ოქრუაშვილის რეაბილიტაციის მცდელობა ალასანიას ხარჯზე

ოქრუაშვილის რეაბილიტაციის მცდელობა ალასანიას ხარჯზე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა, რომ მასზე საფრანგეთში უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა.

„კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი, ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საერთოდაც ოქრუაშვილის ინტერვიუ იმით იყო საინტერესო, რომ მან ორ ძირითად თემაზე ისაუბრა. ერთი იყო უკანონო მოსმენები თავდაცვის სამინისტროდან, ხოლო მეორე - პრეზიდენტი სააკაშვილი რამდენიმე მინისტრის დათხოვნას აპირებს. დანარჩენ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებაში ოქრუაშვილთან კითხვები არსებობს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა არაფერი თქვა და განმარტა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და უკეთესი იქნება, საზოგადოება პროკურატურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს თუ დაელოდება. ასე უპასუხა მან ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. ხოლო კიდევ ერთ საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ოქრუაშვილის მიმართ კითხვები და ეჭვები არსებობს, კერძოდ, ბუტა რობაქიძის საქმეზე (რომლის მკვლელობის დროსაც ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო), ოქრუაშვილმა განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო და არც ის იცის, შემთხვევის ადგილზე იარაღები იყო თუ არა. ამის დასადასტურებლად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პროკურატურას მისი სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვა შესთავაზა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ინტერვიუში მხოლოდ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა გაჟღერებაც თავად სურდა, ხოლო საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს პრაქტიკულად არ უპასუხა, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი სწორედ ამ მიზნით ესაუბრა ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომ გარკვეული თემები თვითონ „აეწია“.

აღსანიშნავია, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მაშინვე უპასუხა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა. გადაცემა „მთავარ კითხვაში“ ამ თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდზე საუბრობს, "საკითხში ფაქტობრივი უსწორობაა".

„თუ მისი მხრიდან ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი, მისი განცხადება შეუსაბამოა. ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კბილაშვილმა.

თუმცა, კბილაშვილის განცხადება ოქრუაშვილს უპასუხოდ არ დაუტოვებია და უმალ გამოეხმაურა: „საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე შესაძლოა მთავარი პროკურორისათვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ, მაგრამ ფაქტია რომ გასულ კვირას მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამომძიებელ გიორგი მუჯირის მიერ დავიკითხე როგორც მოწმე. დაკითხვისას ამოსაცნობად წარმომედგინა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიერ საფრანგეთიდან, ჩემი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა ჩემი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად.

ბოლო საუბარი რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით. თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს“.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვანო მაჭავარიანი  ოქრუაშვილის ამ განცხადების მოსმენის შემდეგ აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავად პრობლემური ფიგურაა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მის მიმართ კითხვები, რომლებიც მისი როგორც შინაგან საქმეთა, ასევე თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება. ამიტომ, ვინაიდან მის მიმართ ეს კითხვები არსებობს, მაჭავარიანის აზრით, ოქრუაშვილი ამ თემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

„ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი თავი ჩაიყენა კომიკურ მდგომარეობაში და გამოსავალს ეძებს იმ პრობლემებიდან, რომლებიც შეიძლება მას აღმოაჩნდეს მისი როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამო და ასეთი განცხადებები მისი მხრიდან არის ყურადღების სხვა საკითხზე გადატანის მცდელობა. ვის რაში სჭირდება ირაკლი ოქრუაშვილი? ეს არის კონსპირაციის გამოგონების მცდელობა და ყურადღების მიქცევა მის პერსონაზე, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკური ბანკროტია. ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა ირაკლი ალასანიაზე, რომელთანაც მას მიაჩნია, რომ დაუმთავრებელი ანგარიში აქვს. ეს არის არაეთიკური, არასწორი და ქართულმა საზოგადოებამ ამ ადამიანის ნახევრადთქმულ ფრაზებს სათანადო შეფასება უნდა მისცეს“, - ამბობს ექსპერტი.

კითხვაზე, რატომ შეიძლება ჰქონდეს ოქრუაშვილს ალასანიასთან დაუმთავრებელი ანგარიში, ვანო მაჭავარიანი პასუხობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა არავისთან, გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მეგობრისა. ამიტომ, მაჭავარიანის თქმით, თუკი ოქრუაშვილს ალასანიასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ეს გასაკვირი არ იქნებოდა, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მათი ურთიერთობის დეტალები არ იცის.

„თუ ოქრუაშვილის მხრიდან ეს არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილის გული მოიგოს იმით, რომ ირაკლი ალასანიას დაარტყას, არ ვიცი, მაგრამ მაინც მტკიცებულებებით უნდა გაემყარებინა საკუთარი ნათქვამი. აქვე შეგახსენებთ, ამ ადამიანს არაერთხელ გაუკეთებია საკმაოდ სკანდალური განცხადებები, იგივე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით. შემდეგ კი ეს განცხადებები გადათქვა. ამიტომ ამ ადამიანის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ამასთანავე, გამკვირვებია, რომ იგი ასე ვთქვათ, მშრალი გამოდის ყველა სიტუაციიდან და ახლაც თავის თავს უფლებას აძლევს არა მხოლოდ აკრიტიკოს წინა ხელისუფლება, რომლის წევრიც თვითონ იყო, არამედ ცილი დასწამოს ახალ ხელისუფლებასაც, რადგან ირაკლი ალასანია ამ ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. რა კომპიუტერი უნდა ჰქონდეს ირაკლი ოქრუაშვილს, რომ ზის იგი თავის კომპიუტეერთან და უცებ ის ეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან შემოვიდა ვირუსი და იქიდან ირაკლი ალასანია იღიმება? ეს ხომ არასერიოზულია“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მან არ იცის, ვის სჭირდება ირაკლი ოქრუაშვილის რეაბილიტაცია და რატომ იქცევს იგი ამხელა ყურადღებას. მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს მედიის დამსახურებაა, რომელიც ცდილობს ოქრუაშვილისგან წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მიიღოს.

