თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები ბაქოში (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები ბაქოში (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში ვიზიტს განაგრძობს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იყო.

„მე პრეზიდენტს გადავეცი ძალიან თბილი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და მომავალში ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. სერიოზული საფუძველი ასეთ თანამშრომლობას სწორედ პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შემდეგ ჩაეყარა, რაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.“

თავდაცვის მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკურ სივრცეში, საერთაშორისო ინსტიტუტებში ჩვენს კოორდინირებულ, ერთიან პოზიციებზე. ასევე, ჩვენს ერთობლივ მონაწილეობაზე ავღანეთში, საერთაშორისო ოპერაციებში.“

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს:

„თავდაცვის სამინიტროში რიგი შეთანხმებები შედგა. მათ შორის, ხელი მოვაწერეთ 1 წლით ჩვენი თანამშრომლიბის გეგმას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც დაწყებულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. განსაკუთრებით იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ მომავალს ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი, რომელიც, იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება. ეს კიდევ ერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს გამოადგებათ და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება ამ სივრცეში.“

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო მრეწველობის მინისტრთან, იავერ ჯამალოვთან, სადაც გადაწყდა რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფები და დაიწყება მუშაობა ერთობლივ პროექტებზე.