იცავენ თუ არა ცალკეული ევროპარლამენტარები ევროპულ ღირებულებებს?

იცავენ თუ არა ცალკეული ევროპარლამენტარები ევროპულ ღირებულებებს?

ბოლო დროს ეჭვებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ცალკეული წევრები თავგამოდებით იცავენ სააკაშვილის რეჟიმს, მაშინ, როცა მათ რეაქცია არ ჰქონიათ, საქართველოს ციხეებში ცოცხების გამოყენების, ქვეყანაში გამეფებული ნულოვანი ტოლერანტობის, ფასადური აღმშენებლობის, კერძო საკუთრების ხელყოფის მიმართ. ისინი „ევროპის კარის დახურვის“ შორსმიმავალ დასკვნებს ისე იოლად აკეთებენ, რომ პრემიერის მიპატიჟების მიუხედავად, არ სწვევიან საქართველოს და არ გასცნობიან აქ არსებულ სიტუაციას. ასეთი ორმაგი სტანდარტები კი საქართველოში იმედგაცრუებას იწვევს.

23 ევროპარლამენტარის მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის წერილები იყო პირველი პრეცენდენტი, როცა ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა სათქმელი სააკაშვილის ლობისტებისთვის, თუნდაც, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რვა წლის მანძილზე საქართველოს კონსტიტუცია 25-ჯერ შეცვალა. აღარაფერს ვამბობთ, მის მიერ ასე უხვად დარიგებულ ტიტულებზე „ჩარეცხილების, მუმიების, კრემლის აგენტების, გასანადგურებელი კლასის, სახელმწიფოს მტრების“ და სხვათა შესახებ, ასევე, - ურჩ პარალმენტის წევრებზე გამოცხადებულ ნადირობაზე.

იცავენ თუ არა თავად ცალკეული ევროპარლამენტარები  ევროპულ ღირებულებებს?! For.ge-მ საინტერესო მასალა მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ზოგიერთი  ევროპარლამენტარი მთლად სუფთა ხელებით არ მოდის პოლიტიკაში.   

კერძოდ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, ავსტრიის შს ყოფილ მინისტრ ერნსტ შტრასერს 2013 წლის იანვარში სასამართლომ კორუფციის ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ სამხილად სამართალდამცავებმა ბრიტანელი ჟურნალისტების ფარული ვიდეოჩანაწერი გამოიყენეს.

პროკურატურის განცხადებით, შტრასერმა, როდესაც ის ევროპარლამენტის წევრი იყო, The Sunday Times-ის ჟურნალისტებს ლობისტობაში ყოველწლიურად 100 000 ევროს გადახდა მოსთხოვა, ამის სანაცვლოდ კი ყოფილი დეპუტატი მათ კანონპროექტში კლიენტებისთვის სასურველი ცვლილების შეტანას დაპირდა.

მართალია, შტრასერმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ის ლობისტებს ტყუილს მიუხვდა და სწორედ ამიტომ დათანხმდა მათ წინადადებას, რათა გაეგო, რა სურდათ მათ სინამდვილეში, მაგრამ ფაქტი მომხდარია და ეს მის ბიოგრაფიაში კითხვებს აჩენს. 

ყოფილი ევროპარლამენტარი არა მარტო არაერთ კორუფციულ აფიორაშია ეჭვმიტანილი, არამედ შტრასერს იმასაც უხსენებენ, რომ 2003 წელს, შს მინისტრობის დროს, იგი შეეცადა, არ დასჯილიყვნენ ის სამართალდამცავები, რომლებმაც პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტების გამო ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

ერნსტ შტრასერი ფიგურირებს Amnesty International-ის ანგარიშებშიც, სადაც ნათქვამია, რომ იგი ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ევროპარლამენტის ცალკეულ წევრთა მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილი 6 მარტის წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი დამოუკიდებელი დეპუტატი ესტონეთიდან ინდრეკ ტარანდია. ეს პიროვნება კი 2007 წელს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი და დღემდე რჩება მის ლობისტად. 

