ღარიბაშვილი პარლამენტში - უმცირესობაში როლები განაწილებულია

ღარიბაშვილი პარლამენტში - უმცირესობაში როლები განაწილებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში მივა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმცირესობამ გასულ კვირას დაიბარა, თუმცა მოუცლელობის გამო ის ქუთაისში ვერ ჩავიდა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარლამენტს პატივს სცემს და ამიტომ ის საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად გამოცხადდება. ამის შესახებ, მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, მან არ იცის, რა საკითხებზე ექნებათ კითხვები დეპუტატებს, მაგრამ მზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

„ამ კვირაში არ მეცალა, გაწერილი იყო წინასწარ ჩემი გრაფიკი, ამიტომ ვერ მოვახერხე ჩასვლა. პარლამენტს გავუგზავნე ამის შესახებ ოფიციალური წერილი“, - თქვა ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთან მრავალი კითხვა აქვთ, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს 8 თებერვლის მოვლენებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუწევს საუბარი. ამდენად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ სცენარი დაწერილია, დეკორაციები მზად არის, ნაციონალებს კი როლები უკვე დანაწილებული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის წინამორბედები, ანუ წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი საპარლამენტო ოპოზიციამ არაერთხელ დაიბარა პარლამენტში, მაგრამ არც ერთი მათგანი ოპოზიციის კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში არ გამოცხადებულა. ახლა კი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კატეგორიულად ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მათ კითხვებზე პასუხის გაცემას და როგორც ჩანს, არ იციან, როგორია იყო ოპოზიციაში, ითხოვდე პარლამენტში მინისტრის მისვლას და ამაზე რეაგირებასაც კი არავინ ახდენდეს.

რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო უმცირესობას ირაკლი ღარიბაშვილთან, ამასთან დაკავშირებით for.ge უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ყველა იმ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას კითხვები აქვს.

„თენგიზ გუნავას საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული საქმე და ამ საქმემ წარმოაჩინა, რომ პოლიცია პოლიტიკური ნიშნით უკანონო დევნას ახორციელებს. ეს დაადასტურა ამ საქმის ფინალურმა სტადიამ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა და ვეღარ გაბედეს გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ნაწილში ბრალდების დატოვება, მაგრამ ამავე დროს არ დამდგარა იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს ქმედება განახორციელეს“, - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

მისი თქმით, ეს პოლიციელები იმიტომ არ დაისაჯნენ, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი დაასახელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც მათ გუნავასთან დაკავშირებით ასეთი დავალება მისცეს. ამიტომ წიკლაური ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს, როგორია ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია. კითხვაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა, ნუგზარ წიკლაურს ჰქონდა თუ არა რომელიმე მინისტრთან, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები და შეურაცხყოფილად გრძნობდა თუ არა თავს იმის გამო, რომ მინისტრები უბრალოდ არ კადრულობდნენ პარლამენტში მისვლას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი პასუხობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო პარლამენტში დაბარებული, მაგრამ მინისტრის მოუცლელობის გამო მისი წარმომადგენელი მიდიოდა ხოლმე პარლამენტში და ოპოზიციის კითხვებს ის სცემდა პასუხს.

„კარგია, რომ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პარლამენტში დაბარებული, ის მოვიდა და ჩვენს კითხვებს უპასუხა. ასევე კარგია, რომ მოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგან ყველაზე უფრო სრულყოფილ ინფორმაციას თავისი უწყების შესახებ ფლობს სწორედ მინისტრი და არა მისი რომელიმე თანამშრომელი“, - აცხადებს დეპუტატი.

როგორც ჩანს, მას მხედველობაში აქვს ის შემთხვევა, როდესაც ვანო მერაბიშვილის ნაცვლად პარლამენტში მისი მიადგილე, ეკა ზღულაძე მივიდა. ეს მოხდა 2012 წლის 29 მარტს, თუმცა მანამდე არც ზღულაძე იწუხებდა მაინცდამაინც თავს სამთავრობო საათზე სიარულით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნა ასე თუ ისე დაკმაყოფილდა. თავად მერაბიშვილი კი უმცირესობის კითხვებზე საპასუხოდ არასოდეს მისულა.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენდა, დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას გაითვალისწინებს და მივა პარლამენტში. მისი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, სასესიო პერიოდში, ყოველი თვის განმავლობაში პარლამენტს შეუძლია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის რომელიმე წევრი დაიბაროს და შესაბამის კითხვები დაუსვას, რომლებიც წინასწარ წერილობითი სახით იგზავნება. ყოფილი დეპუტატი განმარტავს, რომ ამ წერილობით კითხვებთან დაკავშირებით უკვე პარლამენტში მისულ მინისტრს დამატებით კითხვებს უსვამენ და ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან მინისტრისთვის დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობასაც შესაძლებლობა აქვს, დებატებში ჩაებას, ანუ ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ დებატების მომსწრე გავხდებით.

