პრემიერის დღეს რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი ისევე იყო გაჭედილი, როგორც ადრე - ჩვენი მშობლების ახალგაზრდობაში.
დაუცხრომელმა ტაშმა, რომელიც სპექტაკლის შემდეგ 20 წუთი მაინც გაგრძელდა, კიდევ ერთხელ გამახსენა, რატომ მიყვარს დიდი რეჟისორი რობერტ სტურუა.
მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი" ჯერ კიდევ პრემიერამდე იყო ინტერესის საგანი, რადგან გვპირდებოდა შეხვედრას სამ დიდ ხელოვანთან - რეჟისორ რობერტ სტურუასთან, მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილთან და კომპოზიტორ გია ყანჩელთან. ეს განუმეორებელი სამეული - ქართული თეატრის კლასიკისა და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფურცლის შემქმნელი - კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ ქართული თეატრის ზეიმი გრძელდება.
„კომედია „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი" მორალის გარეშე" - წერია აფიშაზე. ასეცაა. მორალის გარეშეა ყველა პერსონაჟი. ამბავიც, რომელიც სცენაზე ხდება. მორალის გარეშე ვართ ჩვენც - მაყურებელიც, იმიტომ, რომ სპექტაკლში მარტივი სიმბოლოთი გვიყვებიან ყველაფერს, რასაც დღენიადაგ ვხედავთ ქუჩაში, ტელეეკრანზე.
ტრაგიზმით სავსე თეიმურაზ ხევისთავი გამახსენდა, - ბრინკა, რომელიც ბრძოლის უუნარობის გამო ხერხემალში გადატეხეს.
ბიდერმანი (ზაზა პაპუაშვილი) უარესია - ტიკინა, გროტესკული ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში თავშესაფარს მისცემს ცეცხლის წამკიდებლებს (ბესო ზანგური, დავით დარჩია) და ისინიც ისე წაუკიდებენ ცეცხლს პაპამისის დანატოვარ ქონებას, რომ დენთით სავსე კანისტრებსაც დაათვლევინებენ და ასანთსაც თავად მასპინძელს მოატანინებენ.
ზაზა პაპუაშვილის პერსონაჟი მოწყენის საშუალებას არ გაძლევს, ფეიერვერკივითაა - ფერადი, ხალისიანი. ცოტა ხნის წინ ოცნებაში აღზევებული, ანგელოზის ვერცხლისფერი ფრთებით მოსილი ზემოდან ჩამოგვძახოდა:
- მეგობრებო, ჩვენ, მე და თქვენ, ყველას ჩამოვახრჩობთ. ყველას სათითაოდ!
- და სასამართლო.
- არავითარი სასამართლო!
მერე კი, ორი ამფეთქებლის ხელში ჩავარდნილი, პოლიციაშიც ვერ რეკავს. ვერც დარეკავს! რატომ? ბიდერმანი მდიდარია.
„- დიდი ქონების მიღმა ყოველთვის დანაშაული იმალება, კრიმინალი, სერ!
- ვინ გითხრათ?
- ბალზაკმა!" - ისმის სცენიდან.
„ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, ღმერთზე კი არა, მეხანძრეებზე ლოცულობენ". ამ დროს მეხანძრეები თავად უკიჟინებენ ცეცხლის წამკიდებლებს - ჩქარა, ასანთიო. ტრაგიკომიკური წრე შეიკრა. და მხოლოდ ბავშვისსახიანი ანგელოზი დაჰყურებს სცენას, როგორც უმწეო ფრაზა: „ის მაინც მოვა - განკითხვის დღე".
რეჟისორის საინტერესო ხედვა, მსახიობების ოსტატობა, ბრწყინვალე დეკორაცია და მუსიკა, რომელიც თავისთავადაც ძალიან საინტერესოა, ამ ყველაფერს მაღალი ხელოვნებით გვაწვდის.
და მე ძალიან მიყვარს რობიკო სტურუა. მიყვარს, რადგან მას არასოდეს ჰქონია ცხოვრებაში მზამზარეული რეცეპტები. რობერტ სტურუა ცხოვრობდა, ფიქრობდა, ეძებდა და პოულობდა თავის თავს არა იქ, სადაც ხელის გულზე ატარებენ ხოლმე ნიჭიერ კაცს, არამედ იქ, სადაც ნიჭის გამოც კი გულს ტკენდნენ. იქ, სადაც მემკვიდრეობით არაფერს იღებენ, იქ, სადაც თავად ქმნიან მემკვიდრეობას.