რაც შეეხება იორგ შოფლინს, 23 ევროპარლამენტარიდან ერთ-ერთს, იგი წარმოადგენს უნგრულ პარტიას. სხვათა შორის, მან შეცვალა კონსტიტუცია და 200-ზე მეტ კანონში შეიტანა შესწორება, რაც ანტიდემოკრატიულობის გამო გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და აშშ-მ. მათი შეფასებით, ახალი კონსტიტუციით  იორგ შოფლინი მემარჯვენე პარტიისთვის ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა.

23 ევროპარლამენტარისგან განსხვავებით, საინტერესო პოზიცია დააფიქსირა ლიბერალ- დემოკრატებისა და რეფორმატორების ევროპული პარტიის თავმჯდომარემ გრემ უოტსონმა. როცა ევროპის უმთავრესმა გამოცემამ - „ევროაქტივმა“ მას ჰკითხა „სახალხო პარტიისა“ და საქართველოს პრემიერის ურთიერთობის შესახებ, უოტსონმა უპასუხა, რომ ივანიშვილის მთავრობის მიმართ „სახალხო პარტიის“ შეტევა სცილდება გონებრიობის ფარგლებს. უფრო მეტიც, გრემ უოტსონი მიიჩნევს, რომ დეპუტატების ერთი ნაწილის მიმართვა არ შეიძლება ევროპარლამენტის პოზიციად განიხილებოდეს.

„ეს ევროპარლამენტის პოზიცია არ არის, ეს არის პარლამენტის 23 წევრის პოზიცია, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან და რომელებმაც არ მიიღეს საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგები. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლებას კვლავ დაიბრუნებენ“, - განაცხადა გრემ უოტსონმა.

23 ევროპარლამენტარის აზრს, გარკვეულწილად, ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი მეთიუ ბრაიზა, როცა ასეთი შინაარსის წერილს აქვეყნებს  - „არეულობა თბილისში - „ქართული ოცნება“ საფრთხეშია“.  იგი აცხადებს, რომ ნამდვილი ოცნება არჩეული პრეზიდენტის დამცირება კი არა, დემოკრატიული სახელმწიფოების ევროატლანტიკურ გაერთიანებაში სრული ინტეგრაციაა და „დემოკრატია არ არსებობს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება საქონელი ჰგონიათ, რომლის გადაცვლაც შეიძლება“.

სხვათა შორის, თავის დროზე ბრაიზას მიმართ მაშინდელი ქართველი ოპოზიციონრები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, რადგან 2008 წლის არჩევნებში მან სერიოზული დარღვევები ვერ დაინახა და მეორე დღესვე აღნიშნა, რომ 5 იანვრის არჩევნები თურმე საერთაშორისო სტანდარტებით იყო ჩატარებული. იმ დროს თინა ხიდაშელმა არჩევნების დადებითი შეფასების გამო გააკრიტიკა ბრაიზა და აღნიშნა, რომ ყველამ იცის, რომ ბრაიზა სააკაშვილის „პირადი მეგობარია“. 

იმ პერიოდში ქართული ოპოზიციის პერსონალური იერიში ბრაიზას მიმართ სიტყვიერ კრიტიკას გასცდა და 12 იანვარს თბილისში მოეწყო გამოფენა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერებმა უწოდეს „მეთიუ ბრაიზას სახელობის სიცრუის მუზეუმი“, სადაც ის ოქმები გამოიფინა, რომელიც ოპოზიციის თქმით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა.

საკუთარი სახელობის მუზეუმის გახსნისას ბრაიზამ აღნიშნა, რომ სასაცილოა, მისი მსგავსი უბრალო დიპლომატით ვინმე დაინტერესებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნების დროს, როგორიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იყო.

მოგვიანებით მეთიუ ბრაიზა ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნასაც გამოეხმაურა და მისთვის მიცემულ „შანსზე“ გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, მართალია, ახალაიას ძალოვან უწყებაში თანამდებობაზე ყოფნა საერთაშორისო საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის საკამათო იყო, მაგრამ მას აქვს შანსი, წერტილი დაუსვას ყველა  დავას.

