გერმანიიდან დაბრუნებული და მოტყუებული ქართველები საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებენ

გერმანიიდან დაბრუნებული და მოტყუებული ქართველები საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებენ

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული ქართველები სამშობლოში იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჯიბეში ერთი თეთრიც არ აქვთ და დაპირებული საათობრივი 9,5 ევროს ნაცვლად საათში 2,5-დან 3 ევრომდე გამოიმუშავეს. სატაცურის, მარწყვის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების საკრეფად წასული ჩვენი მოქალაქეები კაბალურ პირობებზე საუბრობენ და აპირებენ დასაქმების სააგენტოს უჩივლონ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მხოლოდ პირველ დღეს, 24 საათში საქართველოს 35 121-მა მოქალაქემ შეავსო აპლიკაცია. აპრილ-მაისში კი გერმანიაში 54 ქართველი გაემგზავრა.

გერმანიიდან დაბრუნებულების უფლებას პროფკავშირები დაიცავს. For.ge პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტ თამილა გაბაიძეს ესაუბრა.

გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები დასაქმების სააგენტოს უჩივიან. როდესაც მათი მძიმე პირობების შესახებ გახმიანდა, სააგენტო მათ გერმანიაში სხვა დამსაქმებელთან გადაყვანას დაჰპირდა, შეასრულა თუ არა დანაპირები, თუ კვლავაც მოტყუებულნი აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები?

- მას შემდეგ, რაც ქართველმა დასაქმებულებმა გაავრცელეს ინფორმაცია მძიმე შრომითი პირობების შესახებ, პროფკავშირების გაერთიანება მათთან კონტაქტში იყო. ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი პირადად ეკონტაქტებოდა ერთ-ერთს ამ ჯგუფში, რომელიც აქტიურად აკეთებდა განცხადებებს - ჯაბა ჩაჩანიძეს. ამ ადამიანებმა მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიის შრომითი ინსპექციის სამსახურსაც, 4 ივნისს მათთან მივიდა შრომითი ინსპექციის წარმომადგენელი, გაესაუბრა როგორც დამსაქმებელს, ისე ქართველ დასაქმებულებს, შეისწავლა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და გამოავლინა არაერთი დარღვევა, მათ შორის, რომ დასაქმებულები არ იყვნენ დაზღვეულები გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად. დამსაქმებელს დაავალა, გამოეკვლია, იყო თუ არა ვალდებული, დაეზღვია ეს ადამიანები. ამას გარდა, გამოავლინა მაისის თვეში დაკლებული ხელფასის საკითხიც, გერმანული კანონმდებლობით, მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის თანახმად, მინდვრის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს უნდა მიეღოთ საათში 9,5 ევრო. ამის ნაცვლად გერმანიის კერძო დამსაქმებელმა თავიდან 3 ევრო შესთავაზა. ქართველები ასეთი დაბალი ანაზღაურების გამო ქართული მხარის რეაგირებას დაელოდნენ, მაგრამ მაინცდამაინც ამას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც გითხარით, პირველად ინსპექტირება ჩატარდა 4 ივნისს, ამ დროისთვის მაისის ხელფასი უკვე დაკლებული ჰქონდათ. მაისის თვეში მათ მიიღეს 300 ევრო, ინსპექტირების შედეგად კი ამ ორგანომ დაადგინა, რომ, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, ამ ადამიანებს უნდა მიეღოთ, სულ მცირე, 1444 ევრო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9 ევრო და 35 ცენტიც კი არ გადაუხადეს, არადა, იმავე ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ამ ადამიანებს ანაზღაურება უნდა მიეღოთ საათობრივად და არა მოწეული მოსავლის კილოგრამობის მიხედვით. გერმანელი დამსაქმებელი მოწეული მოსავლის კილოგრამების მიხედვით აპირებდა თანხის ანაზღაურებას. ეს ყველაფერი დარღვევად დაადგინა გერმანიის შრომის ინსპექციის სამსახურმა და დამსაქმებელს გერმანიის მინიმალური ხელფასის კანონის თანახმად განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა მოსთხოვა. ამისთვის 16 ივნისამდე მისცა ვადა. 16 ივნისს დამსაქმებელს ისევ არ ჰქონდა ვალდებულება შესრულებული.

როგორც ვიცი, საქართველოდან გერმანიაში წასული ადამიანები მცირეფართიან ოთახში მოათავსეს, სადაც ქალები და მამაკაცები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ.

