„ჩნდება ეჭვი, „სახალხო პარტია“ ასეთივე „ობიექტურია“ სხვა საკითხების მიმართ ევროპაში“

„ჩნდება ეჭვი, „სახალხო პარტია“ ასეთივე „ობიექტურია“ სხვა საკითხების მიმართ ევროპაში“

„ევროპის სახალხო პარტია“ თავის დეკლარაციში საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში უკანასკნელი მოვლენების გაშუქებისას, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტებს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეობამ მოამზადა დეკლარაცია, რომელიც საქართველოს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ განაახლოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მოახდინოს დარჩენილი აუცილებელი რეფორმების განხორციელება და სინანულით აღნიშავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და პირველად არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით, ქვეყანაში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს. ამდენად, არსებულ გარემოებებში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროკავშირისა და მისი წევრის სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. დეკლარაციაში საუბარია დემოკრატიის პრინციპებზე, სასამართლოსა და მედიის თავისუფლებაზე და ა.შ.

მიუხედავად ამისა, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეობას სჯერა, რომ საქართველოს მთავრობასთან ამომწურავი დიალოგის გზით შესაძლებელია ნდობის აღდგენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის და დაბრკოლებების გადალახვა.

რა თქმა უნდა, დეკლარაციაში ჩამოთვლილი დებულებები დემოკრატიის მომხრე საზოგადოებისთვის მისაღებია, თუმცა ნათლად ჩანს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ აშკარად ვერ ერკვევა საქართველოში არსებულ სიტუაციაში. რასთან გვაქვს საქმე, საიდან მოდის ეს ტენდენციურობა და რაშია გამოსავალი, ამ თემაზე პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი გვესაუბრება.

ბატონო არმაზ, ვიდრე უშუალოდ დეკლარაციის შინაარსს შევაფასებთ, ურთიერთობის ასეთი, ეპისტოლარული ფორმა რაიმე განსაკუთრებულზე ხომ არ მეტყველებს? თანაც ეს არ უნდა იყოს პასუხი პრემიერის წერილზე, რადგან მის გამოქვეყნებამდეა მომზადებული...

- ჩეულებრივ ასეთი პრაქტიკა არსებობს ურთიერთობებში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნის ხელისუფლებებს შორის - მიმოწერის ფორმა. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. სხვა შემთხევაა, რომ მიმოწერა ხდება მწვავე, პრინციპულ საკითხებზე.

ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წერილის შემდეგ პრემიერის წერილი იყო დასტური იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ერთიანია ამ საკითხში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასე აღმასრულებელი ხელისუფლება.

მეორე მხრივ კი პრემიერი შეეცადა, უფრო დეტალურად, არგუმენტირებულად  მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა იყო ქვეყანაში პირველ ოქტომბრამდე და რა ვითარებაა პირველი ოქტომბრის შემდეგ და მიმაჩნია, რომ საკმარისად გასაგებად ევროპელებისთვის.

რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ ამ დოკუმენტს, იგი უკვე სხვა ტონალობაშია, არის კონკრეტული საკითხები. ბევრი დაეთანხმება, რომ მედია და სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, ეს ცხადია და ალბათ, კარგად მოეხსენებათ ამ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ პირველ ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ სწორედ ამიტომ გააკეთა ეს კონკრეტული არჩევანი, რომ მედია და სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. და საერთოდ, თავისუფალი ყოფილიყო დემოკრატიული პროცესი საქართველოში პოლიტიკური წნეხისგან.

ამდენად, ერთი მხრივ, გასაგები და მისაღებია ამ ევროპელი პოლიტიკოსების ასეთი განცხადება, მეორე მხრივ კი, გაუგებარი ის არის, რატომ ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდა დღემდე, გამიჯნონ ამ ბატონებმა ევროპის პარლამენტიდან, მდგომარეობა საქართველოში პირველ ოქტომბრამდე და პირველი ოქტომბრის შემდეგ.

