სტრასბურგში გათენებული ღამეების შემდეგ პირველი შეხვედრა ქართველ მოსამართლეებთან

სტრასბურგში გათენებული ღამეების შემდეგ პირველი შეხვედრა ქართველ მოსამართლეებთან

„სტრასბურგის სასამართლოში თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე ათი წელი“, - ასეთნაირად მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექვსსათიანი შეხვედრისას მოსამართლეებს. მანვე სანდრო გირგვლიანისა და გვანცა ყუფარაძის კონკრეტული საქმები გაიხსენა და ეს საქმეები ქართული მართლმსაჯულების განაჩენად დაასახელა, რომლის უკანონობის აღიარებითაც უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის გამოსწორება. 

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი და არც რომელიმე მინისტრი არ ყოფილა, არამედ წინა ხელისუფლების პრობლემა პროკურატურა და სასამართლო იყო, რომლებიც ერთმანეთთან არასამართლიან კავშირში იმყოფებოდნენ.

მოსამართლეთა კორპუსის სახით შეხვედრას თემიდას „მსახური“ ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთა კისერზეც სასჯელების ფართო პალიტრა და კერძო საკუთრების ჩამორთმევის მდიდარი გამოცდილებაა. უფრო მეტიც, თეა წულუკიანს რომ დავესესხოთ, „წინა ხელისუფლებამ მოსამართლეებს ისეთი კანონები დაუწერა, რომ სასჯელების საკითხში საკმარისი იყო მხოლოდ ელემენტარული არითმეტიკა სცოდნოდათ“.

შეხვედრის ძირითადმა განსახილველმა საკითხმა - მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნამ (რომელიც 2004 წლის 1-ლი იანვრიდან 2012 წლის 1-ელ ნოემბრამდე გამოტანილ საქმეებს განიხილავს) კოტე კუბლაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებით მასში კითხვის ნიშნები დაინახა. ამასთან, მოსამართლეთა უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა მოითხოვა, რაც მისი აზრით, გულისხმობს, რომ დაუშვებელია სასამართლოს, ანუ საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა რომელიმე სხვა ორგანოს მიერ.

წულუკიანის ნათქვამმა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის ამოქმედების მიზანი არ არის მოსამართლეების დასჯა და ციხეში ჩასმა, კუბლაშვილი ვერ დააკმაყოფილა. აღნიშნულის მხოლოდ სიტყვით დეკლარირება მან საკმარისად არ მიიჩნია და იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამისი გარანტიის კანონპროექტში გაწერა მოითხოვა.

„მოსამართლეების დასჯა ვერ მოხდება და კარგია, რომ იუსტიციის მინისტრი ამას აფიქსირებს. უკაცრავად და ბევრი თავგაცხელებული ადამიანისგან მოგისმენიათ, რომ ესა და ეს მოსამართლე უნდა დავსაჯოთო. იმედი მაქვს, ცოტა ადეკვატურად შეხედავენ პროცესებს, რადგან მოსამართლეების დასჯას თვითონ სასამართლო არ დაუშვებს – ესაა მხოლოდ სასამართლოს საკითხი და არა ვინმე სხვისი. ჩვენ შევთავაზეთ იუსტიციის მინისტრს, რომ იმის დასადასტურებლად, რომ კომისიის დასკვნას არ მოჰყვება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობაში მიცემა პროექტში ჩავწეროთ“, - განმარტა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი კომისიების შექმნის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ისინი ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების შინაარსიდან და სფეროდან არ გადიან. წულუკიანის უწყების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კი, ითვალისწინებს საქმეების ყველა მიმართულებით გადასინჯვას.

თავის მხრივ, თეა წულუკიანისთვის უცნაურია კოტე კუბლაშვილის შიში, თითქოს, ახალ ხელისუფლებას მოსამართლეთა დასჯა სურს. სინამდვილეში, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ფსიქოლოგიური შიშია და ამ უსაფუძვლო შიშს არ უნდა აღვივებდნენ ადამიანები. 

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა არაერთი მესიჯი გაუგზავნა მოსამართლეთა კორპუსს. კერძოდ, მოსამართლეებმა შეიტყვეს, რომ ისინი პროკურატურისგან თავისუფლები არიან და  პროკურორი, რომელიც მოსამართლეზე ზეწოლას და მათთვის „კოჭლი საქმეების მიტანას“ შეეცდება, მკაცრად დაისჯება. იუსტიციის მინისტრმა ისიც უკანონობად მიიჩნია, რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი. ამ კონტექსტში კი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის დავით სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება დადებითად შეაფასა იმ კუთხით, რომ „გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს“. ამას კი უნდა მოჰყვეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა.

ასევე, თეა წულუკიანი დაინტერესდა, თუ როგორ იმართება საერთო სასამართლოების ფინანსების მმართველი დაწესებულება და ხმარდება თუ არა ეს ფინანსები მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.

