შეზღუდვების თითქმის სრულად გაუქმებიდან ერთი კვირის თავზე ეპიდემიოლოგიური ვითარება ცოტათი გაუარესდა. თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შეზღუდვების გამკაცრებაზე დაწყებულიყო საუბარი.
გაუმჯობესებული ეპიდვითარების შემდეგ, 1200-მდე ახალი შემთხვევა ნამდვილად საყურადღებოა, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნაზე გადავიდა და პირველი ივლისიდან კომენდანტის საათიც გაუქმდება, რომელიც, როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.
პარალელურად, დაწყებულია ზაფხულის სეზონი, ქვეყანა ტურისტების ნაკადს ელოდება. აქ კი უკვე გაჩნდა გარკვეული საფრთხე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რამდენად უკავშირდება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატება „დელტა-შტამს“.
„ზოგადად, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა რომ უკავშირდება მეტ მობილობას, ფაქტია. დღეს ასევე საბჭოს ვუთხარი, რომ ტურისტებში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის და მერე მათი იზოლირების. ანუ, გაზრდილი მობილობა შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რომ ტურისტების ნაწილს ვირუსი ქვეყანაში შემოსვლისას დაუფიქსირდა, ნაწილს ქვეყანაში ყოფნისას.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და ცუდი სცენარის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი დაბრუნდეს. ამაზე მთავრობაში კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა, არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს“.
„ეს მაჩვენებელი ეპიდემიური სურათის ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის. დღეს შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, უნდა დავაკვირდეთ კვირის ბოლომდე, თუმცა ის ზომები, რომლებიც არის პირბადის გამოყენებასა და სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, უნდა დავიცვათ“, - თქვა თამარ გაბუნიამ.
პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში უდიდესი ზარალი მოიტანა, განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიიღო სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა. უშუალოდ ზაფხული სეზონის გახნისთანავე შეზღუდვებზე განახლებული საუბარი, მდგომარეობას რადიკალურად დაამძიმებს.
რესტორნების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სარესტორნე ინდუსტრიაში 4 000 კვების ობიექტი დღეისთვის აღარც არსებობს, ამიტომ ვითარების დაძაბვა, საქმეს ძალიან გაართულებს.
„პანდემიის შემდეგ რესტორნების უმრავლესობამ ამოქმედება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო: ობიექტებმა, რომლებიც იჯარით აღებულ ფართში ოპერირებდნენ, მეიჯარეებთან დაგროვილი გადასახადების გამო, ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს.
მეორე ისაა, რომ სარესტორნე ქსელებმა ობიექტების რაოდენობა შეამცირეს და, შესაბამისად, თანამშრომლებიც დაითხოვეს, დღეისთვის კი კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება ჭირს;
მუშაობისთვის რესტორანს ფინანსური რესურსები სჭირდება, რადგან კოვიდის პერიოდში ზეწოლა ბანკებიდან საგადასახადო კუთხით იყო და ამ ფინანსურ წნეხს ვერ გაუძლეს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესმედიასთან“.
როგორ გაგრძელდება ბიზნესის გამართული მუშაობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც მართალია გამოსწორდა, თუმცა მაინც საკმაოდ მყიფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს.