2-წლიანი სამუშაოების შემდეგ ქობულეთის განახლებული ბულვარი ოფიციალურად გაიხსნა. სამკილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო. მისი ოფიციალურად გახსნიდან სულ რაღაც 3-4 დღეა გასული და მოსახლეობა უკვე მის ჩაკეტვას ითხოვს. მიზეზი ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილებაა. ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე საღამოობით ავტორბოლებიც კი იმართება, რაც ქვეითების უსაფრთხოდ გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
„ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის ის ფაქტი, რომ ბულვარის ტერიტორიაზე დადიან მოტოციკლები და ავტომობილები. ხშირად საღამოობით ისინი რბოლებს აწყობენ, რაც ძალიან საშიშია ფეხით მოსიარულეებისთვის. არსებული განლაგების გათვალისიწნებით რისკი იმის, რომ ადამიანმა მოტოციკლეტი ან ავტომობილი ვერ დაინახოს, დიდია, ამიტომ აუცილებელია ამაზე უფრო მეტი ყურადრება გამახვილდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.
ანალოგიური პრობლემა აწუხებს ურეკის მოსახლეობასა და დამსვენებლებს. სასტუმრო „კოლხიდას“ მესაკუთრემ ხათუნა ლაგაზიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ურეკში განახლებული ბულვარის ნაწილს პოტენციური სასაკლაო უწოდა და განაცხადა, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, აუცილებელია ბულვარი ავტომობილებისათვის ჩაიკეტოს.
„წელს დაიწყეს ბულვარის ნაწილის კეთება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სასაკლაოა, იმიტომ რომ არ ჩაკეტეს სამანქანო მოძრაობა. უპრეცედენტო რაღაც ხდება, არაერთხელ მივმართეთ და არ გაითვალისწინეს, რომ პირდაპირ მანქანების შეჯიბრება იმართება ბულვარის ნაწილზე, ზედ სანაპირო ზოლზე, სასტუმროდან რომ ბავშვი მშობელს გაექცეს, შესაძლოა, მანქანამ გადათელოს და მერე ამ უბედურებაზე პასუხს ვინ აგებს? სრული განუკითხაობაა“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.
მოკლედ, სანაპირო ზოლის მოსახლეობა უკმაყოფილია, მაგრამ ჩინოვნიკები სხვაგვარად ფიქრობენ. ქობულეთის მერის მტკიცებით ბულვარის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის არსებობა აუცილებლობითაა გამოწვეული, რათა ადგილობრივებმა და სტუმრებმა დანიშნულების ადგილამდე კომფორტულად მისვლა შეძლონ.
„“ჩვენ ნაწილობრივ შევზღუდეთ ზღვისპირა პარკში მოძრაობა, გარკევულ მონაკვეთზე ვგეგმავთ სეზონზე ჩაკეტვას, თუმცა არის საავტომობილო გზა ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ პირველ ზოლში, შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვუსპობთ მათ საცხოვრებელ ადგილამდე გადაადგილების უფლებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაადგილების წესი, რაც არის პირველ ზოლში დადგენილი, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ამას აკონტროლებს საპატრულო პოლიცია და მერიის სამსახური, ვინც პატივს არ სცემს ამ წესს, ის დაისჯება“, - უთხრა „ბიემს“ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთში განახლებული ბულვარი ოფიციალურად 3 ივლისს გაიხსნა. სამუშაოებისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსფერიდან გამოიყო.