მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა. გაძვირდება თუ არა პური, ამაზე კონკრეტულად არც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში საუბრობენ და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მეეწრმეები კი პირდაპირ ასახელებენ ნამატს, თუ რამდენით შეიძლება პური გაძვირდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილი: „ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, იმიტომ, რომ ასე იყო დაანონსებული. ეს არის, ალბათ, ყველაზე უპრიანი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი, იგივე ფასებზე, იქნება ამ პერიოდში. ყველაზე რთული ზამთრის პერიოდი როდესაც გვქონდა და ქვეყანაში სასურსათო, ადგილობრივი პროდუქტების ნაკლებობა იყო და შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი მოსახლეობის სოციალურ ფონზე, ვფიქრობ, ამ ვითარებაში ჩვენი ჩარევა იყო პასუხისმგებლიანი.
რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად გააგრძელოს რაიმე ტიპის პროდუქტების სუბსიდირება, ამას სჭირდება სხვა მექანიზმები და სხვა მექანიზმები ქვეყანაში არსებობს, ეს არის სოციალური დაცვისა და კომპენსირების ის საშუალებები, რაც ბიუჯეტს გააჩნია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როდესაც პროგრამა სრული ძალით შევიდა მოქმედებაში, მაშინ ხორბლის ფქვილი ქვეყანაში ძალიან ძვირი ღიდა. დეკემბერ-იანვარში 1 ტომრის ღირებულებამ 68 ლარსაც კი გადააჭარბა. ახლა იგივე მოცულობის ფქვილის ფასი 60 ლარია. შესაძლებელია, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა კიდევ დაიწიოს, რადგან ტენდენცია არის მუდმივად დაღმავალი, მაგრამ ეს ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ ბაზარი გაძვირებისგან დაიცვას.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენი ლარით შეიძლება დაიკლოს ფასმა.
„მას შემდეგ, რაც მასობრივად დაიწყება მოსავლის მიღება, ვიხილავთ ფასების შემცირების ტენდენციას. რთული სათქმელია, რამდენი ლარის ფარგლებში შეიძლება დაიკლოს 1 ტომარა ფქვილის ფასმა, რადგან ეს დამოკიდებული არ არის ადგილობრივ მოსავალზე. ჩვენ ხორბალი ცოტა რაოდენობით მოგვყავს, ამიტომ ქართული მოსავლის ფასი სწორდება, ძირითადად, რუსული ხორბლის ფასზე.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1 ტომარა ფქვილი 50 ლარამდე გაიაფდეს, თუმცა შესაძლოა, 2-3 ლარით დაბლა წამოვიდეს ფასი. ვნახოთ, ერთ ან ორ თვეში როგორ განვითარდება მოვლენები, არ არის გამორიცხული, კიდევ დაიწიოს ფასმა“, - დასძინა სილაგავამ.
ქვეყანაში არა მხოლოდ პურის ფქვილია გაძვირებული, არამედ - სხვა პროდუქციაც. ასეთ მდგომარეობაში რამდენად შესაძლებელია პურის ფასის სტაბილურად შენარჩუნება, ძალიან რთული სათქმელია.
როგორც მეწარმე ნოდარ ჩიხლაძე აღნიშნავს, პურის ფასის გაზრდა გარდაუვალია და ის, სავარაუდოდ, 10 თეთრის ფარგლებში იქნება.
„ფქვილზე სუბსიდირება სრულდება და, რა თქმა უნდა, პურიც გაძვირდება. სუბსიდირების პირობებში 1 ტომრის ფასი 53 ლარს შეადგენდა, თავისუფალ ბაზარზე კი 63 ლარია. დამატებული 10 ლარი მეპურეებმა საიდან უნდა დავაბალანსოთ? ამის გამო, სავარაუდოდ, 10 თეთრით მოიმატებს ნაწარმზე ფასი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
სუბსირიდების პროგრამის დასრულება იმის მანიშნებელია, რომ პურზე ფასი მოიმატებს. შესაძლოა, ეს უახლოეს პერიოდში არ მოხდეს, მაგრამ ამის ნიშნები უკვე აშკარად გამოკვეთილია.