ეს დეკლარაცია სავსებით მისაღები იქნებოდა, რომ დაწერილიყო პირველ ოქტომბრამდე და ადრესატი ყოფილი ხელისუფლება ყოფილიყო. თუმცა ამ წერილში იკვეთება მხოლოდ ის კონკრეტული საკითხები, რასაც მოითხოვსნაციონალური მოძრაობა“. მაგალითად, ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოს საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ და .. თუ იციან ეს, რა პრობლემაა იმის გაგება, რეალურად რა ხდება ქვეყანაში? ეს რეალური ინფორმაციის არქონაა თუ შეგნებული და მიზანმიმართული ზეწოლა დღვანდელ ხელისუფლებაზე?

- მინდა დავიჯერო, რომ გაუგებრობასთან, ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მართალი გითხრათ, მიჭირს ამისი დაჯერება. ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ინფორმაციაც საკმარისად აქვთ და არც ანალიზი ეშლებათ-ხოლმე ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესისა.

მაშ რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის, რომ ამდენი ახსნა-განმარტების შემდეგ ზოგიერთი თეთრზე კვლავ შავიაო - ამბობს. არ მინდა ნაჩქარევი განცხადება გავაკეთო და მინდა დავიჯერო, რომ პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ამ წერილების შემდეგ, ასე ვიტყოდი, ამ „ცივი შხაპის“ შემდეგ, რომელიც ამ ბატონებმა ევროპის პარლამენტში მიიღეს, იმედი მაქვს (ვისურვებდი, რომ ასე იყოს), გამოფხიზლებიან და რეალურად გაერკვევიან რასთან გვაქვს საქმე. თუ ამის შემდეგაც მცირე ჯგუფი პარლამენტარებისა ევროპის პარლამენტში, მცირე ჯგუფი დეპუტატებისა „სახალხო პარტიიდან“, კვლავაც უწინდებურად განაგრძობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობას ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ასე უსაფუძვლო კრიტიკას - ჯანსაღი კრიტიკა ძალიანაც კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, თავად გამოუტანს განაჩენს ამ ევროპელ პოლიტიკოსებას და არ მგონია, ეს მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული.

შეუძლებელია წახვიდე დინების საწინააღმდეგოდ, როდესაც ეს დინება თავად ხალხია. რა გამოდის წარმოიდგინეთ, პირველ ოქტომბერს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ გააკეთა არჩევანი სამართლიანობის სასარგებლოდ და მცირე ჯგუფი ევროპელი პარლამენტარებისა, ჩვენ, ამ საზოგადოებას გვიმტკიცებს, რომ ეს არჩევანი არ ყოფილა სწორი.

რომ სამართლიანობა იყო მანამდე და რომ სამართლიანობა პრაქტიკულად, აღარაა, ხვდებით რა დინების წინააღმდეგ მიდის ეს ჯგუფი? არ მგონია არ ეყოთ გონიერება და დროულად ვერ გააცნობიერონ ეს ამ ბატონებმა.

ჯერ ლაპარაკი იყო 23 დეპუტატზე, თუმცა ეს არის უკვეევროპის სახალხო პარტიისთავმჯდომარეობის განცხადება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ მცირე ჯგუფის დამოკიდებულებაზეა საუბარი?

- ყველა ჯგუფი მცირე ჯგუფია, თუ მას შევადარებთ საზოგადოებას. ევროპის პარლამენტის 23-კაციანი ჯგუფი იტყვის ამას, 83-კაციანი თუ უფრო დიდი, ამას რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არსებითი არა. რამდენადაც, თუკი სიმართლეს არ ამბობ, სიმართლის არმთქმელი თუნდაც მილიონი ადამიანი იყოს, ეს არაფერს არ ცვლის. უსამართლობა ვისი პირიდანაც არ უნდა მოდიოდეს და რამდენი ადამიანიც არ უნდა ქადაგებდეს უსამართლობას, ამით არსებითად არაფერი არ იცვლება. ერთი კაცი რომ მართალს ამბობდეს და მილიონი სხვას, ის ერთი იქნება მაინც მართალი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ „სახალხო პარტიის“ პოზიცია ჩვენთვის, ზოგადად გასაგებია. მინდა დავიჯერო, რომ ამ პარტიის მესვეურებს ეყოფათ საღი აზრი იმისათვის, რომ გადახედონ საკუთარ მიდგომებს და დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და რაც მთავარია, კრიტიკულები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. აი, რაც ვუწუნებ მე მათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის მიმართ წარსულში ერთი ძვირი სიტყვაც კი არ უთქვამთ, მაშინ, როცა სწორედ ამ პარტიის მმართველობისას საქართველოში პრაქტიკულად, დემოკრატია დასამარდა - მე კარგად ვიცი რასაც ვამბობ და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე!

