გაპარტახებულ, დაბეჩავებულ, ფეხქვეშ გათელილ და ევროპის ჩემპიონატიდან გამოპანღურებულ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს რუსეთში (და არამხოლოდ რუსეთში) ვისაც კი არ ეზარება, ახლა ყველა აგინებს. მაგინებელთა შორის, განსაკუთრებით, რა გასაკვირია, რომ ცნობილი ვეტერანი სპორტსმენები ჭარბობენ.
რუსი ფეხბურთელების თავს არსებულ ჯოჯოხეთს თითქოს ერთი მუგუზალი აკლდაო და ცოტა ხნის წინ თავი ერთ დროს განსაკუთრებულად პოპულარულმა რუსმა მეჩოგნემ, ანა კურნიკოვამ გამოიდო, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების ადგილზე სადმე მიუვალ კუნძულზე გადასახლდებოდა და ასეთი სირცხვილნაჭამი საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა მოსკოვში.
ასე თუ გავყვებით, ფეხბურთელებსაც შეუძლიათ გაიხსენონ ანა კურნიკოვას კარიერის განმავლობაში მრავალი მარცხი და თავსლაფი, მაგრამ წარსული წარსულია, გუშინდელი შერცხვენა კი გულზე ახალ იარებს აჩენს და ასეთ დროს თავის მართლებასაც აზრი აღარ აქვს. მართლაცდა, ძნელი წარმოსადგენია, ჩერჩესოვის ყოფილი გუნდიდან ვინმემ გაბედოს თავის მართლებას...