მისი თქმით, გასულ წლებში უკანონო და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები იმდენად სასამართლოს ბრალი არ იყო, რამდენადაც პროკურატურის, მაგრამ ვერც სასამართლო აიცილებს თავის წილ პასუხისმგებლობას. მეტიც, მორალური პასუხისმგებლობა აკისრია ყველას, ვინც ხალხის ინტერესს ერთხელ თუნდაც შორიდან შეეხება.

„როგორც არჩეულმა ადამიანმა, ვიცი, რომ ის 61 114 კაცი, ვინც მე ხმა მომცა, არ ფიქრობს, რომ ქართველი მოსამართლის ნდობა ბოლომდე შეიძლება. ეს არის არა მხოლოდ მოსამართლის ბრალი, არამედ დიდწილად ჩემი წინამორბედის ხელში მომუშავე პროკურორების ბრალი... დღეს დადგა დრო, რიგით მოსამართლეს ჰქონდეს თავისუფალი სიტყვა მართლმსაჯულების პროცესში. ჩემს სიტყვებს უკან სდევს ის, რასაც ვამბობ და არა - ხელისუფლებაში 50 წლით გამაგრების სურვილი. თუ თქვენ დამეხმარებით, საქართველოში მართლმსაჯულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ინსტიტუცია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მან შეცდომების გამოსწორების ერთადერთ მექანიზმად მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა დაასახელა, რათა ქვეყანაში არ შეიქმნას პარალელური მართლმსაჯულების სტრუქტურა და მოსამართლეს მიეცეს საშუალება, წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

ეს კომისია კი მარტო იმას არ მოემსახურება, რაც კანონში წერია, არამედ სასამართლოსთან ერთად შექმნის იმ სამართლებრივ პრაქტიკასა და კულტურას, რომელიც საქართველოს სჭირდება სამომავლო სასამართლო შეცდომების გამოსწორების სრულყოფილი მექანიზმისთვის.

მოსამართლეთა კორპუსთან თეა წულუკიანის შეხვედრას საპასუხო რეაქციები მოჰყვა მისი ადრესატებისგან.

პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილი, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი, თეა წულუკიანს სიცრუეში ადანაშაულებს, რადგან მისი თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და პროფესიონალი მოსამართლეების მომზადების ცენტრი გახდა. ამასთან, მინისტრი „ძალიან ცდება“, როდესაც ამ სკოლის ყველაზე დიდ „განსაცდელად“ დავით სააკაშვილს ასახელებს, პრეზიდენტთან მისი ნათესაური კავშირის გამო. დავით სააკაშვილის აზრით, დემოკრატიულ სახელმწიფოში „გვარებად“ საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ამიტომ პრეზიდენტის ძმა აცხადებს, რომ ის „საქართველოს მოქალაქეა და კონსტიტუცია იცავს ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ჩვენი ძმები და მამები“.

რაც შეეხება მოსამართლე დალი მეტრეველს, რომელმაც გვანცა ყუფარაძეს (რომელიც 2006 წლის 11 ნოემბერს „უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით“ თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენების ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს - 5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი) უსამართლო განაჩენი გამოუტანა, ისიც პასუხობს თეა წულუკიანს, რომ განაჩენი საკუთარი გადაწყვეტილებით გამოიტანა, რადგან ასე მიაჩნდა.

არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დარჩენილა პასუხის გარეშე. თეა წულუკიანის ინიციატივის საპასუხოდ, კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის არასათანადო მოდელმა შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს და მისთვის ყველაზე მისაღები ნორვეგიული მოდელია, რომელიც ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებიდან გასვლას არ გულისხმობს. ხოლო, თუკი ამაზე მეტად გაფართოვდება კომისიის უფლებამოსილებები, ეს უკვე საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას, რადგან ბევრი დამთავრებული საქმე, აღსრულებული საკითხი და სხვადასხვა ადამიანისთვის მიკუთვნებული საკუთრება ეჭვქვეშ დადგება.

„ამან კი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან საქმე ეხება დემოკრატიული საზოგადოების ისეთ ქვაკუთხედს, როგორიცაა საკუთრების უფლება“, - აღნიშნა კუბლაშვილმა და საკუთრების დაცვაზე ისე ალაპარაკდა, თითქოს, სწორედ მისი მოსამართლეების ხელით არ ირღვეოდა დემოკრატიის ეს უმთავრესი პრინციპი.

იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე (რომლის უწყებასაც, წესით, ევალებოდა დამნაშავე მოსამართლეთა გამოვლენა და რაც სინამდვილეში, ფიქცია იყო), ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას საფრთხილოდ მიიჩნევს, რადგან მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენა მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დადგომის საფუძველი არ უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტს პოლიტიკური ხასიათი მიეცემა.

საინტერესოა, რომ მოსამართლეთა ნაწილი ეთანხმება ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, ოღონდ მათ აინტერესებთ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისიის 15 წევრი რა ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს?! თუმცა არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც აღნიშნული კომისიის შექმნის მიღმა სადამჯელო ორგანიზაციას ხედავენ.  