თუ ეს პარტია არ გადახედავს თავის დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ოქტომბრამდელ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, არ გააკეთებს სწორ შეფასებებს, მგონია, რომ ამ პოლიტიკოსების (ვგულისხმობ „სახალხო პარტიის“ მესვეურებს) საქმიანობას უკვე თავად შეაფასებს არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი - ეს შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს მათთვის, არამედ ის ამომრჩეველი, რომლებმაც ეს ბატონები აირჩიეს ევროპარლამენტში.

ჩვენ ხომ ვიცით, ეს ბატონები როგორ აირჩიეს ევროპარლამენტში. ისინი არჩეულები არიან კონკრეტული ქვეყნებიდან, კონკრეტული ამომრჩეველი უჭერდა მხარს. არ გამოვრივცხავ, რომ ასეთმა გაუგებარმა ალოგიკურმა და ტენდენციურმა დამოკიდებულებამ იმოქმედოს, არამყისიერად მაგრამ პერსპექტივაში, ამომრჩეველთა განწყობაზე იმ კონკრეტულ ქვეყნებშიც და შეიცვალოს დამოკიდებულება „სახალხო პარტიისადმი“.

დღეს რომ იგი ლიდერობს ევროპის პარლამენტში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ არჩევნებშიც შეინარჩუნებს ამ პოზიციას, ამ ფაქტორის და ალბათ, ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მესვეურები კარგად დაფიქრდებიან, გააანალიზებენ და ალბათ, მოახერხებენ, რომ ობიექტური შემფასებლების პოზიცია დაიკავონ.

გამოდის, რომევროპის სახალხო პარტია“ საკუთარ იმიჯს სწირავს სააკაშვილს. გვახსოვს ივანიშილის განცხადება, დაახლოებით ერთი თვის წინანდელი, როდესაც თქვა, სააკაშვილი დაიმუქრა, რომევროპის სახალხო პარტიასდავაბლოკინებ საქართველოს ასიცირებულ წევრობას ვილნიუსის სამიტზეო. ამ განცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, პრობლემა შეგვექმნას ამ კუთხით. ეს უკვე ძალიან სერიოზული თემაა და როგორ ფიქრობთ უღირსევროპის სახალხო პარტიასსაკუთარი ღირსება სასწორზე შეაგდოს?

- მეტსაც გეტყვით, ეს არ არის უკვე „ევროპის სახალხო პარტიასა“ და საქართველოს შორის ურთიერთობის გარკვევა, ეს გაცილებით სხვა მასშტაბს მიიღებს თანდათან. როგორც უკვე ვთქვი, „სახალხო პარტია“ თავად იქმნის და კიდევ უფრო მეტად შეიქმნის პრობლემებს ევროპულ პოლიტიკურ სარბიელზე ასეთი არაობიექტური, უსამართლო მიდგომებით.

ჩვენ ვერ ვპატიობდით მას პირველ ოქტომბრამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეთ ტენდენციურ მხარდაჭერას სააკაშვილის არადემოკრატიული მმართველობის მიმართ, მაგრამ დღეს, როდესაც ეს მმართველობა ხალხის ნებით შეიცვალა, მაგრამ არ იცვლება „სახალხო პარტიის“ დამოკიდებულება ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს ძალიან დამაფიქრებელი და სახიფათო ტენდენციაა. რაც ცხადია, იმოქმედებს საქართველოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესში რაღაც მომენტში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მას არ ექნება ასეთი გავლენა, რადგან „სახალხო პარტია“ არ ნიშნავს მთელ პოლიტიკურ ევროპას. იქ არაერთი ძალა და შენაკადია, რომლის ხმაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ამასთან, „სახალახო პარტიის“ პოზიციაც დღეს ერთია და ხვალ დარწმუნებული ვარ, სხვა იქნება.

