„დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მტერი, თვითონ დასავლეთია - საქართველოს ბედ–იღბალს გაზომავენ ისე, რომ არაფერი შეეშალოთ?!“

„დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მტერი, თვითონ დასავლეთია - საქართველოს ბედ–იღბალს გაზომავენ ისე, რომ არაფერი შეეშალოთ?!“

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. დამოუკიდებელი სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია ქვეყნისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ, ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში.

ამის მიუხედავად, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს. ევროკავშირის ელჩის პოზიციას ამყარებს აშშ–ის ელჩი, კელი დეგნანი, რომლის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება.

ეს კი, ეჩლის განცხადებით, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ შესაძლოა, პარტნიორებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ და ამაზე სავარაუდოდ, საუბარი შედგება. სარჯველაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების საპარლამენტო პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმებიდან არც ერთი არ რჩება.

შეფასებებში მკაცრია სოზარ სუბარი. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს უკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ. მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში. ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენი მეგობრების და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად, რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიპლომატიურ კორპუსს ტონალობას უწუნებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლების სისუსტის აშკარა შედეგია, როცა საქართველოში აკრედიტებული ელჩი მიუთითებს რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს პარლამენტმა. როგორც საყვარელიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ისინი ამ თავიანთი დაუფიქრებლობით სწორედ რუსეთის საქმეს აკეთებენ.

პარლამენტი მოსამართლეთა არჩევის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. აშშ–ის და ევროკავშირის ელჩები პარლამენტისგან პაუზას ითხოვენ. წარმოუდგენელია საქართველოს ელჩები აშშ–ში და ევროკავშირში აკეთებდნენ ასეთ მკაცრ შეფასებას და მოუწოდებდნენ სენატს შეაჩერონ გადაწყვეტილების მიღება. როდესაც საქართველოში აკრედიტირებული ელჩები თავს უფლებას აძლევენ, ხელისუფლებას უკარნახონ რა და როგორ გააკეთონ, არ ფიქრობთ, ღომ ამით არღვევენ დიპლომატიურ ეთიკას?

რამაზ საყვარელიძე: პირველი წელი არ არის, როდესაც ელჩები ერევიან შიდა საქმეებში და დიდი ხანია ამაზე ვსუაბრობთ, მაგრამ ეს უტაქტობა გრძელდება. სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაწერა – „ახლა გავიგე სადაც ამერიკა შევიდა, იქ რატომ არის ანტიამერიკული განცხადებებიო“. ჩვენ, საქართველოს უამრავი კარგი გაგვიკეთა ამერიკამ და დასავლეთმა, მაგრამ ჩვენი გული ვერ მოიგო, სწორედ, იმიტომ, რომ უტაქტოდ იქცევიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესეც უტაქტობის ბრალია.

სხვა რამაზე აკეთებენ აქცენტს და ამ დროს სხვა რამეზე უნდა იყოს საუბარი. კერძოდ, აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ დოკუმენტი არის ხელმოწერილი და უნდა შესრულდეს ხელმოწერილი პირობა. მათი შუამდგომლობით იყო ეს ხელმოწერა გაკეთებული. ამიტომაც აქვთ ამ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნის ტონი. სხვა უამრავ შემთხვევაში, ისინი არღვევენ და არღვევდნენ დიპლომატიურ ეტიკეტს. ვთვლი, რომ ტონი და თითის ქნევა ზედმეტი მოსდით, მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში ხელმოწერილი პირობის შესრულებაზეა ლაპარაკი და მეტი არაფერი.

ეს თითის ქნევა, ხმამაღალი ტონი, უფრო მეტ ნეგატივს არ აჩენს პარტნიორი ქვეყნების მიმართ? ძალიან ხშირად მოგვისმენია შეფასება – რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი დამიქნევს თითს, თუ დასავლეთი?! პრინციპში, არის ამაში ლოგიკა...

– აბსოლუტურად გეთანხმებით. მკვეთრი ლოგიკა არის და აი, ამ თავიანთი დაუფიქრებლობით აკეთებენ სწორედ რუსეთის საქმეს. ეჭვი არ მეპარება, რომ არ უნდათ რუსეთის საქმის კეთება დეგნანს და ჰარცელს, მაგრამ დაუფიქრებლობით აკეთებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის საქმის კეთება არ უნდა ამერიკას როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა მთელს მსოფლიოს, მაგრამ რუსეთის საქმე რომ გააკეთა, ეს მერე აღმოაჩინა.

ფიქრობთ, რომ დაუფიქრებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც აშშ-ს და ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერევა პარლამენტის გადაწყვეტილებაში?

– მოდით, ახლა შევჯერდეთ იმაზე, რომ თუ ერთი შეცდომას უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მხარე სწორია.

ანუ, საქართველო არ არის სწორი?

