„მელია ქართველების თვალში ისეთივე ფიგურაა, როგორც კალაძე? – ეს ხომ არადამაჯერებელია“

„მელია ქართველების თვალში ისეთივე ფიგურაა, როგორც კალაძე? – ეს ხომ არადამაჯერებელია“

მოსახლეობის 57% გიორგი გახარიას მიმართ დადებითად არის განწყობილი, გამოკითხულთა 50% თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ; ხოლო 47%–ს პოზიტიური განწყობა ნიკა მელიას მიმართ აქვს – ასეთია „ედისონ რისერჩი“–ის გამოკითხულთა შედეგები, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7–19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/– 3%–ია.

კვლევის ამ ნაწილის თანახმად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 43%–ს აქვს; „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ 38% არის პოზიტიურად განწყობილი. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი - 38%. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე - 38%. ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - 36%; „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია - 34%.

რაც შეეხება დანარჩენს პირებს: შალვა ნათელაშვილის მიმართ 34%; ხატია დეკანოიძე 33%; არჩილ თალაკვაძე 33%; ანა ნაცვლიშვილი 33%; ალეკო ელისაშვილი 33%; საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 30%; ირაკლი კობახიძე 29%; მამუკა ხაზარაძე 27%; სალომე სამადაშვილი და ბადრი ჯაფარიძე 26%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 26%; ნინო ბურჯანაძე 24%; ირმა ინაშვილი 24%; კახა კუჭავა 22%; საბა ბუაძე 19%; გიგა ბოკერია 18%.

კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს და არჩევანი შემდეგ კანდიდატებს შორის იყოს გასაკეთებელი, მოსახლეობის მხარდაჭერა ასე ნაწილდება: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 34%; „ქართული ოცნების“ კანდიდატი – 30%; პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი 13%.

კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 24% „ნაციონალურ მოძრაობას“ , 13% გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4%; „ლელო“ 4%; შალვა ნათელაშვილი 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ 3%; ლევან ვასაძე 3%; ზურაბ ჯაფარიძე 2%; გირჩი - 2%; ანა დოლიძე 2%; ალექსანდრე ელისაშვილი 2%; გიგა ბოკერია 1%; ელენე ხოშტარია 1%; ირაკლი ოქრუაშვილი 1%; ნინო ბურჯანაძე 1%; ეკა ბესელია 1%; თავისუფალი საქართველო 1%; დავით ჭიჭინაძე 1%; ზვიად ძიძიგური 1%.

ალოკაციის გარეშე კი ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ 25%; „ნაციონალური მოძრაობა“ 19%; გიორგი გახარია „საქართველოსთვის“ 10%; გიორგი ვაშაძე 3%; ლელო 3%; შალვა ნათელაშვილი 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ 2%; ლევან ვასაძე 2%; ზურაბ ჯაფარიძე 2%; გირჩი 2%; ირაკლი ოქრუაშვილი 1%; ელენე ხოშტარია 1%; ალექსანდრე ელისაშვილი 1%; ნინო ბურჯანაძე 1%; ანა დოლიძე 1%; გიგა ბოკერია 1%; ეკა ბესელია 1%; თავისუფალი საქართველო 1%; დავით ჭიჭინაძე 1%; ზვიად ძიძიგური 1%.

„Edison Research“– ის კვლევის შედეგებს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა, არ ენდობა მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატის შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავარი არჩევნებია და არჩევნების შედეგები.

„რაც შეეხება „იფსოსის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევებს, უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ასე რომ, ეს არის პოლიტიკური დღისწესრიგის ნაწილი. ჩვენ ამას ვხედავდით წინა არჩევნების დროსაც, მე მგონი ამაზე უარეს შედეგებს წინასწარმეტყველებდა მაშინ „მთავარი არხიც“ და „ფორმულაც“. ეს არის ამ ორი ტელეკომპანიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ერთერთი ინსტრუმენტი. მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და „ქართული ოცნება“ 43%–ს ვერ დააგროვებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კახა კალაძეს ძალიან დაბალ შანსს უწინასწარმეტყველებს, რომ მერობა შეინარჩუნოს.

„ედისონ რისერჩი“უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%–ს ვერ დააგროვებს. ძალიან კარგად ჩანს, რომ ის სტრატეგია, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს, გამარჯვების სტრატეგიაა, მაქსიმალურად მეტი ხმა უნდა გამოვიტანოთ. პირად რეიტინგში ძალიან მაღალი გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრს ჯერ კიდევ ვერ ავუხსენით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პოლიტიკური ძალაა. ვფიქრობ, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს. რაც შეეხება კახა კალაძეს, კახა კალაძის მხილებებს დაელოდეთ, ძალიან დაბალ შანსს ვუწინასწარმეტყველებ, რომ მერობა შეინარჩუნოს“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერც კი უახლოვდება 40%–იან ზღვარს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, თუ ოპოზიცია მოიქცევა ჭკვიანურად, „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება და იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

„კვლევები გვაჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – „ქართული ოცნება“ ვერც კი უახლოვდება 40%–იან ზღვარს, არათუ 43%–ს. პრაქტიკულად მას აქვს დაკლებული 11%, 43%–ის ზღვარზე. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი შანსი არ აქვს, რომ 40%–იანი ზღვარი გადალახოს. თუ ოპოზიცია მოიქცევა ძალიან ჭკვიანურად, აწარმოებს გამარჯვების კამპანიას, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება და იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ოპოზიციურ ველზე ვერ შემოვა. ყველა წართმეული ხმა არის „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი. მე ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ გახარია და მისი გუნდი ოპოზიციას წარმოადგენენ. ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ეს ფრთა უზრუნველყოფს იმასაც, რომ „ქართული ოცნებიდან“ ხმები წაიღოს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ედისონ რისერჩი“-ის გამოკითხულთა შედეგებს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, არ ენდობიან ანალიტიკოსები. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, კვლევაში არის ძალიან ბევრი არალოგიკური შედეგი. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ხშირად არის ხალხის ყურადღების ცენტრში, ასეთი ადამიანის რეიტინგი მაღლა იწევს. მაგრამ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ჩანს და არ გამოჩენილა, იმის რეიტინგი რომ აგრძელებს არსებობას, საყვარელიძეს შეფასებით, ეს არის საეჭვო.