- დიახ, გამოვლინდა საცხოვრებელი პირობების შეუსაბამობა გერმანულ კანონმდებლობასთან, ასევე, საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. 16 ივნისსაც არ იყო მოთხოვნები შესრულებული, ქართველ დასაქმებულებსაც აღარ შეეძლოთ იქ გაჩერება, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, ანუ ქართულ მხარეს არ უზრუნია, რომ ისინი სხვა დამსაქმებლებთან გადაეყვანა, არამედ ეს უზრუნველყო გერმანულმა მხარემ. ახალ დამსაქმებელთან საცხოვრებელი პირობები კარგი კი იყო, არც საკვები იყო ცუდი, მაგრამ პრობლემად რჩებოდა მწირი ანაზღაურება. ამჯერად უკვე ანაზღაურებად 2,5 ევრო შესთავაზეს, რაც კიდევ უფრო დაბალი შეთავაზება იყო. ეს იყო ბოლო წვეთი ამ ადამიანებისთვის, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. ვადაზე ადრე შეწყვიტეს კონტრაქტი, არადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ გერმანიაში. დაჯავშნილი ბილეთი ვეღარ გადაცვალეს და ერთი კარგი რაც მოხდა, გერმანიის საელჩომ უზრუნველყო ამ ხალხის გამომგზავრება საქართველოში. ბილეთები გერმანიის საელჩომ იყიდა და უზრუნველყო გამომგზავრებამდე წინა ღამეს სასტუმროში მათი დაბინავებაც.

როგორ მოხდა, რომ დასაქმების სააგენტო სულ სხვა პირობებს სთავაზობდა ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ გერმანიაში სულ სხვა პირობებში აღმოჩნდნენ?

- მოგეხსენებათ, 2021 წელს გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესახებ. განურჩევლად დამსაქმებლისა, ეს შეთანხმება ითვალისწინებდა მინიმალურ ანაზღაურებას გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, რაც გათვალისწინებული იყო, ისიც არ გადაუხადეს ამ ადამიანებს, ისინიც დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შევხვდით აეროპორტში, ყველაფერი დაადასტურეს, რაზეც აქამდე ისაუბრეს. სასამართლოსთვის გადასაცემი მტკიცებულებები, ქვითრები, ბილეთები შენახული აქვთ, იმასაც დაამტკიცებენ, თუ რა სახის კონსულტაციები გაიარეს საქართველოში გერმანიაში ჩასვლამდე. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად შრომის პირობებზე მონიტორინგი ევალებოდა ორივე მხარეს, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ეს ზიანის ანაზღაურება უნდა იყოს ზუსტად ის მიუღებელი შემოსავალი, რაც უნდა მიეღოთ ამ ადამიანებს და არაეფექტური მოქმედების გამო ვერ მიიღეს.

მანამდე პოლონელები მუშაობდნენ ამავე სამუშაოზე და ისინი გაექცნენ გერმანელ დამსაქმებელს, უფრო ადრე კი თავად გერმანელმა მუშახელმა განაცხადა უარი გერმანელ დამსაქმებელთან თანამშრომლობაზე კაბალური პირობების გამო. ქართველების გარდა იქ სხვა ეროვნების დასაქმებულებიც თუ იყვნენ, თუ მხოლოდ ქართველებს ექცეოდნენ ასე?

- ქართველების გარდა იქ იყვნენ კიდევ რუმინელები, ბულგარელები, პოლონელები, მაგრამ ისინი დამსაქმებლის შესახებ არაფერს ამბობდნენ, რადგან ბევრი მათგანი არალეგალურად იყო დასაქმებული და ხმა რომ ამოეღოთ, არალეგალურად მუშაობის უფლებაც ჩამოერთმეოდათ. დამსაქმებელი ერთნაირად ცუდად ეპყრობოდა ყველას და მიიჩნევდა, გერმანიაში მძიმე შრომით არის ყველაფერი მოსაპოვებელი. თავსხმა წვიმის დროს დაგვიანებით მიუცია საწვიმარი ლაბადა, ბოტები, არაფერი იცავდა ამ ხალხს წვიმისგან. ახლა დაბრუნდა 10 ადამიანი, ამ ჯგუფში ორი ქალბატონი იყო და რვა მამაკაცი. ორ მათგანს მიუღია ფეხის დაზიანება, ერთს მუშაობისას, მაგრამ ეს დამსაქმებლის ბრალი არ იყო, იმდენად დიდხანს იდგა ფეხზე, რომ მყესი დაეჭიმა, მეორე ქართველ ბიჭს კი ფეხი ჩაუვარდა საჭირო ოთახში, სადაც რაღაც ჩატყდა, ფეხი დაიზიანა, ათი დღე ვერ მუშაობდა და ივნისის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში, პრაქტიკულად, ვერაფერი გამოიმუშავა.