მეორე თემა, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში აქცენტი გააკეთა, იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. კითხვაზე, ხომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი, რომ მთავრობა და პარლამენტი დაითხოვოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ იგი ამას არ გააკეთებს, რადგან იცის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ხმათა იმ ოდენობასაც ვერ მიიღებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რამდენიმე მინისტრის გადაყენებას და მათ ადგილას მისთვის სასურველი მინისტრების დანიშვნას გეგმავს. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი თეა წულუკიანის, ირაკლი ღარიბაშვილის და შესაძლოა, მაია ფანჯიკიძის დათხოვნას გეგმავს.

„ერთ დღესაც მე და თქვენ გავიღვიძებთ და შინაგან საქმეთა მინისტრად დაგვხვდება მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრად ადეიშვილს არ დააბრუნებს, მე მგონი და უფრო სხვაზე იფიქრებს. პირადად მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც დაზიანდნენ ამ რეჟიმის დროს, გულგრილები ვერ ვიქნებით, სახლებში ვერ დავსხდებით და ვერ დაველოდებით, როდის ააფეთქებს ის ამ ქვეყანას“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

იმის გასარკვევად, აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს, რომ რამდენიმე მინისტრი დაითხოვოს და მათ ადგილას მისთვის სასურველი კანდიდატები დანიშნოს, კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს ვესაუბრეთ. მისი განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლება, გადააყენოს მთავრობა, ან მხოლოდ ძალოვანი მინისტრები - შინაგან საქმეთა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები. ამდენად, სააკაშვილს ან მთელი მთავრობის, ან სამი ძალოვანი მინისტრიდან სამივეს, ან თუნდაც ორის გადაყენება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, კობახიძის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი მთავრობას არ დაითხოვს და მხოლოდ ძალოვან მინისტრებს გადააყენებს, მას სხვა მინისტრების გადაყენების უფლება არ აქვს. ასევე ძალოვან მინისტრებად მისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნის უფლებაც არ აქვს.

„როგორც მე მოვისმინე, ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა გადაყენებული მინისტრების ადგილას სხვები დანიშნოს. მინდა გითხრათ, რომ როცა ხდება მინისტრების გადაყენება, ისევ პრემიერ-მინისტრი არის უფლება-მოსილი, დანიშნოს მინისტრები. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის თანხმობა არის საჭირო. ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად სააკაშვილმა შესაძლოა ისევ ვანო მერაბიშვილი დანიშნოს, მაგრამ ამის უფლება მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს. ძალოვანი მინისტრების დანიშვნაზე პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი, მას უბრალოდ პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი.

მისი თქმით, შესაბამისად, პრეზიდენტი ძალოვან მინისტრებს ვერ დანიშნავს. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ პრემიერის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები დაბლოკოს.

საინტერესოა ისიც, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის იურისტი და როდესაც სატელევიზიო ეთერში ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს, მას ალბათ, უნდა სცოდნოდა, რომ პრეზიდენტს შესაბამისი უფლება-მოსილება არ აქვს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქ ორ ვარიანტზე შეიძლება ვიფიქროთ. ერთია ის, რომ შესაძლოა, ოქრუაშვილს გამორჩა, რომ პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების უფლება არ აქვს, ხოლო ძალოვანი მინისტრების დათხოვნის შემთხვევაში მისთვის სასურველ კანდიდატებს ვერ დანიშნავს. მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ შესაძლოა, მას ასეთი განცხადებების გაკეთებისას გარკვეული პოლიტიკური მოტივი ამოძრავდებდა, ანუ შეიძლება მან ეს იცოდა, მაგრამ ასეთი განცხადების გაკეთება აწყობდა. კონსტიტუციონალისტი ვერც ერთ ვარიანტს ვერ გამორიცხავს.

და ბოლოს, რაც შეეხება ირაკლი ალასანიას უწყების მიმართ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებს, თავად თავდაცვის მინისტრი და მისი პრეს-სპიკერი საქართველოში არ იმყოფებიან და ამიტომ მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა for.ge კომენტარისთვის ალასანიას გუნდის წევრს, დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. აბაშიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებზე სერიოზულად რეაგირება საჭირო არ არის.

„ოქრუაშვილისგან პოლიტიკურ თემაზე ბევრი განცხადებები მოგვისმენია და შემდეგ ისიც გვინახავს, როგორ უარყოფდა თავის განცხადებებს. ამიტომ, ამ ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირება არასერიოზულია“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.