„რაც შეეხება მერაბიშვილს, საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში მყოფი მერაბიშვილი თავს ვალდებულად არ მიიჩნევდა, რომ პარლამენტში მოსულიყო და კანონით დაკისრებული ვალდებულება შეესრულებინა. მახსოვს, მის ნაცვლად ერთხელ მისი მოადგილე, ქალბატონი ზღულაძე გამოცხადდა. ადეიშვილი კი რამდენჯერაც დავიბარეთ, მივლინებაში აღმოჩნდა“, - აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკულ განწყობას ღარიბაშვილის მიმართ, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შანსს არ უშვებს ხელიდან, დასავლელი პარტნიორების წინაშე „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს გამოიხატება იმაში, რომ გუნავას საქმისნაირი გადაცდომები გააბუქონ და მათ პოლიტიკური შეფერილობა მისცენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, წინასწარი გამოძიების ეტაპზე ადამიანი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში რომ გამართლებულიყოს, ბრალდების კვალიფიკაცია შეცვლილიყოს და ამის შედეგად პროკურატურას, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ეტაპზე დაშვებული შეცდომები ეღიარებინოს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თუკი გუნავას მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, თავისთავად ცხადია, რომ ამის არა მხოლოდ აღიარებაა საკმარისი, არამედ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, რომლებმაც ამ პირის დაკავებაში მონაწილეობა მიიღო, ვინც ბრძანება გასცა და ა.შ. აქვე უფლებადამცველი დასძენს, რომ ეს წმინდა სამართლებრივი თემაა და იგი არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებას“ არ აქვს იმის პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი აღასრულოს.

„ძალიან კარგად მახსოვს, ზანდუკელის ქუჩაზე ძმები ლუტიძეების უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის უწყებამ უპასუხოდ დატოვა ჩემი შეკითხვა და ძალიან რომ ჩავაცივდით, შემდეგ თქვეს, რომ თითქოს იქ სამართლებრივი შეფასება გაკეთდა და დამნაშავეები სამსახურებიდან განთავისუფლდნენ, მაგრამ ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ ცხრა წლის განმავლობაში ჩადენილ უკანონობებს ვერ ხედავს (პოლიტიკური დევნა, ქონების ექსპროპროაცია, გახმაურებული მკვლელობები და ა.შ.), დღეს კი, როდესაც გუნავას დაკავების ფაქტი შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს, მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს და ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც გუნავას თემას უკავშირდება, დროულად უნდა აღმოფხვრას“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პარლამენტშიც კი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად „ნაცმოძრაობის“ კონტროლის ქვეშ იყო, ვანო მერაბიშვილი ან ვერ ბედავდა, ან არ კადრულობდა მისვლას. მისი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროში მერაბიშვილი იმისთვის არ იყო მისული, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაეცვა, პირიქით, ის მისული იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაემწარებინა და ძალადობის მარწუხებში მოექცია.

„სხვა საკითხია ღარიბაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობამდეც თვითმყოფადი ფიგურა იყო (მისი საქმიანობიდან გამომდინარე) და ახლაც ღირსეულად მოღვაწეობს. ამიტომ ამ ორი ადამიანის შედარება შეუძლებელია. აქ არის პასუხისმგებლობა, ხოლო იქ იყო მომხვეჭელობა“, - ამბობს რეჟისორი.

მისი თქმით, ჯერ ადრეა მინისტრის საქმიანობის შეფასება და ამისთვის მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ როგორც მინიმუმ, ის პატიოსანი კაცია და უნარი შესწევს, რომ საკუთარი უწყების შეცდომები დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ რეაგირებაც მოახდინოს.

გოგა ხაინდრავას თქმით, სამაგიეროდ უამრავი კითხვები იყო წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ და არც ერთ მათგანზე პასუხი არ გაცემულა. ამაზე მეტყველებს ის გახმაურებული საქმეები, რომლებმაც ქართული საზოგადოება შეძრა. რეჟისორის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე არც პასუხები ჰქონდათ და არც სურვილი ჰქონდათ, რომ საზოგადოებასთან დიალოგი ჰქონოდათ.

„რაც შეეხება გუნავას საქმეს, ეს ზუსტად იმ ადამიანების საქმეს, ეს ზუსტად იმ ადამიანების ჩატარებული ოპერაციაა, რომელსაც თავად გუნავა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ზრდიდნენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ იმ მეთოდებით ჩაატარეს ოპერაცია, რა მეთოდებსაც იყვნენ შეჩვეულები. აქ არის ამ ადამიანების დანაშაული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნავას დანაშაული არ აქვს ჩადენილი. მისთვის ბრალდების მოხსნა შეცდომების გამო მოხდა, მაგრამ ამ ადამიანს იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი, რომ სამი ცხოვრება არ ეყოფა, რომ ამაზე პასუხი აგოს“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შეცდომებმა, თუ განზრახმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ გუნავას ეს ორი ბრალდება მოეხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პასუხს არ აგებს იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი.

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ თავისთავად ის ფაქტი იმსახურებს უნდობლობას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყების მიმართ პრეტენზიები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის უწყებასთან დუმილს ამჯობინებდნენ და 26 მაისის მოვლენები განხილვის ღირსადაც კი არ ჩათვალეს. ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ პრეტენზიები ღარიბაშვილის მიმართ აქვთ იმ საქმეზე (იგულისხმება თენგიზ გუნავას საქმე), რომელიც უწყებამ გამოასწორა.

„თავისთავად ეს ფაქტი მიუთითებს, რომ აქ სამართლიანობის დადგენის კი არა, არამედ პოლიტიკური ჭიდაობის სურვილია. ხოლო თუ პოლიტიკური დაპირისპირების სურვილი არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკმაყოფილების საბაბს ყოველთვის იპოვიან ყველა ადამიანში. ამდენად, არ მგონია, რომ ეს შეხვედრა რითიმე იყოს საინტერესო, გარდა იმისა, რომ მის მაყურებელ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესია გაუჩნდეს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.