გერმანიიდან დაბრუნებულები სხვებსაც აფრთხილებენ, სანამ დეტალებს არ გაარკვევენ, ნუ წავლენ გერმანიაში. ამ ადამიანებს გერმანიაში გამგზავრების ხარჯების გადახდაც თავად მოუწიათ. რა თანხებზე საუბარი?

- ცხადია, გერმანიაში დასაქმებაზე არ ამბობენ უარს, უბრალოდ, მიიჩნევენ, რომ ასე უკონტროლოდ და უყურადღებოდ არ ღირს დასაქმება, წინასწარ უნდა იყოს ყველაფერი გარკვეული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ და დახვდათ სრულიად სხვა რეალობა. ისინი ამბობენ, წინასწარ რომ გვცოდნოდა 2,5-3 ევროს გადაგვიხდიდნენ, მაშინ არ წავიდოდით გერმანიაში. საათში 12 ლარისთვის არავინ წავიდოდა ამხელა გზაზე გერმანიაში. ისინი ამბობენ, არც ერთი თეთრი არ გვიდევს ჯიბეში, პირიქით, ვალები დაგვედოო. ყველა მათგანს ეს ყველაფერი დაუჯდა გარკვეული ფინანსები, 1000 ან 2000 ლარი მაინც, ჯანმრთელობის ცნობის გაკეთება, ნასამართლეობის ცნობა და ა.შ. ორგვარი შემთხვევა იყო, როცა გერმანიაში სამუშაო არ იყო და 8 საათს ვერ ამუშავებდნენ, დღეში მხოლოდ 2-3 საათს ამუშავებდნენ და ამის გამო არ უნაზღაურებდნენ გაცდენილ საათებს და იყო შემთხვევა, როდესაც, პირიქით, დღეში 10-12 საათს ამუშავებდნენ, შესვენების გარეშე.

 

ლაზი უჩივლონ და კომპენსაციაც უნდა გადაახდევინონ. რატომ იღებს სახელმწიფო თავის თავზე ძიძის როლს!?
სახელმწიფოს მოვალეობაა შექმნას უცხოეთში დასაქმების სამართლებრივი ბაზა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხოეთში აპრიორი არალეგალი არ იყოს. დანარჩენს დამსაქმებლები და დასაქმების მაძიებლები გაარკვევენ, უშუალოდ ან თუნდაც კერძო შუამავლების მეშვეობით.
ხომ აქვს ყველას ევროკავშირში 90 დღით ყოფნის უფლება, იმავე დროში დასაქმების უფლებაც დაემატოს, კონკრეტულ ქვეყნებში, და დანარჩენი მოქალაქის საქმეა.
დადის ხალხი, მაგ. პოლონეთში სამუშაოდ. ზოგი კმაყოფილია, ზოგიც არა, მაგრამ სახელმწიფოს ხელებში არ შეჩერებიან და არც უჩივიან. პოლონეთში თუ პოულობენ დამოუკიდებლად სამუშაოს, გერმანიაში ვერ იპოვიან?
ისე საიტერესოა, რომელიმე ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება თუ აგროვებს მუშახელს ორგანიზებულად უცხოეთში წასაყვანად?
3 წლის უკან
Maverick ლაზი, გეთანხმები! რასაც ბრძანებთ სრული ჭეშმარიტებაა!

ამასთან, გონივრული ეჭვი მაქვს, რომელიღაც მამაძაღლმა ჩინოსანმა ხელის მოთბობა გადაწყვიტა, მისი შინაური შეტენა ამ ბლეფში და შედეგიც სათანადო მიიღეს დასაქმებულებმა!

იმედია გამოიკვლევა ყველაფერი და ხალხის მყვლეფელებს სათანადო მიეზღვება...?!

რაც შეეხება თქვენ ბოლო შეკითხვას, მეორე აბზაცში გავეცი პასუხი.
3 წლის უკან
ლაზი გენიოსია ქართული გონი. მაინც რამ ათქმევინა: მარწყვი მპირდება გასუქებასო, მაგრამ არ ველი ასრულებასო.
გონმა კი იცის მაგრამ, ითვალისწინებს ვინმე?
3 წლის უკან