საქართველოში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას განიხილავს. დასაქმების მხრივ ქვეყანაში ვითარება მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ რამდენად გაწვდება ბიუჯეტი ათეულ ათასობით ადამიანის ახალი ტიპის „კომპენსაციის“ გადახდას, ეს მთავარი და ძნელად გადასაწყვეტი საკითხია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა. 18.5%-ზე მაღალი უმუშევრობა მხოლოდ 9 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულშია, ესენია: სამხრეთ აფრიკა - 28.7%, დასავლეთი სანაპირო და ღაზა - 27.4%, ლესოტო - 24.6%, ესვატინი - 23.4%, გაბონი - 20.5%, ნამიბია - 20.4%, სენტ-ვინსენტი და გრენადინები - 20.3%, სომხეთი - 20.2% და ლიბია - 19.4%.
მაშინ, როდესაც მსოფლიო დონეზეც კი ქვეყანა გამორჩეულია უმუშევრობის დონით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს უმუშევრად თვლის. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია, ამიტომ არის ასეთი დიდი აცდენა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელსა და სოციოლოგიური გამოკითხვით დაფიქსირებულს შორის.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მთელი წლის განმავლობაში საქართველოში 282 ათასი ადამიანი იყო უმუშევარი. თუმცა მათი რიცხვი მე-4 კვარტალში მაქსიმუმს, 308 ათასს აღწევდა, რაც სამუშაო ძალის 20.4% იყო. 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა, უმუშევარი იყო 318 ათასი ადამიანი.
ქვეყანაში დასაქმებული 1.2 მილიონი ადამიანი ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. სწორედ თვითდასაქმებულების ნაწილია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია. 2020 წელს ბოლოს 845 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ იღებდა შრომის ანაზღაურებას და 396 ათასი იყო თვითდასაქმებული, სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობდნენ.
სწორედ გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს. ჯერჯერობით, უცნობია დაზღვევის რა მოდელს აირჩევს ხელისუფლება.
„კოდექსზე მუშაობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იყოს შესაბამისი დაცვა და ეს მოიაზრებს როგორც ფულად გასაცემელს, ასევე ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, შრომის ბაზრის პოლიტიკას და დასაქმებაში ხელშეწყობას, ისევე როგორც უმუშევრობის რისკების დაზღვევას და გადაზღვევას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
სპეციალისტებისთვის კი სოციალური კოდექსით გათვალისწინებული ახალი სავალდებულო სადაზღვევო მექანიზმის შემოღება მიუღებელია. ჯანდაცვის დარგის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დაზღვევის ინიციატივა ქვეყნისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.
„იდეა, რომ ახლა შემოვიღოთ სავალდებულო უმუშევრობის დაზღვევა და ამით ვუშველით ქვეყანაში ეკონომიკურ ან სოციალურ მდგომარეობას, სრულად გაუმართლებელი და კონტრპროდუქტიული იქნება. ეს არ შეუწყობს ხელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, პირიქით, შეფერხდება და შედეგად მეტი ადამიანი გახდება დასახმარებელი.
ვფიქრობ, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური კოდექსი მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა ან არ ეცნობა საერთოდ მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, სავალუტო ფონდის ჩატარებულ კვლევებს, ან ეცნობა და სამწუხაროდ, სათანადო აზრი ვერ გამოაქვს.
რაც არ უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ფეხი ვერ აუწყონ ცხოვრების მიმდინარეობას და სჭირდებოდეთ მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც 2006 წლიდან ამოქმედდა. ეს უნდა შენარჩუნდეს, შეიძლება მოდიფიკაცია დასჭირდეს, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის უმუშევრობის შემწეობის შემოღება, რომელიც კონტრპროდუქტიული იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულები ოფიციალურად დასაქმებულად ითვლებიან, რეალურად მათი დიდი ნაწილიც ეძებს სამსახურს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამსახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად, შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.