For.ge დაინტერესდა, საერთოდ, უნდა შეხვედროდა თუ არა თეა წულუკიანი მოსამართლეთა აღნიშნულ კორპუსს, რომელთა მხრებზეც არაერთი უკანონობაა და ხომ არ აღიქმება ეს დათმობად საზოგადოების თვალში?! ამასთან, რატომ აფრთხობს კოტე კუბლაშვილს მისი მოსამართლეების მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მიერ?! ამ საკითხებზე ადვოკატები გვესაუბრებიან.  

ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, მარტო ის ფაქტი, რომ ბოლო ცხრა წლის მანძილზე უამრავი პოლიტპატიმარი  და პოლიტიკური ნიშნით დევნილი მოგროვდა, რაც ჩვენმა პარლამენტმაც აღიარა და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამაც, პირდაპირ მიუთითებს, რომ განაჩენები, რომლითაც ეს ხალხი გაამტყუნეს, გადასასინჯია. ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით კი, დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის არცერთი შესაძლებლობა არ არსებობს. ამდენად, ცხადია, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება, თუ არ შევქმნით ასეთი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ახალ საკანონმდებლო მექანიზმს.

„გასაკვირი არაა, რომ კუბლაშვილის უწყებას არ სურს ასეთი კომისია შეიქმნას, რადგან ეს კომისია დაადგენს, რომ თურმე სასამართლოს დარღვევები ჰქონია და თანაც, - მასობრივი ხასიათის. ამ დროს კი ასიათასობით ადამიანი მოელის, როდის დაიწყება მათი საქმეების გადასინჯვის პროცედურა. ამდენად, აღმასრულებელმა, სასამართლო  და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საზოგადოების ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნები და დაკვეთა შეასრულონ. თუ ამ შეხვედრის შემდეგ რაიმე შედეგს მიაღწევენ, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, არ იქნება თანხმობა და ყველა კვერს არ დაუკრავს ახალი კანონმდებლობის მიღებას და ახალი კომისიის შექმნას, მაგრამ ამის გარეშე მომავალი არ გვიწერია. ამიტომ იქ იქნება შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, უთანხმოება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

მისი თქმით, შესაძლოა, ძალიან დიდი დრო, რამდენიმე წელი დაგვჭირდეს, მაგრამ  სამართლიანობის აღდგენა ამისთვის ღირს. ამ პროცესში კი ბევრ მოსამართლეს უნდა დავემშვიდობოთ. ეს ხანგრძლივი პროცესია და გარდამავალ პერიოდში მოთმინებით უნდა დაველოდოთ მოსამართლეთა შეცვლას, რადგან, თუკი დღესვე ჩავანაცვლეთ მოსამართლეებს, ხვალ ვერ ვიპოვით კვალიფიციურ კადრს.

„მოსამართლეთა დასჯა სისხლის სამართლის წესით მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კანონით აღარ არის შესაძლებელი. ასეთი მუხლი არ არსებობს, არამედ არსებობს თანამდებობრივი დანაშაული, რომელსაც დეტალური გამოძიება და მტკიცებულებით გამყარება სჭირდება“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ კოტე კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებების „გაპრავებაზე“ მუშაობდა, ახლა ეჭიდება იმ ხალხს, რომლებზეცაა დაფუძნებული მთელი მისი მოღვაწეობა. კერძოდ, - მოსამართლეებს.

ამიტომ ამ ხალხს არ აწყობს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიოდა ბოლო ცხრა წლის მანძილზე ქართული სასამართლო, როგორ გამოჰქონდა უკანონო განაჩენები და გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

„მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა კი ობიექტურად მოახდენს საქმეების გადასინჯვას. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირებაც სწორედ საქმეების გადასინჯვა გახლდათ. ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო სამართლიანი სასამართლო. კანონიერების აღდგენით კი აშკარად გამოიკვეთება მოსამართლეების დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ყველა შემთხვევაში, უნდა დაისაჯონ, რადგან მათ მიერ ჩადენილია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ამიტომ კოტე კუბლაშვილი იცავს იმ მოსამართლეებს, რომლებიც მის უშუალო დავალებას ახორციელებდნენ“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ თეა წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილებები და განაჩენები გამოჰქონდათ ქართველ მოსამართლეებს ათი წლის განმავლობაში. უამრავი საჩივარია შესული ევროპულ სასამართლოში, უმრავლეს მათგანში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნებულ იქნა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევის გამო. არაერთ ადამიანს ქართულმა სასამართლომ, მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა.

ამიტომ მამუკა ნოზაძის თქმით, სწორედ ასეთ საქმეებს გულისხმობდა თეა წულუკიანი, როცა ათი წლის მანძილზე ათენებდა ღამეებს და კითხულობდა ისეთ განაჩენებს, რაზეც ქართველმა მოსამართლეებმა თვალი დახუჭეს და პროკურატურის უკანონო ბრალდებას ლეგალიზება გაუკეთეს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამართალს ვერ პოულობდნენ საქართველოში, ევროპულ სასამართლოს მიმართავდნენ, რათა იქიდან მიღებული ყოფილიყო პრეცენდენტული გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების მხრიდან უკანონობის აღსაკვეთად.