ლუის ენრიკე:

ლუის ენრიკე: "ესპანეთი დაბრუნდა და ხალხი ამაყობს, ფინალში კი იტალიას ვქომაგობ"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიასთან ევრო 2020-ის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ესპანეთი დაბრუნდა და ამ გუნდით ესპანელი ხალხი ამაყობს.

ლუის ენრიკემ პედრის თამაში გამოყო და აღნიშნა, რომ ასეთი რამ მას ანდრეს ინიესტასგანაც არ უნახავს.

“ბედნიერი ვარ იმით, რაც ვნახე, ორი უმაღლესი დონის გუნდი თამაშობდა, გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო. იმედი მაქვს, რომ ფინალში იტალია დიდ თამაშს ჩაატარებს. არანაირი სინანული, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, მხეცურად ინტენსიური თამაში იყო. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, ეს იყო მატჩი ორ მანქანას შორის. არაფერს ვნანობ, მოგებაც უნდა იცოდე და წაგებაც, ეს ფეხბურთია. მე ვუყურე კიელინის და ბონუჩის, როგორ ითამაშეს ლუკაკუს წინააღმდეგ და გადავწყვიტე, რომ ფორვარდი არ დამეყენებინა და ერთით მეტი კაცი ნახევარდაცვაში გვყოლოდა. ახლა იტალიას ვგულშემატკივრობ, ინგლისელებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ.

ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა. ცხრა წელი უდაბნოში ყოფნის შემდეგ ესპანეთი დაბრუნდა. ახლა დეტალები უნდა გავაანალიზოთ. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გვყავს ვეტერანები და მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც დიდ სიხარულს მოგვიტანენ. ესპანეთში ხალხი თავისი გუნდით ამაყობს. მადლობა გადავუხადე მორატას და ჩავეხუტე. მან ოცნების საშუალება მოგვცა. იტალიას პენალტების სერია სურდა, ჩვენ კი მზად ვიყავით კიდევ 30 წუთი გვეთამაშა. უნდა ვიამაყოთ იმით, რაც ვნახეთ. ამ გუნდს 9 ქულით შევაფასებდი. ყველა კარგი იყო, ისინიც, ვინც ცოტას თამაშობდა, მათ რაღაც დამატებითი მოგვცეს. ეს ნაკრები გაიზარდა. ვაპირებდით გუნდის შექმნას, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებდნენ და მივაღწიეთ მიზანს. წაგების შემდეგ ტირილის დრო არ არის, ფეხზე წამოდგომაა საჭირო.

პენალტების შესრულების 6 კანდიდატი გვყავდა და ყველასთან ვისაუბრე, ვუთხარი, რომ შეცდომის დაშვებაზე არ ენერვიულათ. ვინმემ ნახეთ როგორი ჩემპიონატი ჩაატარა პედრიმ? 18 წლის ბიჭმა? მე ასეთი ინიესტასგანაც არ მინახავს, არავისგან მინახავს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე და ზოგადად დიდ ტურნირზე ასე შორს წასვლა 2012 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. „ფურია როხამ“ ევრო 2020-ზე 6 მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ არც დამარცხებულა და მხოლოდ პენალტების სერიით დატოვა ტურნირი.