ციხის სკანდალის თემის შეფასებისას კი ბრაიზამ განმარტა, რომ ეს ფაქტი სააკაშვილის მთავრობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენდა. 

რას ნიშნავს ცალკეულ ევროპარლამენტართა და ასევე, მეთიუ ბრაიზას მიერ გაკეთებული განცხადებები და როგორ აფასებენ  ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები კორუფციაში მხილებულ ევროპარლამენტართა საქმიანობას?! 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსთვის ევროპული გზის პრიორიტეტულობაზე, რასაკვირველია, არ ვგულისხმობთ, რომ „სახალხო პარტიის“ (EPP) მსგავსი პარტიები ევროპის სიმბოლო უნდა იყოს. ეს უზარმაზარი პარტიაა, უფრო სწორად, პარტიათა კოალიციაა, რომელიც, ცხადია, ვერ აკონტროლებს მის წევრებს.

ამდენად, ცალკეულ ევროპარლამენტართა ქმედება შეიძლება არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, თუკი ეს აღებ-მიცემის ფაქტები რაიმე გამჭვირვალე კონტაქტის საგანია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით რა პოზიციასაც აფიქსირებს ეს 20-კაციანი ჯგუფი, გაუგებარია.

„ვიღაცას ყოფნის თავხედობა, რომ პარტიის სახელით ილაპარაკოს ისე, რომ საკუთარი გვარი არ მოაწეროს. უკანასკნელ დოკუმენტს ვგულისხმობ. ეს ყველაფერი მიმანიშნებს იმაზე, რომ ამ პარტიამ რატომღაც მოისურვა საქართველოში ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის მიმართ სრულიად მკაფიო არჩევანი გააკეთოს. იგი ხელისუფლების მიმართ პროკურორის როლშია ჩამდგარი, ხოლო ოპოზიციის მიმართ - ადვოკატის როლში.  -როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა საკუთარ თავში ვერ პოულობს იმდენ უნარს, რომ ობიექტური იყოს, რაღაც კარგი დაინახოს ორივე ძალაში და რაღაც გამოსასწორებელი, ეს მიგვანიშნებს უკიდეგანო სუბიექტივიზმზე“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის თვალში ეს პარტია ვეღარ დაიბრუნებს ავტორიტეტს, რაც არ უნდა შეცვალოს საკუთარი პოზიცია.

მეთიუ ბრაიზასთან დაკავშირებით კი ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ადამიანმა ამოისუნთქა მას შედეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან აღარ არის დაკავშირებული. თუმცა ბრაიზა სერიოზულად არც მაშინ წუხდა, როცა ურთიერთობდა სააკაშვილთან.

„ფაქტია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაკანონებაში მას სერიოზული წვლილი მიუძღვის, მაგრამ რაიმე ტიპის პიროვნული ერთგულების სამხილი მას, წესით, არ უნდა გააჩნდეს, ვიცი რა მისი რეაქციის შესახებ, როდესაც მან გაიგო, რომ თავდაცვის მინისტრად ინიშნებოდა ბაჩო ახალაია, ის მადლობას უხდიდა ღმერთს, რომ აღარანაირი საქმე ამ ქვეყანასთან არ გააჩნდა“, - გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

კორუფციაში მხილებულ კონკრეტულ ევროპარლამენტართა საქმიანობის შეფასებისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს ფაქტები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ მათ უმწიკვლობაში. თუმცა, საერთოდ, პოლიტიკოსების უმწიკვლობაში დარწმუნება არც არის აუცილებელი. ეს ის სოციალური როლი და სოციალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის, სადაც უმწიკვლობის ნიშნით მიიწევენ წინ.