– ნუ, რა საჭირო იყო „ქართული ოცნების“ მიერ 9 წლის განმავლობაში ამხელა პრობლემის შენარჩუნება? რაში დასჭირდათ? სააკაშვილს რაშიც სჭირდებოდა ცხადია - დანაშაულს სჩადიოდა და იმ დანაშაულის გადასაფარავად სჭირდებოდა თავისი მოსამართლეები. ამათ რაში დასჭირდათ ეს ამბავი? დღეს, სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც სააკაშვილის დროს იყო. რატომ იხდიან სალაპარაკოდ საქმეს?

არის ლოგიკა იმ ვერსიაშიც, რომელიც მმართველი ძალის მოხრეთაგან ისმის – ასეთი ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, სასამართლო სისტემას ამოატრიალებდა სასამართლოში არსებული „კლანი“, მით უმეტეს, ვიცით, როგორი გავლენიანი იყო ეს „კლანი“...

– გასაგებია, მაგრამ 9 წელი ვერ დაშალეს ეს ჯგუფი, თუ კლანი!? 2–3 წელიწადში შევარდნაძემ მხედრიონი და გვარდია დაშალა. გაიხსენეთ ის წლები, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა – ერთ მხარეს შეიარაღებული გვარდია ედგა, მეორე მხარს მხედრიონი. 2–3 წელიწადში ერთმანეთს ისე გადაკიდა, რომ მერე აღარც მხედრიონი იყო და აღარც გვარდია. რატომ? იმიტომ, რომ იცოდა ასე დატოვება არ შეიძლებოდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაღმი, რომელიც დღეს აფეთქების ზღვარზეა და ამ ნაღმა საზოგადოებაში გააჩინა ძალიან სამართლიანი კითხვა – თუ არ მინდა რუსული ჩექმა, რატომ უნდა მინდოდეს ამერიკული, ან ევროპული ჩექმა? და ძალიან მარტივია, თუ ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა, სწორედ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის ვადებზე და არა კელი დეგნანმა, ან კარლ ჰარცელმა...

– აბსოლუტურად გეთანხმებით, მოგყვევით ამ მსჯელობაში და მაგიტომ ითვლება დიპლომატიური ეთიკის არსებით ნაწილად ის, რომ დიპლომატმა არ უნდა იმსჯელოს იმ ქვეყნის შიდა პრობლემებზე, სადაც ის დიპლომატიური მისიით არის წარდგენილი. ამ შემთხვევაში ელჩები არღვევენ ამ ნორმას, არ იქცევიან როგორც დიპლომატები, იქცევიან როგორც მოწვეული ექსპერტები, ოღონდ ბოლოში კიდევ თითს იქნევენ, თუ ასე არ იქნება... ვერ გაიგებ, რაღაც ნაზავია. როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი რაღაცას ამბობს, მის უკან დგას სახელმწიფო.

ამ შემთხვევაში დეგნანი უფრო სწორია და რატომ? – მეორე დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზუსტად ის განცხადება გამოაქვეყნა, რასაც დეგნანი იძახდა. ჩვენ დიპლომატებს ვჩივით, მაგრამ მცდარი დეგნანი კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ დასავლეთია არასწორად მოქმედი ქვეყანა. დასავლეთმა ვერ გაიგო, რომ თავისი შეცდომებით ხელს თავის მტერს უწყობს. მისი შეცდომების შედეგია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთი გაძლიერდა ყარაბახის კონფლიქტის მისებურად მოგვარების გამო. როცა კონფლიქტის მოგვარება გადადეს სამუდამჟამოდ, პუტინმა ისე მოაგვარა, როგორც თვითონ აწყობდა.

საქართველოს შემთხვევაში დასავლეთის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, მცოცავი ანექსიის ფაქტები გვაქვს სახეზე. მთავარი მაგისტრალიდან ადვილად შესამჩნევია ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების ფაქტები...

– ანექსიის ფატქები და სამხრეთ კავკასიიდან განდევნილი რუსული ჯარები უკან შემოვიდა და აგერ დგას აფხაზეთში და ოსეთში. ეს მოჰყვა კოსოვოს აღიარებას. რომ ჰკითხოთ, რა მოიგო დასავლეთმა კოსოვოს აღიარებით, ვერავინ ვერ გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ეს იყო კლინტონის დროინდელი ფორმულა – კოსოვოს და სერბეთის საკითხი არის ერთ–ერთი საჯილდაო ქვა, სადაც საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ეჯიბრება ერთმანეთს. იმის მერე გავიდა დიდი დრო, დაიშალა ეს ოხერი საბჭოთა კავშირი, იმათმა მაინც აღიარეს კოსოვო. ანუ, რაღაცა ინერციით მოქმედებენ.

ინერცია, რომელიც საზოგადოებაში აჩენს ნიჰილიზმსს დასავლეთის მიმართ. წარმოუდგენელია ამას თვითონ დასავლეთი ვერ ხვდებოდეს...

