საბოტაჟიდან სეპარატიზმის საფრთხემდე

საბოტაჟიდან სეპარატიზმის საფრთხემდე

„14 მარტი ჯავახეთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა“, - აცხადებს ახალქალაქის საკრებულოს თამჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ახალქალაქის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ ინიციატივით, სწორედ 14 მარტის სხდომაზე მიიღო რეზოლუცია სომხური ენის სტატუსის შესახებ, რასაც მხარი საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატებმაც დაუჭირეს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი ახალქალაქის საკრებულოს მიმართვის შემთხვევაში, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ევროპული ქარტიის განხილვის დროს ჯავახეთში მცხოვრები სომხები პარლამენტარებისგან სომხური ენის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვენ, რასაც რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებით განმარტავენ.

ამის საპასუხოდ, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის ხელაღებით მინიჭების საკითხი სეპარატიზმის საფრთხეს შეიცავს და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ფაქტორიც, რომელიც ყველანაირად წაახალისებს სეპარატიზმს რეგიონში. ამიტომ, ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიცია დასავლელ პარტნიორებს უნდა აუხსნას.  

ახალქალაქის საკრებულოს მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპზე სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა 1999 წელს თავად აიღო ამის შესახებ ვალდებულება. ამდენად, ქარტიის რატიფიცირება საქართველოს სამომავლოდ მაინც მოუწევს, რადგან ქართული მხარე ევროპულ ქარტიას 1999 წელს შეუერთდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი გუჯა ბიჭიკაშვილი ახალქალაქში შექმნილ სიტუაციას ვანო მერაბიშვილისა და მისი „ხელის ბიჭების“ მიზანმიმართულ საბოტაჟს უკავშირებს. მისი ინფორმაციით, ეს ადამიანები, ახალქალაქის დეპუტატთან ერთად, ყოველ შაბათ-კვირას ჩადიან ახალქალაქში და საბოტაჟისთვის ემზადებიან. ამის შესახებ კი მთელმა რეგიონმა იცის. 

ამ ბრალდების ადრესატი ვანო მერაბიშვილი ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეზე პასუხისმგებლობას ახალ ხელისუფლებას აკისრებს, თანაც მზადყოფნას გამოთქვამს ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს და მმართველ გუნდთან ერთად ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ითანამშრომლოს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და კონსულტაციები გაუწიოს.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განმარტებით, გამორიცხული არ არის, ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობა გაძლიერდეს და სიტუაცია დაიძაბოს.

მეტიც, მერაბიშვილი ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ნაციონალები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო. კონკრეტულად, მერაბიშვილის თქმით, დავით რასტაკიანი, რომელიც წინა საკრებულოს წევრი იყო, ამ საკითხის დაყენებას მუდმივად ცდილობდა, ამიტომ, მათ ბოლო არჩევნებზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ყველაფერი გააკეთეს, რომ რასტაკიანი და მისი მსგავსი რადიკალები საკრებულოში არ მოხვედრილიყვნენ. ასევე, მოახდინეს ჩახალიანის იზოლაციაც, ახლა კი „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა საკითხის პროვოცირება მოახდინეს.

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილება არაფერში სჭირდება. მინისტრის განმარტებით, ჯავახეთში ვითარება დაძაბული არ არის და ეს აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებებია.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს,  რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ უკავშირდება სეპარატიზმის საფრთხე ჯავახეთში. იგი არც იმას ფიქრობს, რომ თუკი, ახალქალაქის საკრებულოში ვინმეს შეუშვებენ, ან არ შეუშვებენ, ამით რაიმე პრობლემა გადაწყდება. უბრალოდ, კავკასიელებმა ძალიან კარგად იციან, რომ არსებობს პოლიტიკური მიმდინარეობა - სომხური ლობი, რომელიც ყველა პირობას შექმნის, რათა ურთიერთობა დაიძაბოს სომხებსა და ქართველებს შორის.

თუმცა ამის მიუხედავად, ზაალ კასრელიშვილი სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები მართვადი ქაოსის პროცესში საქართველოს შეყვანის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე სეპარატიზმის გაღვივებას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სომხურმა ლობმა ძალიან კარგად იცის, თუ აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სომხეთი ქართველებთანაც ომს დაიწყებს, აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ ცდილობს, ასწიოს თავისი საჭიროების ხარისხი, პრობლემები შეუქმნას საქართველოს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ საქართველომ შეწყვიტოს აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა. მით უმეტეს, ახლა, როცა ალიევსა და პუტინს შორის ურთიერთობები იძაბება. 