„თქვენ ახსენეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ამ პარტიამ 6 თვე ქუჩისკენ წაიღო მთელი პოლიტიკური პროცესები. რატომ, რა მიზანი ჰქონდა და რას მიაღწია, ეს ვერავინ ვერ გაიგო, ისე შევიდა პარლამენტში. ამიტომ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი საგრძნობლად შემცირებული არ იქნება. ეს კვლევა კი ამბობს, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი საგრძნობლად შემცირებული არ არის. ყველამ ვიცით, ვინ რამდენად იყო აქტიური, რითი იყო აქტიური, გონიერებით დაამახსოვრა ხალხს თავი, თუ უჭკუობით – შეადარეთ შედეგებს და მე, მგონია, რომ ყველაფერი ცხადი იქნება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, კვლევაში რამდენიმე ისეთი ფრაგმენტია ჩადებული, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, ამავე დროს არც იმას გამორიცხავს, რომ ეს არის უბრალოდ არაკვალიფიცირებულად გაკეთებული კვლევა.

„პრინციპში, გარდა აქტიურობისა, მელიას საქციელი ავიღოთ – ანგრევს, თუ აშენებს? - რა თქმა უნდა, ანგრევს და ამით, ქებას იმსახურებს, თუ კრიტიკას? – კრიტიკას. მთელი მსოფლიო იძახის, რომ ეს 6-თვიანი გაუგებრობა და კონკრეტულად მელიას საქციელი უნდა იყოს კრიტიკის საგანი. ამ დროს, მელია ქართველების თვალში ისეთივე ფიგურაა, როგორც კალაძე? – ეს ხომ არადამაჯერებელია.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევაში ჩადებულია პოლიტიკური ნაწილი, რომელიც ძალიან ფრაგმენტულ ნაწილს ისახავს, მაგალითად ის, რომ ადამიანებს ცნობიერებაში ჩაუსვან, თითქოს „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს დაპირებულ პროცენეტებს, რომ აი, ნაციონალების ლიდერი ასეთი პოპულარულია. რამდენიმე ფრაგმენტია ისეთი, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ მიზანს შეიძლება ემსახურება და შეიძლება არც პოლიტიკურ მიზანს არ ემსახურება და უბრალოდ, არაკვალიფიცირებულად გაკეთებული კვლევა არის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური კვლევა. ერთგვარი სიგნალია, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური ტელეარხების მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევები შემოვარდება და აქედან იწყება საარჩევნო მიზნების გაცხადება, რაც ამ ოპოზიციას აქვს.

„ახლა რაც გამოაქვეყნეს, ეს არის სწორედ როგორც კობახიძემ თქვა – „ოპოზიციის სიზმრები“. ბუნებრივია, ეს არის ოპოზიციის სურვილები, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც დაახლოებით ეს სურათი იყო, რაც დღეს დახატეს, მაგრამ შედეგები კი ვიცით როგორიც იყო. როგორც ჩანს, ემზადებიან იმისთვის, რომ არჩევნების მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. უკვე ამზადებენ საზოგადოებას, რომ აი, კვლევების მიხედვით მათ აქვთ უპირატესობა, ამ არჩევნებში, რაც ელემენტარული ტყუილია“, – ამბობს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება კალაძის 50%–ს და მელიას 47%–ს, ზარდიაშვილის შეფასებით, არარეალური ციფრებია, რომელიც დაწერილია კონკრეტულ კაბინეტში.

„როგორ შეიძლება ისეთი ციფრების ნდობა, რომელიც კაბინეტში იწერება და საერთო არ აქვს რეალურ სოციოლოგიურ კვლევასთან. ჯერ ერთი, ეს კვლევები არის ძალიან ზერელე, რაც სოციოლოგიის პრობლემაა. ჩვენი საზოგადოება ხომ არაერთგვაროვანია, სხვადასხვა ინტერესები აქვთ. სხვა არის მდიდრების ინტერესები, ასევე დაქირავებულთა ინტერესები, სხვა არის სოციალურად გაჭირვებულთა ინტერესები და ა.შ. ჯამური პროცენტები რომ გამოდის და დეტალიზაცია აკლია, იმთავითვე ჩნდება კითხვის ნიშნები.

აქ მეთოდოლოგიის პრობლემაც არის და აშკარა არის ერთი რამ - არჩევნების წინ, როგორია სოციალური ფენა, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ჩნდება კითხვის ნიშანი, რომ ყველა ასეთი კვლევა არის პოლიტიკური დაკვეთის შედეგი. ეს მონაცემები რეალურ კვლევას კი არ ეყრდნობა, არამედ კაბინეტებში დაგეგმილი ციფრებია. ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია ამ კვლევების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.