ღარიბთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი მკვეთრად შეიცვალა

ღარიბთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი მკვეთრად შეიცვალა

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14,3%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, პანდემიის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალიან გაუარესდა. რესპონდენტთა 13.2% ამბობს, რომ თავისი ოჯახი ვალებშია. თუ პანდემია დროულად არ დასრულდა, უთანაბრობა სოციალურ ფენებს შორის აუცილებლად გაიზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში საარსებო შემწეობას 555 657 ადამიანი იღებდა, ეს კი 69 595-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 486 062 ადამიანი იყო.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანებიც რიცხვიც, ვინც თავს ღარიბად მიიჩნევს და თვლის, რომ ფულადი დახმარება სჭრდება. კერძოდ, თუ 2020 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 941 493 ადამიანი, 2021 წლის ივნისში მათი რიცხვი 1 054 567-მდე გაიზარდა. მატება 12%-ია.

პანდემიის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონე საკმაოდ გაუარესდა. დღეს ადამიანების დიდი ნაწილი არსებობას აღებული ვალებით ახერხებს და დანაზოგს საერთოდ ვერ აკეთებს.

კორონავირუსმა საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკური კუთხით, დიდი დარტყმა მიაყენა. ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიანიშნებს „აისეტის“ მიერ ჩატარებული კვლევაც, სადაც რესპონდენტთა 13.2% ამბობს, რომ თავისი ოჯახი ვალებშია; რესპონდენტების მხოლოდ 7.2% თვლის, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში დანაზოგის გაკეთებას შეძლებს; 88.3% მიიჩნევს, რომ თანხის დაზოგვას ვერ შეძლებს; 3.7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

რესპონდენტების 45%-ის აზრით, ახლა დანაზოგის გასაკეთებლად სახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია არ არის; 30%-ისთვის თანხის დასაზოგად კარგი დროა; 16% თვლის, რომ დანაზოგისთვის „ძალიან ცუდი დროა“.

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა - 48% არც საყიდლებისთვის მიიჩნევს არსებულ სიტუაციას სახარბიელოდ; 43%-ის აზრით, შენაძენისთვის ახლა არც ცუდი და არც კარგი პერიოდია.

გამოკითხულთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვეში თავისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა; 35.2% ამბობს, რომ არ შეცვლილა; 38.7%-ისთვის მცირედით გაუარესდა; 18.6%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ თუ პანდემია დროულად არ დასრულდა, საშუალო და დაბალ ფენებს შორის ფინანსური უთანაბრობა უფრო მეტად გაიზრდება.

„მთელ მსოფლიოში ანალოგიური სიტუაციაა. ის დარგები და ეკონომიკის მიმართულებები, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ტურისტულ სფეროში იყო დასაქმებული და პრაქტიკულად, 2020 წელს მათ ვერანაირი შემოსავალი ვერ მიიღეს.

თუ პანდემია დროულად არ დასრულდა, უთანაბრობა უფრო მეტად გაიზრდება საშუალო და დაბალ ფენებს შორის. დანაზოგის გაკეთება ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას პანდემიამდეც არ შეეძლო, ახლა კი ხომ საერთოდ. საშუალო ფენიდან მაღალ ფენაში მოსახლეობა ვერ გადადის, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, დაბალ ფენაში გადასვლა კი სწრაფად ხდება, რაც ბუნებრივია, ღარიბთა რაოდენობას მეტად ზრდის“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.