„თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და პარლამენტიდან გავა, შარლ მიშელის დოკუმენტიც გაუქმდება და არც ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“

„თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და პარლამენტიდან გავა, შარლ მიშელის დოკუმენტიც გაუქმდება და არც ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“

ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლით ემუქრება. ოპოზიციის ნაწილი „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებენ, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება, ისინი პარლამენტს კვლავ დატოვებენ. თუმცა ოპოზიცია ამ მოსაზრებაში კვლავ ერთიანი არ არის და „ლელოს“ მიერ გაკეთებულ ამ განცახდებას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იზიარებს.

პატარა პარტიები ფიქრობენ, რომ პირიქით, მათ ამისთვის პარალმენტის შიგნით უნდა იბრძოლოონ, რათა ხელისუფლებას  შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება აიძულონ.

საქმე ისაა, რომ თუკი ოპოზიცია ისევ ბოკოტის რეჟიმში გადაინაცვლებს, 19 აპრილის შეთანხმება და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პირობა დაირღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეხსნება ვალდებულება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმის მიუხედავად,  თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებს თუ არა 43%-ს. დასავლეთის და ამომრჩევლის თვალში კი, პირობის დამრღვევი არა ხელისუფლება, არამედ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია გამოვა.

„ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭისყრაზე გაიტანს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.

კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია“.

„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ - არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება და არის პოლიტიზირებული. თავს არავის მოგატყუებინებთ. ჩვენი შვილები და მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და ოპოზიციას ბოიკოტის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ხაზარაძის ინიციატივა უმალ გაიზიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„უნდა შეჩერდეს იუსტიციის საბჭოში და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. თუ „ქართული ოცნება“ ამ პროცესს დაიწყებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამოვა ინიციატივით, რომ კვლავ გადავიდეთ საპარალამენტო ბოიკოტის რეჟიმში და ეს პარლამენტი აღმოჩნდეს ისევ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციების წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. წინასწარ არ ვიტყვი, რას გამოვუცხადებ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ სტრატეგია მათთან ერთად უნდა შევიმუშავოთ“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა, ოპოზიციური პარტიებისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და ისევ პარლამენტისთვი ბოიკოტის გამოცხადება დაუშვებელია. ანალიტიკოსის თქმით, პირიქით, თუ დეპუტატებს და ოპოზიციას ეჭვი აქვთ, რომ რაღაცა რიგზე ვერ არის, მისი არგუმენტირებული დასაბუთება უნდა მოახდინონ. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ამაზე უნდა ისაუბრონ და არა პრობლემას გაექცნენ და იგივე წრეზე წავიდნენ, რომელზე ტრიალითაც 6 თვის განმავლობაში არაფერი გამოუვიდათ.

„ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მიხვდეს ერთ მარტივ რამეს - იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ოცნება“ კომპრომისზე იძულებით წაიყვანოს. ოპოზიციას მოსახლეობაში ის მხადაჭერა არა გააჩნია, რომ ამის მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს და რაღაცას მიაღწიოს. თუ რაიმეს მიღწევაა შესაძლებელი, ეს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან რეალური მხადაჭერა ექნებათ. ამიტომ საუბარი ბოიკოტზე კიარა, შეთანხმებულ მოქმედებებზე უნდა იყოს და დიპლომატები და საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში  ჩააყენონ. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ბოიკოტის გამოცხადება ნაჩქარევი და თავად ოპოზიციისთვის დამღუპველია. მთელი ჩვენი პარტნიორები „ნაციონალებს“ მოუწოდებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, ამიტომ ახლა ისევ ბოიკოტის გამოცხადება და დაპირისპირებაში შესვლა, სრულიად გაუგონარი ქმედება იქნება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, 6-თვიანმა ბოიკოტმა ოპოზიცია იმდენად დააზიანა, რომ არა „ოცნების“ შეცდომა და მელიას დაკავება, ისინი ახლა სრულიად განულებულები იქნებოდნენ. ამიტომ მსგავსი ნაბიჯი, მით უმეტეს, ამხელა მედიაციის შემდეგ, ოპოზიციას ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ საერთაშორისო დონეზე კაცი არ მოიძებნება მათ მხარი დაუჭიროს. რაც შეეხება იმ ფაქტს რატომ მოეწონა „ნაციოანლურ მოძრაბას“ ეს აზრი, ძაბირაძე ამბობს, რომ ბოლო დროს მათ პოლიტიკურ ლოგიკას ვეღარ იგებს და რთული სათქმელია რის მიღწევას ცდილობენ.

„ალბათ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ თუკი ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავა, მაშინ პოლიტიკურ ავანგარდში ისევ ისინი დაბრუნდებიან და 6-თვიანი წაგებული თამაშის შემდეგ იქნებ საბოლოო ჯამში რაღაცა გამოუვიდეთ. თუმცა რისი იმედი აქვთ, არ ვიცი. დაინახეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ხალხი არ აყვათ, უფრო მეტიც, საერთაშორისო ასპარეზზე თუკი რამე სახის მხარდაჭერა ჰქონდათ ისიც ნელ-ნელა დაკარგეს. ამიტომ რას მიიღებენ და რა უნდათ, ვერ გეტყვით. ალბათ, ისევ ეცდებიან, რომ რაღაცა პროცესები ააგორონ, მაგრამ ამით რას მიაღწევენ გაუგებარია.

თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და პარლამენტიდან ისევ უკან გავა, შარლ მიშელის დოკუმენტი საერთოდ გაუქმდება. ეს კი ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი აღარ იქნება, რომ მან პირობა დაარღვია, არამედ ოპოზიციის. შესაბამისად, მაშინ გამოვა, რომ აღარც ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მამაუკა ხაზარაძე პოლიტიკოსი რომ არაა და ის პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა, მისი ამ განცხადებიდანაც კარგად გამოჩნდა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს პირველად ეთანხმება და მიაჩნია, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, პირველ რიგში, დამღუპველი ოპოზიციისთვის იქნება. თუკი რომელიმე მოსამართლის მიმართ კითხვები და პრეტენზიები არსებობს, მაშინ ამის დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარადგინონ. საკანონმდებლო ორგანოს ხელახალი ბოიკოტირება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააყენებს. ამიტომ ხაზარაძის განცხადება რა ლოგიკას და პოლიტიკურ სვლას ექვემდებარება, გაუგებარია.

„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „ლელოს“ ამ განცხადებას „ნაციოანლური მოძრაობა“ სიხარულით შეხვდა. ხაზარაძე ენმ-ის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და მათ პარლამენტის წინ კარვები ამიტომაც არ აიღეს. ყოველი შემთხვევისთვის, სჭირდებათ და არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისევ იგივე სცენარის გათამაშება სცადონ. ისევ საუბარს იმაზე დაიწყებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ალბათ, „ლელოს“ განცახდებაც ამის მომზადების წინაპირობაა. უბრალოდ, პატარა პარტიები კარგად მიხვდნენ, რომ ამ 6-თვიანი ბოიკოტის შედეგად ყველაზე მეტად ისინი დაზიანდნენ და ახლა მსაგვსი საქციელის გამეორება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, მათ პოლიტიკურ გაბანკროტებას გამოწვევს. ამიტომ მამუკა ხააზარაძეს ვურჩევ, რომ გიორგი ვაშაძეს მოუსმინოს და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ, როგორც პოლიტიკოსი შედგეს“,-ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.