– მაგას ვერ ხვდება კი არა, გადავავლოთ მსოფლიოს თვალი, ამერიკაშიც ნახევრად მორღვეულია სახელმწიფო სტრუქტურა. საპოლიციო სისტემის დაფინანსებაზე უარი თქვა პრეიზდენტმა ბაიდენმა. ამერიკის მთელ რიგ ქალაქებში შეიარაღებული ტიპები დადიან, ამ შემთხვევაში სამოქალაქო პირები. დღეს, რამდენად ღონივრად დგას ამერიკული სახელმწიფო, ეს კაცმა არ იცის. როგორ გაიმარჯვა ბაიდენმა და როგორ დამარცხდა ტრამპი, ეს კიდევ ცალკე თემაა. თავიანთი თავისთვის ვერ მოუვლიათ და ჩვენ გვინდა, რომ განგვისაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი?

რუსეთს რომ ვერაფრით ვერ მოუგეს საგარეო პოლიტიკა, ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჯერ საქართველოში შეიჭრა, შემდეგ უკრაინაში, ახლა თავისი ჩექმა ჩადო ყარაბახში და ვერაფერს უშვებიან. სანქციების გარდა, სხვა ბერკეტი არ აქვთ და რაც მთავარია, ხედავენ, რომ ამ სანქციებით რუსეთს ვერ აჩერებენ. ძნელი დასანახია ეს ყველაფერი? – რა თქმა უნდა, არა.

თუმცა, ახლა რუსეთი გაწია გვერდზე აშშ–მა და დასავლეთმა, წინა პლანზე ჩინეთია წამოწეული...

– და ჩინეთს რითი პასუხობენ? რა ინსტრუმენტი აქვთ იმისა, რომ ჩინეთი თავის ჭკუაზე ატარონ, როცა ჩინეთს აქვს უამრავი ინსტრუმენტი, რომ მთელი ევროპა და მით უმეტეს ამერიკა თავის ჭკუაზე ატაროს? ყველაფერს, მთელს მსოფლიოში, ნემსი და ძაფით დაწყებული, აწარმოებს ჩინეთი. ჩინეთმა რომ მოინდომოს ევროპასთან დაჯახება, ამისთვის უმარავი ინსტრუმენტი უკავია ხელში. დასავლეთს გაზომილი აქვს ეს ინსტრუმენტი? – არა. დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მტერი, თვითონ დასავლეთია და საქართველოს ბედ–იღბალს გაზომავენ ისე, რომ არაფერი შეეშალოთ?!

ამიტომ, ჩვენი სისულელეა, როცა თუთიყუშებივით ვიმეორებთ იმას, რასაც ისინი გვეუბნებიან. რა თქმა უნდა, უნდა შეასრულო რასაც ისინი ამბობენ, მაგრამ უნდა იცხოვრო ისე, როგორც შენ გჭირდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ქვეყნებს მტრად ვერ მოვიკიდებთ. ამიტომ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ელჩები არაფერ შუაში არ არიან. აბა, ერთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს ელჩი და უთხარას, რომ ნუ ერევი პარლამენტის გადაწყვეტილებაშიო! უფრო ადრე, დავით ზალკალიანს დაიბარებს აშშ–ის ელჩი, ვიდე ზალკალიანი ელჩს.

საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სულაც არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო? მართალია, არ ვართ რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რადგან წარმოუდგენელია დამოუკიდებელ სახელწიფოს თითს უქნევდნენ...

– როგორ არის წარმოუდგენელი, გენაცვალე? ყველა ერთმანეთს უქნევს თითს, თუკი თითის დაქნევის საშუალება მიეცათ. ძლიერი სახელმწიფო არ ხარ და მაგიტომ გიქნევენ თითს. მარტო დამოუკიდებლობა არ კმარა, სრულფასოვანი დამოუკიდებობისთვისაც ძალა გჭირდება. საქართველო დავით აღმაშენებლის დროს იყო ისეთი დამოუკიდებელი, რომ სხვები დადიოდნენ მის ჭკუაზე, თორემ მთელი ისტორიის მანძილზე, რადგან პატარა ქვეყანა იყავი, ხან ირანი გინიშნავდა მეფეს, ხან თურქები, ხან არაბები, ხან მონღოლები. მეფეს - აი, ამ შთამომავლობით მიღებულ თანამდებობას!

ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ბევრად უფრო პატარა ვართ ვიდრე, მაშინ. ის, რასაც გვიბედავენ, არის ჩვენი სისუსტის ბრალი. ოღონდ ეს აღარ არის ხმლის სისუსტე, ეს არის ეკონომიკური სისუსტე. მაგალითად, იაპონიას ასე ადვილად ვერ გაუბედავენ, იმიტომ, რომ ის ეკონომიკურად ძლიერია. ამიტომ, დღეს ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, ძალიან დიდი წონა აქვს ეკონომიკურ ძალას.