უფრო მეტიც, ექსპერტის განმარტებით, ეჭვი ყოველთვის ჩნდება, რადგან მსოფლიო პრაქტიკისთვის მათი ასეთი საქციელი უცხო არ არის. საქართველოს შემთხვევაშიც ეჭვები არსებობს. კერძოდ, თუკი დამაჯერებელი არ არის უცხოელი პოლიტიკოსის პოზიცია და ის იცავს ისეთ რამეს, რისი დაცვაც არსებული ფაქტობრივი ვითარებისა და  ლოგიკის გამო შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რაღაც არასუფთა მოტივებზე ვიფიქროთ. თუმცა ასეთ ეჭვებს დადასტურება და გამოძიების მიერ ფაქტების დადება სჭირდება, რათა უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაირღვეს. 

„რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას, მის საქციელს ვერ ავხსნი, მეთიუ ბრაიზას მოტივებზე მხოლოდ ჭორები დადის, რაიმე ფაქტობრივი მასალა, ანუ სასამართლო ძიებით დადგენილი ფაქტები ამ ჭორების განსამტკიცებლად არ გვაქვს. თუმცა ერთია, მისი პოზიცია არ არის დამაჯერებელი და თანმიმდევრული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ. 

ჩვენს მიერ დასახელებული ფაქტების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ რომელიმე პარტიის წევრი შეიძლება, არის ასეთ რამეში შემჩნეული, მაგრამ ზემოთქმულის მიუხედავად, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში მთავარ პოლიტიკურ ძალად ითვლება. ამიტომ იქ ერთი და ორი კაცის გადაცთომა არაფერს ნიშნავს.

უფრო მეტიც, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ასეთი ხალხი ყველა პარტიას ჰყავს, მათ შორის, ლიბერალებსაც ჰყავთ „ერთი საეჭვო კაცი“. ქართველი დეპუტატისთვის ისიც ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის წევრია და ისინიც ითვალისწინებენ და იჯერებენ მის ნათქვამს. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ გადაარწმუნოს, მათ აუხსნას და დაანახოს სიმართლე.

„EPP-ის „გაშავება“ არ უნდა იყოს ამოცანა, რადგან ეს შეუძლებელია. ფაქტობრივად, ევროპის ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელი იყრის თავს „ევროპის სახალხო პარტიაში“. ამიტომ არა მგონია, შტრასერზე და ასეთ ადამიანებზე უნდა ვისაუბროთ. EPP მაინც წამყვანი ძალაა და ყველაზე დიდი ფრაქციაა. მათთან თანამშრომლობა აუცილებელია იმ მიმართულებითაც, რომ ჩვენი ახალი წევრები იქნებიან EPP-ში, შეიძლება, რომელიმე ჩვენი პარტია გაერთიანდეს, გაწევიანდეს და შეცვალოს დამოკიდებულება. ამიტომ, იმ მეთოდებით მათთან საუბარი, რაც თქვენ შემომთავაზეთ, არ მიმაჩნია სწორად“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

თუმცა ჩვენ დეპუტატს განვუმარტეთ, რომ აქ საუბარი იყო კორუფციაში შემჩნეულ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე და არა მთლიანად - EPP-ზე და ჩვენი მხრიდან რაიმე მეთოდების შეთავაზებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამის საპასუხოდ ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არ არის სწორი, მთელი პარტია და ანგელა მერკელი გამოვაცხადოთ კორუმპირებულად. ეს IPP-ს ჩირქს ვერ მოსცხებს, რადგან კორუფცია პარტიებსა და პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა.

„მე ვიცი, რომ სოციალისტებში იყო პრობლემა, ერთ-ერთ ლიბერალს საერთოდ რუსეთის ჯაშუშობაში ედება ბრალი. ასე რომ, ბევრია ასეთი. რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას, არ არის მართალი, რომ მეთიუ ბრაიზას ქორწილი სააკაშვილმა გადაუხადა. ქორწილი ჩატარდა თურქეთში, ისიც ვიცით, ვინც გადაიხადა. მეთიუ ბრაიზა ვის მოსწონს, ვის არა, ეს ერთი საკითხია. მე არ მომწონს მეთიუ ბრაიზა, მაგრამ ის, რომ მას თურმე ქორწილი გადაუხადეს, არ არის სწორი“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.