პრაიდის კვირეულის თემაზე, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტში, კომიტეტის ფარგლებში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაიბარა, თუმცა კომიტეტის სხდომა სამნიძის დღის წესრიგით არ დაინიშნა. შესაბამისად, ქვეყნის პირველი პოლიციელი პარლამენტში არ მივა. ამის მიუხედავად სამნიძე აცხადებს, რომ 5 ივლისამდე დროა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, სხდომა ჩანიშნოს, სადაც გომელაური გამოცხადდება.
პარალელურად, 28 ევროპარლამენტარი ვახტანგ გომელაურს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის“ დროს დემონსტრანტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაიცვას. როგორც ევროპარლამენტარების წერილში ვკითხულობთ, საერთო ჯამში, ეს იქნება მთავარი ღონისძიება, რომელზეც აღინიშნება ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნება.
„ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად“, – ასეთია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადება, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოფონ კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.
„ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც იმდენად ბევრი სიძულვილი აქვთ, რომ ადამიანებზე მუქარებს ან თავდასხმებს განიხილავენ. ეს ძალიან სამწუხაროა და ნამდვილად არაა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია თავის მოქალაქეებს ჰპირდება. პოლიციას პასუხისმგებლობა აქვს უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობა და ის, რომ ამის გამო ადამიანებს თავს არ დაესხნენ ან დაემუქრონ. ვფიქრობ, გააზრებულია ეს პასუხისმგებლობა, რომ მათ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი ფუნდამენტური თავისუფლებებით, ხელი არ უნდა შეეშალოთ მუქარებით. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც თავიანთ გულებში იმდენად ბევრი სიძულვილი აქვთ, რომ ადამიანებზე მუქარებსა ან თავდასხმებს განიხილავენ“, – აცხადებს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი.
როგორც ცნობილია, 1–5 ივლისს თბილისში პრაიდის მარში გაიმართება, რაც მოიცავს სამ ძირითად აქტივობას ხუთი დღის განმავლობაში, მათ შორის თბილისში, 2019 წელს გამართული პრაიდის კვირეულის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ პრემიერას, ასევე პრაიდის ფესტივალს, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას და პრაიდის „ღირსების მარშს“, რომლის თანაორგანიზატორები არიან ადგილობრივი სოციალური მოძრაობები.
თბილისში დაგეგმილ ე.წ. „პრაიდთან“ დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია საქართველოს საპატრიარქოს განცხადება. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან. ასევე, მიმართავენ ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია.
„ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ლგბტქ+. „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არ აქვს.
ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისთვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია დაგეგმილია ე.წ. პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქცია. ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძეა, რომლიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოში ყოფნას ვერ შეძლებს, მაგრამ მან მხარდამჭერებსა და ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი მსვლელობა. ვასაძის შეფასებით ის, რაც „პრაიდის“ სახით საქართველოში ხდება, არის დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის მცდელობა.
ლევან ვასაძემ სამართალდამცველებს მოუწოდა, არ დაიცვან ლგბტ თემის წარმომადგენლები, რა ბრძანებაც არ უნდა მიიღონ. ამასთანავე, მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საკითხებში და თავისი ადგილი იცოდნენ.
„ჩვენ ვხედავთ გავეშებულ მცდელობას ქვეყნის აფეთქებისა ე.წ. პრაიდის მეშვეობით. ეს არის დესტაბილიზაციისა და არევის მცდელობა რადიკალური სექსუალური ჯგუფებისა და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და საჩქაროდ გააუქმოს ე.წ. პრაიდის კვირეული და ყველა მასთან დაკავშირებული ღონისძიება. მივმართავ ჩემს ძმებსა და დებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ერთად ვიდექით ამ ბრძოლაში, გამოვიდნენ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოს შემარცხვენელი და დამანგრეველი ღონისძიების ჩატარება.
ეს შეარცხვენს ქვეყანას მთელს კავკასიაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავითარი მსგავსი ღონისძიებები არ ჩატარდეს, მოვკიდოთ ამ ხალხს ხელი და გავიყვანოთ იქიდან. რაც შეეხება პოლიციელებს, მოვუწოდებ მათ ასეთი ბრძანების შემთხვევაში, ნუ იძალადებენ თავიანთ ხალხზე, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
პრაიდის კვირეულის გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, კახა კალაძეს, რომლის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ.
„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მოძრაობა „ერის“ ერთ–ერთი ლიდერი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომელიც „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას უერთდება, აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ზოგი აქტიურად და ზოგიც პასიურად აღშფოთებით უყურებს იმ მარაზმს და ჭინკების შაბაშს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში.
„კარგად ვიცით, ვის უხარია და ვის მოსწონს ეს მარაზმი, გარდა იმ ნაყიდი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისა, რომლებიც საერთოდ მოსცილდნენ საქართველოს ინტერესებს. ეს არის ნეოლიბერალური დესანტი, აგენტურა, რომელიც საქართველოს ნეოკოლონიანურ მართვას, გაღატაკებას და ჩვენი ხალხის გაუბედურებას ემსახურება. მათ მხარდამჭერებს ბრალს ვსდებ იმაში, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის მტრები. არავითარი რევერანსები, რა დროს პოლიტიკური კორექტულობაა, მიმოვიხედოთ გარშემო რა ხდება, ესენი პირდაპირ ასრულებენ შეკვეთას“, – აცხადებს მანჯავიძე.
