათვის, ხოლო კიდევ ერთი მეოთხედი საშვებულებოდ მეტად მწირი თანხის - 200-დან 400 ლარამდე - დახარჯვას აპირებს.

არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი დასვენებისთვის 100-200 ლარზე მეტს ვერ იმეტებენ; და რადგანაც საქართველოს საკურორტო ზონებში ფასების თაობაზე ყველას კარგად მოეხსენება, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს თანხა ადამიანს საერთოდ არაფერში წაადგება.