პენსიონერებთან და საპენსიო სესხებთან დაკავშირებული ციებ-ცხელების ტალღამ გადაირა. გადაწყვეტილება ცნობილია და მას ეთანხმებიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებიც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში, „ლიბერთი ბანკთან“ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო შემოსავლებთან აკავშირებს, 2022 წლამდეა დადებული, თუმცა, იქამდე წლის ბოლოს, უკვე ახალი ტენდერი ახალი პირობებით გამოცხადდება. გარდამავალ პერიოდში კი „ლიბერთი ბანკი“ გარკვეულ დათმობებზე წავა, მაგალითად პენსიონერი შედარებით დაბალ პროცენტში მიიღებს სესხს, თუ მას თავდებში ჩაუდგება შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი.
„დღიდან შემოსვლისა, საპარლამენტო ჯგუფი საპენსიო თემაზე ვმუშაობთ, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დღესაც მორიგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც შევჯერდით, შევთანხმდით, ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ აკავშირდებდა საპენსიო მომსახურებასთან 2022 წლამდე, ასე არ გაგრძელდება და დროზე ადრე, როგორც კი მიმდინარე წელს გამოცხადდება ახალი ტენდერი, განახლებული პირობებით, უკეთესი მომსახურებით, გვეყოლება ახალი გამარჯვებული, რომელიც დაბალი პროცენტით, უკეთესი მომსახურებით მოემსახურება ჩვენს პენსიონრებს.
დღეს მოქმედი ხელშეკრულებით თუ პენსიონერი სესხს იღებდა და გარდაიცვლებოდა, შემდეგ ოჯახს თხოვდნენ იმ სესხის დაფარვას. ახლა ამაზე უარს აცხადებს „ლიბერთი ბანკი“ ამ გარდამავალ პერიოდში. ის სესხები, რომელიც იყო ერთწლიანი და საკმაოდ მაღალი გადახდა უწევდათ, თუ ბენეფიციარი მიმართავს „ლიბერთი ბანკს“, გაუხანგრძლივდებათ 2-3 წლამდე თავიანთი სურვილის შესაბამისად. მესამე მნიშვნელოვან დეტალზე წამოვიდა „ლიბერთი ბანკი“, რომ თუ თავდებში ეყოლება ოჯახის წევრი, რომელსაც შემოსავლები აქვს და ამას დაამტკიცებს, გაცილებით დაბალ პროცენტში აიღებს სესხს პენსიონერი.
მთელი ეს დღეებია ვისმენთ, რომ თურმე „ლიბერთი ბანკის“ ბენეფიციარს არ აქვს საშუალება სხვაგან აიღოს და ეს არის მტკნარი სიცრუე, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი მოსთხოვს და სთხოვს „ლიბერთი ბანკს“, ის ვალდებულია ნებისმიერ ბანკში, ფილიალში ჩაირიცხოს მისი საპენსიო შემოსავალი. ეს არის ის შეჯერებული ვარიანტი, რაც გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაინიშნება ტენდერი განახლებული პირობებით, შედარებით დაბალი პროცენტით და ახალი პროდუქტებით“, - განაცხადა ზარქუამ.
მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლას ადასტურებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. იგი ამბობს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს. ეს ბანკის წარმომადგენლებმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე დაადასტურეს.
„ვამბობდით, რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებთ-თქო და აჰა, ეს დღეც დადგა - დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე „ლიბერთი ბანკის“ მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში! კონტრაქტის მიხედვით, პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე. დიდი ალბათობით, ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება წელსვე!
- „ლიბერთი ბანკი“ არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს;
- „ლიბერთი ბანკი“ დროში გაუწილვადებს სესხის თანხას პენსიონერებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა;
- „ლიბერთი ბანკი“ არა 36, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს, რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი;
- „ლიბერთი ბანკი“ არ შეზღუდავს არც ერთ პენსიონერს, რომელიც მოისურვებს, რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში.
დღევანდელი შედეგი არის უზარმაზარი წინსვლა პენსიონერებისთვის“, - აღნშინა ალეკო ელისაშვილმა.
ცვლილებებს გამოეხმაურა „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელიც. მისი თქმით, „პოლიტიკა მათი საქმე არ არის, ეს საკითხი კი სწორედ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაშია მოხვედრილი“.
„ლიბერთი ბანკი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, იღებს რეპუტაციულ ზიანს და ეს არ არის მისაღები ამ ორგანიზაციისთვის. 5000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს კომპანიაში, მათ უკან დგანან ოჯახები. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა მისაღები არ არის. სამწუხაროდ, მოვყევით წინასაარჩევნო ციებ-ცხელების პერიოდში და როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ კონტრაქტის საკითხი, უახლოეს მომავალში ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას, თუ რა გაკეთდა „ლიბერთიში“ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ.
ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის და პირიქით, ანტისაბანკო ნარატივი და პლუს წნეხი კომერციულ სექტორზე სახელმწიფო პოლიტიკიდან არ არის ის, რაც სახელმწიფოს გამოადგება“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
ვასილ ხოდელის თქმით, მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ აუცილებელია, ახალი ტენდერის გამოცხადება და ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად არიან, დღესვე გაწყდეს კონტრაქტი, თუმცა ამას დრო სჭირდება.
„მნიშვნელოვანია, ტენდერი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ხოლო ჩვენი მხრივ, რასაც შევძლებთ პროცესს დავეხმარებით. მომხმარებელზე ზრუნვას გავაგრძელებთ იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება ტენდერი“, - აღნიშნა ბანკის გენერალური დირექტორმა.