მისი შეფასებით, თბილისში ასეთი ტიპის აღლუმების ჩატარება ნიშნავს კავკასიის რეგიონიდან ჩვენს გაქრობას, რადგან საქართველოში სულ სხვა მენტალობაა, სხვა სახელმწიფოა. შესაბამისად, ეს მახინჯი, ღვთის მებრძოლი, ათეისტური მიმდინარეობა – გენდერული თეორია ისეთივე დეგერენატიზმია, როგორიც იყო თავის დროზე კომუნიზმი და ფაშიზმი.
„როგორც მარგარეტ ტეტჩერმა თქვა – „ევროპა არის კონტინენტი, სადაც იბადება და ვრცელდება ისეთი ტიპის ავადმყოფური იდეოლოგიები, რომელიც მთელი კაცობრიობის პრობლემა არის“. სამწუხაროდ, ახლა ინგლისი გახდა ასეთი ტიპის მავნე და ავადმყოფური იდეოლოგიის მთავარი მებაირახტე და მთელს მსფოლიოს თავს ახვევენ ამ იდიოტიზმს, კრეტინიზმს. დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ თავის გამოსვლაში თქვა, რომ სასაცილო გავხდით მთელი მსოფლიოსთვის და სასაცილო გახდა ჩვენი არმიაცო. გულისხმობდა იმ ამაზრზენ კლიპს, რომელიც გავრცელდა.
სამწუხაროდ, ასეთი ავადმყოფები არიან გაბატონებული უზარმაზარ სივრცეებზე, ამ ძალებს თავისი მიზეზები აქვს და ჰყავთ თავიანთი ბენეფიციარები, რომლებიც კაცობრიობას თავს ახვევენ ასეთი ტიპის დამღუპველ და შეურაცხმყოფელ იდეოლოგიას. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში ეს არის სრული კატასტროფა, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე შიდა პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათ წინ უნდა აღვუდგეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ამ კვირეულის გაუქმების საფუძველი – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 და მე–11 მუხლის მეორე პუნქტებია. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს საფუძველი გააუქმოს ეს კვირეული.
„თუ არ გააუქმებს, მე გეტყვით პირდაპირ რა არის შემკვეთთა მიზანი – საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაცია, საქართველოს ხელისუფლების ჩამოცილება. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი ნორმალური კონსერვატიული ღირებულების ადამიანების ჩამოცილება ხელისუფლებიდან. შემდეგ კონფიგურაციის შეცვლა პარლამენტში და ულტრალიბერალური დიქტატურის დამყარება საქართველოში საკუთარი კანონმდებლობით. აი, ეს არის მოსალოდნელი და ამისთვის არის ეს პრაიდი. ურჩევნიათ დროზე იმოქმედონ. მათ ყველაფერი მომზადებული აქვთ და აქ საქართველოში შეეცდებიან დაამყარონ ასეთი ტიპის დიქტატურა, რომელსაც ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით და მერე განვითარდება ის პროცესები, რომელიც არავის არ სჭირდება. ეს გარეწრები – „ნაციონალური მოძრაობა“ და 14 პარტია, ვინც ამას ხელი მოაწერა, ჩამოცილებული უნდა იქნენ პოლიტიკური ველიდან და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
თეატრის მხატვარი, შოთა გლურჯიძე, რომელიც პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციას უერთდება for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამომწურავი იყო საპატრიარქოს განცხადება, რომელსაც მეტი ინფორმაცია აქვს მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით.
„არის თუ არა კვირეულის მიზანი დესტაბილიზაცია? – რადგან ეკლესია ხედავს ამ საფრთხეს, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა. ამ პროვოკაციის აღკვეთა არის ხელისუფლების პრეროგატივა, რომელსაც გადავეცით ძალაუფლება. საჯარო სივრცეში ყოველგავრი უგვანო საქციელის აღკვეთა ევალება ხელისუფლებას და შესაბამისად, უნდა იმოქმედოს! მე მგონია, რომ ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. აი, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს, ჩვენ გვაქვს უფლება შევცვალოთ ხელისუფლება და ეს იქნება ყველაზე სწორი საქციელი.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფელბა არ ასრულებს მისთვის გადაცემულ ძალაუფლებას. ზოგი ამბობს, რომ უუნაროა, ზეწოლა მიდის მასზე და ვერ ასრულებსო. ორივე ვარიანტში გამოსაცვლელია და ეს ძალიან მარტივია“, – აცხადებს თეატრის მხატვარი.
მისი თქმით, რაც შეეხება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასეთი ვნება, რომ ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა, საჯარო სივრცეში გაიხადონ, ან რაღაცა უგვანო საქციელი ჩაიდინონ, მათ უნდა შევაგნებინოთ, რომ საჯარო სივრცეში გახდა მიუღებელია.
„თუ ვერ შეიგნებენ, მაშინ არსებობს ძალდატანებითი ქმედება, მაგალითად ვუმკურნალოთ, რადგან დარღვეული აქვთ ფსიქიკური ფუნქცია. ესეც არის სახელმწიფოს ფუნქცია. მარტივი ლოგიკაა, ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, ამიტომ ჩვენ მოვთხოვთ სახელმწიფოს, რომ ეს პროვოკაცია აღკვეთოს, თუ ესენი არ შეისმენენ, მერე გამოვცვლით ხელისუფლებას, რომელიც ვერ მართავს სახელმწიფოს. ის, რასაც ესენი გვთავაზობენ, ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, არ ესმით რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მარაზმი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას შოთა გლურჯიძემ.
თან, გონორი ნახეთ მაგ თავხედისა! - შსს მინისტრი გამოცხადდეს აქაო!..
არ ვიცი, გომელაურმა რა თქვა, მაგრამ მე საჯაროდ გავაგზავნიდი ერთ ადგილზე!