ნინა წკრიალაშვილი უკვე ორი წელია, რაც კულტურის სამინისტროში, კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსია. როგორც თვითონ გვითხრა, ეს საქმე, მართლაც, რომ კარგად გამოსდის.
ნინა, სამსახურს როგორ შეეგუეთ?
- უკვე ორი წელია, რაც ამ სამსახურში ვარ. ძალიან მომწონს აქ მუშაობა და არ ვფიქრობ, რომ თავს ვერ ვართმევ, ან მიჭირს სამსახურთან შეგუება. ქალბატონ მარინასთან შეთანხმებით, ვაგვარებ იმ საქმეებს, რასაც კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელება ჰქვია. ვცდილობთ, ბევრი საინტერესო საქმე მოვაგვაროთ. ის ადამიანებიც, ვისთანაც ვმუშაობ, ძალიან ენერგიულები და შრომისმოყვარეები არიან, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აქ დარჩენა და ამ საქმეზე მუშაობა, მართლაც, ისაა, რაც მჭირდებოდა.
მაინც რა გევალებათ?
- ჩვენი დეპარტამენტი ემსახურება კულტურულ ღონისძიებებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ამ დეპარტამენტის უფროსია ქალბატონი მარინა ბერიძე. ის ღონისძიებები, რაც თბილისში იმართება, ქალბატონ მარინასთან შეთანხმებით გვარდება, მეც ვცდილობ, უფრო კარგი გამოვიდეს, კარგად დაიგეგმოს. ასე რომ, ურთიერთშეთანხმებით სხვადასხვა ღონისძიებებს თბილისში ვაწყობთ.
ხელფასი რამდენი გაქვთ?
- 1200 ლარს ვიღებ ხელფასს. არ ვფიქრობ, რომ ცოტა მაქვს, ან არ მყოფნის. თანაც, კონცერტებიდან ჰონორარებსაც ვიღებ. აქედან გამომდინარე, იმაში, რომ საკუთარ თავს მივხედო, კარგად ჩავიცვა და სხვა თანხაც დამრჩეს, საკმარისი ხელფასი მაქვს და მყოფნის კიდეც. რაც უფრო მეტი ფული მაქვს, მით უფრო მეტი მეხარჯება. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, კარგი მფლანგველი ვარ.
იმიჯს ყოველთვის იცვლით?
- ახლა დროებით გავქერავდი, თუმცა ეს იმის გამო არა, რომ იმიჯს ვიცვლი. აქამდე წაბლისფერი თმა მქონდა, ესეც იმიტომ, რომ თმას ვუფრთხილდები. თანაც დამეწვა, უხეში და უსიცოცხლო თმა სულაც არ მიყვარს. ახლა, ისევ ქერა ვარ, თუმცა, ვაპირებ შევიღებო და დავასვენო. ისევ დაგრძელებული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაიმე მკვებავი საშუალებები გამოვიყენო. მომწონს, როცა ქალი ფორმაშია, მეც ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, თავს მოვუარო და ყოველდღე კარგად გამოვიყურებოდე. იმის გამო, რომ სახელმწიფო სამსახურში ვარ, არ ვიცვამ ისეთ ტანისამოსს, რაც ჩემს სამსახურს არ შეეფერება. მართალია, აქ არავინ დაგიშლის იმას, არიქა, ეს არ ჩაიცა, ან ის ცუდად გაქვსო, თუმცა, მე თვითონ ვცდილობ, აქ კლასიკურად, სამსახურის შესაფერის ფორმაში მეცვას.
ტანისამოსს სად ყიდულობთ?
- ვცდილობ, ის ვიყიდო, რაც მიხდება და მომწონს. ფეხსაცმელების მანია მჭირს. იმდენს ვყიდულობ, რომ უკვე აღარც მახსოვს, რომელი მეცვა და რომელი არა. დაახლოებით, 50 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს. ყველაზე მეტი ფული ფეხსაცმელში მეხარჯება.
ერთი ზომით ნაკლები ფეხსაცმელიც ხომ არ ჩაგიცვამთ?
- ერთი ზომით პატარაც ჩამიცვამს და ერთი ზომით დიდიც. როცა ადამიანს ფეხსაცმლის მანია აქვს, ის აუცილებლად ჩაიცვამს იმ ფეხსაცმელს, რომელიც მოსწონს, მნიშვნელობა არ ექნება იმას, ზომით დიდია თუ პატარა. ასე რომ, ჩამიცვამს კიდეც. თუმცა, ამჯერად, ფეხსაცმელებს ინტერნეტით ვუკვეთავ და პირდაპირ მოაქვთ ჩემი ზომის ფეხსაცმელი.