თუკი მათ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესთან პირველი ოქტომბრის შემდეგ, აქვთ ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება, მებადება კითხვა და მიჩნდება ეჭვი, რომ ამავე პარტიას შეიძლება ჰქონდეს ასეთივე უსამართლო დამოკიდებულება ბევრი სხვა პროცესის მიმართ სხვა ქვეყნებში და საერთოდ, ევროპულ პოლიტიკაში.

ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, რომლის შესახებაც წლებია, ვსაუბრობთ, რომელსაც ჩვენ ვხედავდით აქა-იქ, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, როდესაც ზოგს ეპატიებოდა არადემოკრატიულობა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ნავთობი და გაზი იყო და ზოგს კიდევ სხვა მიზეზის გამო.

დღეს საქართველოში ღვთის წყალობით და ხალხის ნებით მომხდარი ამ დემოკრატიული შემობრუნების შემდეგ, როდესაც მათი პოზიცია მაინც არ შეიცვალა არსებითად, ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს და ბევრ ძალიან უცნაურ ტენდენციაზე მეტყველებს.

როგორ აღიქვამს ამას ქართული საზოგადოება. ხომ არ არის საფრთხე, რომ ევროპისგან იმედგაცრუების გამო სხვა საგარეო ვქტორები გახდეს აქტუალური?

- არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელმაც ასეთი ბრძნული არჩევანი გააკეთა პირველ ოქტომბერს, ერთი-ორი დაუფიქრებელი და გაუგებარი ინტერესების თუ იდეების მატარებელი ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულების გამო გადახედოს საკუთარ ისტორიულ არჩევანს ევროპის სასარგებლოდ. არ მგონია რომ ეს ასე მოხდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ აქა-იქ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრდეს, გაძლიერდეს ანტიდასავლური განწყობა, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პარტნიორ „სახალხო პარტიას“.

შეგნებულად ხომ არ ხდება ეს იმისათვის, რომ თუ ასეთი განწყობა გაჩნდება თუნდაც საზოგადოების რაღაც ნაწილში, სააკაშვილმა თავისი ბრალდების დასტურად გამოიყენოს, როდესაც ის აცხადებდა, რომ ივანიშვილს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავსო, თუ სხვა ჩანაფიქრი შეიძლება იყოს?

- სხვადასხვა ვერსიებზე შეიძლება საუბარი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ იყენებს „სახალხო პარტიას“, ეს არის ცხადზე უცხადესი. არ მიკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების და დემოკრატიის მიმართ, საერთოდ, მაგრამ მაკვირვებს, „სახალხო პარტიის“, ამ გამოცდილი პოლიტიკოსების ასეთი უცნაური დამოკიდებულება. ადამიანებისა, რომლებიც წესით უნდა ერთგულებდნენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სამართლის უზენაესობას და რა გამოდის...

დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ რთული ამოცანის წინაშეა, როგორ შეიძლება დაარწმუნოსევროპის სახალხო პარტია“, რომ თეთრი - თეთრია, შავი კი - შავი? ვხედავთ, უმრავლესობის წარმომადგენლები, ჩადიან ევროპაში, ამერიკაში, მიმდინარეობს შეხვედრები, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

- უნდა გაგრძელდეს ეს ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან და ყველა დიპლომატიური არხი, ყველა შესაძლებლობა და საშუალება უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ჯერ „სახალხო პარტიის“ მესვეურებს, კონკრეტულ წევრებს მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, ყველა არგუმენტი. თუ საჭიროა, მოიწვიონ კიდეც ეს ბატონები და აქ გაიმართოს ეს დისკუსიები. ან ბრიუსელსა თუ სტრასბურგში.

პარალელურად უნდა ჩატარდეს სერიოზული სამუშაო სხვა პოლიტიკურ ძალებთან ევროპის პარლამენტში და არა მხოლოდ იქ, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში მკვეთრად უნდა გააქტიურდეს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოიღებს კონკრეტულ შედეგს.

გვახსოვს რამდენი ლაპარაკი იყო ლობისტურ კომპანიებზე, რომელსაც ქირაობდანაციონალური მოძრაობა“, ვიცით ის თანხებიც, რომელიც ამ კომპანიების მომსახურებაში იხარჯებოდა. ჩანს, რომ სათითაოდ მიდიოდა ევროპარლამენტარების გადმობირება? გამოდის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამაც ლობისტები უნდა იქირავოს და მათი მეშვეობით გაიტანოს სიმართლე ევროპაში, სიმართლის გატანა ასე ძნელია?

