„გახარია ამბობს, რომ „ოცნება“ 43%-ს გადალახავს თუ არა, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება - როგორც ჩანს, ნაციონალები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იგივეს გეგმავენ“

„გახარია ამბობს, რომ „ოცნება“ 43%-ს გადალახავს თუ არა, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება - როგორც ჩანს, ნაციონალები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იგივეს გეგმავენ“

შეხვდნენ თუ არა რეალურად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამერიკაში ერთმანეთს? ეს არის უბრალო დამთხვევა თუ ამერიკაში ორივე მათგანი ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სასტუმროში აღმოჩდნენ? შესაძლოა კონსპირაციულ დეტალებში სერიოზულად არ შევიდეთ, მაგრამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად იმაზე, რომ გიორგი გახარია 7-თვიანი ჩავარდნილი გგემის შემდეგ „ნაციოანლური მოძრაობისთვის“ შესაძლოა, დამხმარე ძალაც კი გახდეს.

თუ გავითვალისწინებთ ასევე იმ გარემოებას, რომ იფსოს-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით გახარიას უკვე 8% აქვს და მესამე ადგილზეა, ის „ოცნებას“ ელექტორატს გაუყოფს. ამიტომ ენმ გახარიას სიტუაციურ მოკავშირედ სჭირდება და სააკაშვილი რომც არ შეხვედროდა, საზოგადოების განწყობაზე ეს გარემოება უკვე მოქმედებს. შესაძლოა, სპეციალურად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ამერიკაში დაიბარეს და გახარიასთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებით იქ რაღაც წყდება, ხოლო ეს რეალობას რომც არ შეესაბამებოდეს, ამომრჩევლის ფსიქოლოგიაზე უკვე ზეგავლენას ახდენს.

თუმცა ამ ამბავს მეორე მხრეც აქვს. შესაძლოა, მართლა დამთხვევაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს და უკვე ნაცადი ხერხით ცდილობს გახარიას სააკაშვილი „ჩაუდოს“. მათ ელექტორატს, რომელიც მმართველ გუნდზე განაწყენებულია და გახარიასკენ თვალს აპარებს, აჩვენოს, რომ გახარია მათ მთავარ მოწინააღმდეგე სააკაშვილთან არის შეკრული. ამისთვის კი არანაირი მტკიცებულება და ლოგიკა არ სჭირდება, რადგან ენმ-ის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში იმხელა შიში არსებობს, რომ ხშირად გამეორების შემთხვევაში მათი ნაწილი ამას დაიჯერებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ყოფილი პირველი პირები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „მეი-ფლაუერში“ იყო მიხეილ სააკაშვილიც. გახარიას ამავე სასტუმროში ყოფნას ადასტურებს ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავაც. კადრებში მიხეილ სააკაშვილის მისვლის პარალელურად, ფიქსირდება გახარიას დაცვის წევრი გიორგი ჩიქოვანიც.

„კურიერმა“ ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერი კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის რაიმე კავშირს.

„დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია ... საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არაა და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე დეტალურ საუბარს გიორგი გახარია თბილისში დაბრუნების შემდეგ აპირებს.

„საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ასევე მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ძირითადად ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს მომავლის. ადმინისტრაციაშიც გვქონდა შეხვედრები, უშიშროების საბჭოშიც. ჩამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. ყველა ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული ფორმალური თანამდებობის ნაწილში ან კვლევის ნაწილში, ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები და ძალზედ ნაყოფიერი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და საქართველოში ის კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება.

გახარია-სააკაშვილის შეხვედრა ვაშინგტონში - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოფილი პრემიერის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი დამთხვევები პოლიტიკაში არ არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“​ კი გახარია-სააკაშვილს შორის შეხვედრასა და მოლაპარაკებას გამორიცხავენ. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია უბრალოდ დამთხვევა ან სპეკულაცია ყოფილიყო. გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ მათ გიორგი გახარიას გუნდთან საერთო არაფერი აქვთ.

 ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში ძალიან კარგად იყენებდა „ნაციონალებით“ საზოგადოების დაშინების ტაქტიკას და ყველა კონკურენტს, რომლის თავიდან მოშორებაც უნდოდა, მათთან თანამშრომლობას აბრალებდა. მათ დაინახეს, რომ ამ ტაქტიკამ 2016 წელს პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში გაჭრა და მას როგორც კი მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა დაბრალდა, მისი რეიტინგი კატასტროფულად დავარდა. თუმცა ხელისუფლება გიორგი გახარიას შემთხვევაში ერთ მნიშვნელოვან დეტალს ვერ ითვალისწინებს - ის არ არის რიგითი პოლიტიკოსი, ის იყო ქვეყნის პრემიერი, რომელსაც ახლა პოლიტიკურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ნაციოანლებთან“ არანაირი თანამშრომლობა და ურთიერთობა არ აწყობს. პირიქით, ის „ოცნების“ ელექტორატის ნაწილს იმიტომ მოსწონს, რომ მათთან ყველაზე მეტი პრინციპულობით გამოირჩეოდა და 20 ივნისის აქციის საბოლოო განვითარებაც ამაზე მეტყველებს.

„ოცნებას“ რეფლექსი აქვს უკვე გამომუშავებული, რადგანაც ყველა არჩევნებზე წარმატებას იმით მიაღწიეს, რომ „ნაციონალების“ მოსვლის საფრთხე იყო ან მათთან აფილირებული ჯგუფების. მაგალითად, პაატა ბურჭულაძის შემთხვევა გავიხსენოთ, როცა გაირკვა მას ენმ-თან ურთიერთობა ჰქონდა, რეიტინგი შეუმცირდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გახარიასთანაც იგივე ტაქტიკის გამოყენებას ცდილობენ - სცენარი გათამაშდეს, რომ გახარია და საააკაშვილი ერთად არიან. იქნება ეს რეალური თუ არა რეალური ეს უკვე სხვა საკითხია. ეს იმდენად გამართლებადი ტაქტიკაა, რომ მმართველ გუნდს სხვა რაღაცის მოფიქრებაც კი ეზარება“, - ამბობს საყავარელიძე for.ge-სთან.

თუმცა რამდენად იქნება ეს ხერხი გიორგი გახარიას შემთხვევაში გამართლებული და ლოგიკურად რატომ უნდა უნდოდეს ექსპრემიერს სააკაშვილთან თანამშრომლობა? საყვარელიძე გვპასუხობს, რომ ამას არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ეს ბრალდება ლოგიკური და მტკიცებულებებით გამყარებული. მთავარი ისაა, მას რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, საზოგადოების ნაწილი ნამდვილად დაიჯერებს. ლოგიკურად სრულიად გაუმართლებელია რატომ უნდა გახარიას სააკაშვილის სცენარით მოქმედება, როცა ის უკვე პრემიერი იყო და საკმაოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა. მაშინ გამოდის, რომ მან „ოცნებას“ კი არა „ნაციონალებს“ უღალატა, რადგან სააკაშვილს ის როგორც პრემიერი უფრო აწყობდა.

„რა თქმა უნდა, ცოტა ლოგიკას მოკლებულია იმაზე მსჯელობა, რაში სჭირდებოდა გახარიას სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლა ან რევოლუციური სცენარი. თუ ეს უნდოდა და ამაში ხელს უწყობდა, მაშინ პრემიერობიდან ხომ არ გადადგებოდა?! გამოდის „ოცნებისთვის“ კი არა ენმ-ისთვის უღალატია. ან თუ ეს ადამიანები მოკავშირეები იყვნენ, მაშინ 20 ივნისს მელია ხალხს რომ მოუწოდებდა, პარლამენტისკენ დავიძრათო, შეუშვებდა. რაღაცა ლოგიკური ბმა არ გამოდის. აქ მთავარი ისაა, რომ იფსოს-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხევდით, გახარია 8%-ს იღებს და მესამე ადგილზე გადის. გამოდის, რომ ეს „ოცნების“ ელექტორატია. ასევე ექსპრემიერს საკმაოდ წარმომადგენლობით შეხვედრები ამერიკაში აქვს. ამიტომაც გახარია ახლა ხელისუფლებისთვის მთავარი მეტოქეა და ისევ ნაცადი ხერხით მის გაშავებას ცდილობს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მომხდარის ფონზე ისმის კითხვა რა უნდოდა მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში და ხომ არ კეთდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებაში განცდა გაჩნდეს, საქრთველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცა იგეგმება. ხომ არ ლაგდება პოლიტიკური სვლები, რომელშიც როგორც გახარია, ასევე საააკაშვილიც მონაწილეობს?

ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას არ სურს რაიმე კონსპირაციებში შესვლა, მაგრამ გახარია, რომ ენმ-ის სიტუაციური მოკავშირეა და ისინიც მასზე თავდასხმისგან თავს იკავებენ, ფაქტია. მეორეც, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც იმ სასტუმროში შეხევდროდნენ, შეეძლოთ კომუნიკაცია სხვაგან და სხვა ფორმითაც ჰქონოდათ. ბოჟაზე ამბობს, რომ როცა გახარია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდის და მისი ელექტორატით არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, უბრალოდ კითხვა ჩნდება - მაშინ ვის საქმეს აკეთებს? გასაგებია, ის ამერიკაში იმისთვის ჩავიდა, რომ როგორც ოპოზიციურმა ლიდერმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას საკუთარი გეგმები გააცნოს, თუმცა ჩნდება კითხვა - სააკაშვილის რითვის ჩავიდა? ტრამპის ინაუგურაციის და ბუჩქებში დგომის შემდეგ ის იქ აღარ ჩასულა და იმასაც გამორიცხავს, რომ მელიას ძუნძულის საყურებლად ჩასულიყო. ამიტომ ეს ლოგიკური კითხვები ჩნდება, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო.

„პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც „ოცნებას“ სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა ის პოლიტიკაში შემობრუნებით და განცხადებებით ხელისუფლების მისამართით უფრო მეტ ზიანს აყენებს. გახარია ამბობს, რომ „ოცნება“ 43%-ს გადალახავს თუ არა, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება. ეს კი ძალიან საგანგაშო განაცხადია. როგორც ჩანს, „ნაციონალები“ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იგივეს გეგმავენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გააკეთეს. ფაქტია, ახლა ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, ეს ორი პოლიტიკური ძალა „ნაციონალები“ და გახარიას „საქართველოსთვის“ არიან.

 ენმ-ს გარანტირებული აქვს, როგორც ფინანსური მხარე, ასევე ამომრჩეველი. მედიის მხრიდან მხარდაჭერა აქვთ და ყოველ შაბათ-კვირას არჩევნები რომ იყოს, მაინც აწყობთ. იფსოს-ის კვლევით კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ პატარა პარტიებს ახლა რიგგარეშე არჩევნები ნამდვილად არ აწყობთ. მათი რეიტნგი განახევრებულია. ასევე ახალი არჩევნების ჩასატარებლად დამატებით ფინანსების მოძიება სჭირდებათ. ამიტომ გახარია და ენმ ახლა პოლიტიკური მოკავშირეები არიან და თქვენც კარგად ხედავთ, რომ ენმ მას თვალთხარიას ნაკლებად ეძახის. ფიქრობენ, რომ გახარიას „ოცნებისთვის“ ხმების წართმევა შეუძლია და რატომ დაარტყამენ“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარია არ აპირებს 2024 წლამდე დაიცადოს, რადგან მისი რეიტინგი მხოლოდ მოლოდინის რეიტინგია და სხვისი ელექტორატით გასვლა უნდა. ამიტომაც ხშირია საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, „ოცნებას“ მისი დახამრებით კოალიციური მთავრობის შექმნა დასჭირდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს განცხადებები საზოგადოების აზრის მოსამზადებლად კეთდება, რადგანაც შემდეგ ისევ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე უნდა დაინიშნოს. ამიტომ გახარია ახლა „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს და მისთვის მთავარი ამოცანა არა მათთან ბრძოლაა, არამედ „ოცნებასთან“ ბრძოლა, რაც დამატებით ლოგიკურ კითხვებს ბადებს.

Maverick მეგობრებო!

გეკითხებით!

როდიდან დავიწყეთ ნაცბოზბანდის რუპორის R2-ს ბოდვების დაჯერება?! თინათინ ბოკუჩავას ხილვების ჭეშმარიტებად აღქმა?!

როგორ მოხდა, რომ ეს ორი დაცემული ანგელოზი განიწმინდა და ჭეშმარიტების მღაღადებლებად შეირიცხნენ?!
2 წლის უკან