„ახალი ხელისუფლების მიმართ ვანო მერაბიშვილის შეთავაზება დახმარების თაობაზე ნიშნავს ვაჭრობას, თუ ჩვენ იმ მდგომარეობაში არ დაგვტოვებთ, რა მდგომარეობაშიც ჩვენ გვინდა ყოფნა, ჯავახეთის მიმართულებით პრობლემებს შეგიქმნითო. სწორედ ეს განცხადებაა ნაციონალების მხრიდან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა სომხური ლობის მხარდაჭერით, რაც ავტომატურად გულისხმობდა, რომ ამ ლობმა დაულაგა მას რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობა. ასე რომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საქართველოს პრემიერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია მზად არის, ჩაერიოს ამ კონფლიქტში და მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სადაო საკითხში, არა მარტო სომხურ ლობთან, არამედ კავკასიაში მიმდინარე დაკონსერვებულ კონფლიქტებში“, - აღნიშნა ზაალ კასრელიშვილმა For.ge-სთან საუბარში.  

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის თქმით, საერთო ევროპული პრინციპების მიხედვით, თითოეული სახელმწიფო თავად ადგენს ფორმატს, თუ რა ფორმით მიანიჭებს გარკვეულ უფლებებს კომპაქტურად მცხოვრებ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს. ამასთან, არ არის აუცილებელი, ამას რეგიონული ენის პროექტი ერქვას, ეს შეიძლება განხორციელდეს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, თანაც, ყოველგვარი სიძნელეების გარეშე. თუმცა ის, რომ ამ პროცესმა ჩაანაცვლოს სახელმწიფო ენა, აბსოლუტურად დაუშვებელია. არ შეიძლება, სახელმწიფო ენის შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.

თუმცა გოგი ხუციშვილის აზრით, აქ მაინც ჩნდება პრობლემა, რადგან ის ხალხი, რომელიც საკმარისად არ ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას, ხომ არ დაკარგავს ქართული ენის შესწავლის მოტივაციას, თუკი ისედაც ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება სომხურ ენაზე?!

კონფლიქტოლოგის თქმით, ეს საკითხი ლეგიტიმურია, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფო ენის დაუფლების მოტივაცია ადამიანის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებით არ უნდა ხდებოდეს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც დოკუმენტს ქართულად ვერ კითხულობს ხანდაზმულობის, ან იმ მიზეზის გამო, რომ თავის დროზე ვერ მიიღო განათლება ქართულ ენაზე, უნდა მიეცეს საშუალება, სომხური ენით ისარგებლოს და ამა თუ იმ ჩინოვნიკმა ვერ მოატყუოს ენის უცოდინრობის გამო, მაგრამ, თუ ამით რეგიონული ენის ისეთ სახეს მივიღებთ, რომ, ვინც ჯავახეთში ჩავა, აუცილებლად სომხურად უნდა ლაპარაკობდეს, რადგან მათ თურმე საკუთარ ენაზე უნდა ვესაუბროთ, ეს დაუშვებელია, რადგან სახელმწიფო ენა ქართულია და საშუალება უნდა იყოს, ქართულ ენაზე ხდებოდეს კომუნიკაცია.

„ჯავახეთში უხვად არის სომხური სკოლები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სომხურ ენაზე იღებს საშუალო განათლებას. ამ რეგიონში ქართული სკოლების არარსებობას იმით ხსნიდნენ,  რომ არ იყო ქართული ენის შემსწავლელთა საკმარისი რაოდენობა. მართლაც, თუკი სადმე სკოლა გაიხსნებოდა, მალევე იხურებოდა. მეორე მიზეზი იყო მასწავლებელთა ნაკლებობა. ალბათ, გვახსოვს ამ რამდენიმე წლის წინ თბილისიდან დაწყებული  კამპანია, როცა ქართული ენის მასწავლებლები აქედან მაღალი ხელფასების სანაცვლოდ  იგზავნებოდნენ. იმ დროს მე სულ სხვა წინადადება მქონდა, რომ იმ პირს, ვინც მაღალი ხელფასის გამო ქართული ენის მასწავლებლად ამ რეგიონში წავიდოდა, იქ დარჩენისა და დაფუძნების ხანგრძლივი და სერიოზული მოტივაცია არ ჰქონდა“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში.  

მისი თქმით, ამ დროებითი მოტივაციის ნაცვლად, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩამოგვეყვანა დედაქალაქში და ისინი უნდა გვექცია ქართული ენის მასწავლებლებად. ეს ხალხი ათწლეულების განმავლობაში მოემსახურებოდა ამ საქმეს. თუმცა ადგილობრივი კადრების მომზადების მიდგომა რატომღაც მხარდაჭერილი არ იყო.

რაც შეხება თვითონ ენის გამოყენების ფორმას, კონფლიქტოლოგის აზრით, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. ერთი მხრივ, არსებობს ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებები და მეორე მხრივ, - საქართველოში არსებული სიტუცია, როდესაც სომხების 90% ცხოვრობს ჯავახეთის რეგიონში. მათი უმრავლესობა არ ფლობს ქართულ ენას და იქ საკომუნიკაციო ენა ისედაც სომხურია. ამიტომ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან კიდევ უფრო გააცალკევებს და ინტეგრაციის პროცესს პრობლემას შეუქმნის.