- არ მგონია ეს ასე ძნელი იყოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად სჭირდებოდა ლობისტები, რომ მისი უკუღმართი, უსამართლო ქცევა წლების განმავლობაში, ანუ შავი თეთრად გაესაღებინა. დღეს ამხელა ძალისხმევა დარწმუნებული ვარ საჭირო არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო უწყება, პოლიტიკოსები, პარლამენტი ასევე ექსპერტები აქტიურად არ იყვნენ ჩართული პროცესში, რომელიც მიმართული იქნება „სახალხო პარტიის“ და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების დასარწმუნებლად. გასარკვევად იმაში, რა არის სწორი და რა არ არის სწორი. „სახალხო პარტიის“ იმ დეკლარაციაში და სხვა დოკუმენტებშიც შეიძლება ამოვიკითხოთ არაერთი სწორი ფორმულირება, მაგრამ აქ ლაპარაკია არსებითზე. ლაპარაკია იმაზე, რომ თეთრს ვუწოდოთ თეთრი. ეს იწვევს ასეთ გულისტკივილს და სხვა არაფერი.

ვფიქრობ, რომ მკვეთრად უნდა გააქტიურდეს ურთიერთობები არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ აშშ-სთან. უნდა გაძლერდეს ასევე, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა, ყველა არხი უნდა იყოს გამოყენებული სათანადოდ და ეს მოგვცემს შედეგს. ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი უნდა ჩავრთოთ ამ საქმეში. მათ შორის ლობისტური კომპანიებიც შეიძლება ჩაერთონ ამ საქმიანობაში - მთელი რესურსი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რა მოხდა პირველ ოქტომბერს და რა პროცესი მიდის საქართელოში, ეს გააგებინონ.

და ნურავის ნუ დარჩება იმისი განცდა, რომ ევროპარლამენტარობა, ან რომელიმე გავლენიანი პარტიის წარმომადგენლობა, უკვე ნიშნავს იმას, რომ სიმართლე შენს მხარესაა და რასაც გინდა, იმას იტყვი და იმას დაამტკიცებ.

ეს ასე არ არის და ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებზე სწორ არჩევანსაც ვერ გააკეთებდა.

გამოდის, რომ ეს ბატონები პირველ ოქტომბრამდე გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იყო გამორჩეული დემოკრატი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში, მაგრამ ჩვენმა ხალხმა ამ ტყუილს საკადრისი პასუხი გასცა. თუ ამას ვერ გაიგებენ, ეს მათთვის იქნება ცუდი.

თუმცა, ჩვენთვისაც ცუდი იქნება.

- ცხადია, ყველასთვის ცუდი იქნება ეს გაუგებრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ და არ ვთქვათ, რომ ვიღაცას ეშლება.

სააკაშვილის მმართველობა თანამედროვე ევროპელ პოლიტიკოსს რომ დემოკრატიულად მოეჩვენება, გამოდის რომ თავად ვერ აზროვნებს დემოკრატიულად. დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი ძალიან მარტივად ახერხებს-ხოლმე შეაფასოს, რა ხარისხისაა დემოკრატია. როდესაც ეს ბატონები ამას ვერ აფასებდნენ, ვერც პირველ ოქტომბრამდე და ვერც დღეს აფასებენ, ძალიან უცნაურია და ძალიან ბევრ კითხვას გვიჩენს.

შესაძლებელია დავუშვათ, რომ ნაცმოძრაობის ელიტასთან მათ საერთო კერძო საქმეები ჰქონდეთ ევროპაში, პარნიორები იყვნენ თუნდაც ბიზნესებში და .. ასეთ შემთხვევაში ახსნადი მაინც იქნებოდა მათი დამოკიდებულება...

- ეს თემა ჩემთვის უცნობია, ერთი კი შემიძლია ვივარაუდო, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ინტერესები, არაპოლიტიკური. რა ინტერესები, მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ და თუ ეს ასეა, რაღაც მომენტში, ალბათ, გაცხადდება კიდეც.