წერეთელი აკაკი ბაქრაძეს რეკომენდაციას გაუწევს

წერეთელი აკაკი ბაქრაძეს რეკომენდაციას გაუწევს

(იბეჭდება შემოკლებით)

ირაკლი წერეთელი:

„მე მინდა, რომ მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ თუ დაისმება აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხი, დავალებული მაქვს მოვძებნო სოლიდური ასაკის კაცი, რომელიც ხელისუფლებაში პირველი პირი იქნება.

ახლა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მაინცა და მაინც დიდი სურვილი არა მაქვს რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელმძღვანელი ვიყო.

ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ შესაფერის კანდიდატურას, ოღონდ, მან ჩვენი პროგრამა უნდა გაიზიაროს.

თუ აკაკი ბაქრაძე მხარს დაუჭერს ჩვენი პარტიის სტრატეგიულ შეხედულებებს და იქნება კაცური სიტყვა, რომ ის ამ სტრატეგიიდან არ გადაუხვევს, მე მზად ვიქნები, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის პირველ კაცობას გავუწიო რეკომენდაცია.

სამწუხაროდ, ბატონი აკაკი, არ აიღებს ამ ტვირთს. მაგრამ სხვაც გამოიძებნება.

აუცილებელი არ არის დიდი ავტორიტეტი ჰქონდეს. სხვათა შორის, ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი თავის დროზე დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა. საქართველოში, მაგალითად, თენგიზ სიგუა, თავიდან, მაინც და მაინც ცნობილი კაცი არ იყო, მაგრამ ხომ ყველას ჯობდა?

თუკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჩიკვაიძე უარყოფს შევარდნაძეს და ჩემს პარტიაში შემოვა, უფლებაც არ მექნება რომ არ მივიღო.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ იზიარებს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის პროგრამას და მხარს უჭერს ედპ-ს ხელისუფლებაში მოსვლას, ის ავტომატურად ხდება ამ პარტიის წევრი, არც არის საჭირო ამის გაფორმება.“