როგორია ნინა სამსახურს გარეთ?
- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფრით განსხვავებული სხვებისგან. როგორიც უნდა იყოს ქალი, ისეთი. მყავს მე–8 კლასელი ბიჭი, რომელმაც იცის, რომ თუ კარგად არ ისწავლის, დედისგან ვერაფერს მიიღებს. ასე რომ, ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ.
მკაცრი დედა ხართ?
- უფრო მეგობრული ვარ, ვიდრე სხვა დედები. მე მგონი, ჩემს შვილს რომ ჰკითხოთ, არ იტყვის, რომ ცუდი დედა ვარ. არ მიყვარს უზრდელი და თავხედი ბავშვები, იცის, ასეთი თუ იქნება, დედა კი არა, მისი მტერი უფრო ვიქნები.
როგორი დიასახლისი ხართ?
- საშინელი. ადრე ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ახლა, ამისთვის დრო არ მრჩება. დამხმარე ქალი მყავს და ყველაფერს ის ამზადებს. აბსოლუტურად ყველაფერის გაკეთება ვიცი, ყველა რეცეპტი გაზუთხულიც კი მაქვს, ვაკეთებდი კიდეც, თუმცა, როცა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დროდადრო დიასახლისობასაც შევეშვი. მართალია, ნამცხვრები არასდროს გამომდიოდა, მაგრამ კერძებს არაჩვეულებრივად ვამზადებდი. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, მეც შევიცვალე.
ფიზიკურადაც შეიცვალეთ.
- კი, რატომაც არა. სულ ახლახანს ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. მერე რა, რომ თვალის ბალიშები დავიპატარავე, ან ტუჩები დავიბერე. არც პლასტიკური ჩარევების წინააღმდეგი ვარ, არც ბოტოქსის. თუ ადამიანს უნდა, რატომაც არა, უნდა გაიკეთოს, მით უმეტეს, თუ ამის საჭიროებას გრძნობს. ამაზე ხშირად ჭორაობენ, თუმცა, ეს ჭორი არაა, მერე რა, რომ პლასტიკურ ქირურგიას მივმართე, თუმცა იმდენს ჭორაობენ ჩემზე, ასე მგონია, ეს ყველაფერი ჩვევაში აქვთ.
ნუთუ ჭორები გაღიზიანებთ?
- უკვე აღარ. თუმცა, ის ნამდვილად მაღიზიანებს, რომ ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალიც კი არ ურევია. ამ ადამიანებს საკუთარი პირადი არ გააჩნიათ. აქამდე, გული მწყდებოდა ამ ყველაფერზე. ათას ჭორს იგონებდნენ, რომ გავემწარებინე. სულ ახლახანს ჩემზე ცინცხალი ჭორი გავიგე, შვებულებაში ვიყავი, მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ნინა გავიგე, გარემოს დაცვის მინისტრად გნიშნავენო. სიმართლე გითხრათ, 10 წუთი ვიცინოდი, მიკვირდა, ამხელა ფანტაზიის უნარი საიდან ჰქონდა იმ ხალხს, ვინც ეს მოიგონა.
მამათქვენსა და თქვენს დაძაბულ ურთიერთობებზეც ჭორაობდნენ.
- მამასთან დაძაბული ურთიერთობა არა მაქვს. ძმაკაცებიც კი ვართ. ერთკვირიანი გაბუტვები ყოფილა, ყველა ადამიანს აქვს ოჯახში დაძაბული ურთიერთობა. გაუგებრობა ყველგან ხდება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მამასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. აი, ამ საკითხზე ჭორები მართლაც რომ მაღიზიანებდა.
მოდით, პირადულზეც მესაუბრეთ, დაოჯახებას არ აპირებთ?
- არ მაქვს ის იდეაფიქსი, რომ აი, მე უნდა გავთხოვდე. ეს თავისით მოდის, სიყვარულს ხომ არ ეტყვი, გინდა თუ არა მოდიო. ასე რომ, ველოდები სიყვარულს.
მარტო ხართ?
- არ მცხვენია იმის თქმის, რომ მარტო ვარ. ამჯერად, მართლა არავინ მყავს. სიმართლე გითხრათ, არ განვიცდი, თუმცა, დავიღალე მარტოობით. ალბათ, ყველა ქალის ცხოვრებაში დგება ეს ეტაპი, თუმცა, მალევე ქრება.