საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა შვეიცარიასთან (3:3) პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, მაგრამ მარცხს უნდა შეეგუონ, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია.
„როდის წავაგეთ თამაში? მე-80 წუთზე, რადგან პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ და ანგარიში 3:1 გავხადეთ. შემდეგ შვეიცარიამ ორი გოლი გაგვიტანა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია, შედეგი უნდა მივიღოთ. ძალიან ერთიან გუნდთან ერთად საოცარი მომენტები გამოვიარეთ.
3-მცველიანი ტაქტიკა? შესარჩევ ეტაპზე და ამხანაგურ მატჩებში 2-3-ჯერ ეს ექსპერიმენტი გავაკეთეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ შვეიცარიამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თუმცა, პირველი ტაიმის მერე სიტუაცია გამოვასწორეთ და სწორ გზაზე ვიდექით. მბაპეზე ვერავინ გაბრაზდება, რადგან მან მეხუთე პენალტზე პასუხისმგებლობა აიღო, რაც ადვილი არ არის. პენალტებში მარცხი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული დარტყმაა.
მომავალი? მშვიდად ვარ. ფეხბურთი ასეთია: როდესაც იმარჯვებ, ფეხბურთელების დამსახურებაა, როდესაც მარცხდები, დამნაშავე მწვრთნელია. პასუხისმგებლობას ვიღებ ამ მარცხზე, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ. სამწუხაროა, მაგრამ ხვალიდან უფრო ბედნიერები ვიქნებით“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა დიდი ტურნირის მეოთხედფინალში. შვეიცარია კი მომდევნო ეტაპზე ესპანეთს დაუპირისპირდება.