„მოსამართლე, რომელსაც მამა აწყობს თანამდებობაზე, ჩემთვის არის მიუღებელი“

„მოსამართლე, რომელსაც მამა აწყობს თანამდებობაზე, ჩემთვის არის მიუღებელი“

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა. პარლამენტი უახლოეს დღეებში 9 ახალ მოსამართლეს მისცემს ლეგიტიმაციას. დიდი ალბათობით, საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატების დანიშვნას მხარს არ დაუჭერს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება, როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით გულისხმობდა, არსებითი სასამართლო რეფორმის განხორციელებას და რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შეჩერებას. დეგნანის განცხადებით, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

„მაშინ, როდესაც, სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო, რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამერიკის ელჩის ამ განცხადებას ეთანხმება და for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოება ელის შარლ მიშელის შეთანხმების სრულად შესრულებას.

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს განცხადება იმ სიტუაციის რელევანტურია, რომელიც, დღეს არის სასამართლო სისტემაში და ასევე რელევანტურია იმ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებებთან, რომელიც მხარეებმა აიღეს მიშელის შეთანხმებით. საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესრულდება. ვინაიდან აქტუალურია უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების არჩევა, ამიტომაც ეს დღესვე უნდა შესრულდეს და ამისი გადადება წარმოუდგენელია. მე გამოვაქვეყნე სტატისტიკური მონაცემები, ფაქტები, 2013 წლიდან დღემდე როგორ იცვლებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. კოლაფსი იყო 2016-17 წლებში მაგრამ მაშინ ამ კოლაფსზე რატომღაც ის მხარეები რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ მოსამართლეები უნდა დაემატოს, ამაზე არ ლაპარაკობდნენ. მე მახსოვს, როდესაც პრეზიდენტმა წარადგინა კანდიდატები და პარლამენტმა თაროზე შემოდო. მაშინაც კოლაფსი იყო, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ. დღეს, ეს არის აქტუალური საკითხი, დრო მიდის, საბჭო ნაბიჯებს დგამს და ამას სჭირდება რეაგირება და რადგანაც საკითხი უკვე გადავიდა პარლამენტში, კეთილი ინებოს პარლამენტმა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ხელი არც მე მომიწერია და არც საზოგადოებას, ამიტომ კეთილი ინებონ და ეს პროცესი შეაჩერონ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულებულია, ანუ, უფრო კონკრეტულად, უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე, სანამ არსებული წესი არ შეიცვლებოდა, ეს შეეხება როგორც მოსამართლეთა დანიშვნასა და კენჭისყრის ღიაობას, ასევე დასაბუთებას, ქულათა სისტემას და ასევე საუბარი იყო ამ შეთანხმებაში, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მდინარაძე ამბობს, რომ ეს პუნქტები, რაც გაწერილი იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში, პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში არის შესრულებული.

- იტყუება. ეს ცვლილებები განხორციელდა პირველ აპრილს, ხოლო შეთანხმება შედგა 19 აპრილს. მდინარაძე აპელირებს იმაზე, რომ თითქოს პარალელურად მიდიოდა ეს პროცესები. საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბევრად ადრე, თუ ეს უკვე შესრულებული იყო 19 აპრილს, რატომ ჩაწერეს? ეს კითხვა ჩნდება. წერია პირდაპირ, რომ უნდა შეჩერდეს და თუ ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო ცვლილებები განხორციელდა, მაშინ გვითხრან, 19 აპრილის შემდეგ რა ცვლილებები განხორციელდა, რის გამოც საჭირო აღარ არის შეჩერება. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს ყველას შეუძლია გადაამოწმოს, რომ ორგანულ კანონში ცვლილება პარლამენტმა შეიტანა 1 აპრილს და იმის შემდეგ შედგა შეთანხმება.

თქვენ საუბრობთ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ სისტემაზე და ნეპოტიზმით დანიშნულ მოსამართლეებზე, კონკრეტულად საუბარია ლევან გზირიშვილის შვილის მოსამართლედ დანიშვნაზე, სხვა კავშირების გარდა ობიექტურობისთვის პროფესიონალიზმის საკითხიც გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში..

- მოსამართლეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის განვითარების საქმეში, მათ შეუძლიათ თავდაყირა დააყენონ, ან სწორი მიმართულებით წაიყვანონ ქვეყანა. ჩვენ არ ვსაუბრობთ როგორია დანიშვნების სისტემა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ამ დანიშვნების სისტემამ რა შემდეგი მოგვიტანა. დღევანდელ საქართველოში, შესაძლებელია, რომ მამამ შვილი მოაწყოს მოსამართლედ. გზირიშვილის მაგალითი არის ეს და აქ კონტექსტია გასათვალისწინებელი. 2017 წელს, მე და გზირიშვილი ერთად გავხდით საბჭოს არამოსამართლე წევრები, აგვირჩია საქართველოს პარლამენტმა. მამამისმა მთელი ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ შვილი დაესაქმებინა საქალაქო სასამართლოში. ის არაფერს ნიშნავს მურუსიძის ცოლი რატომ არის მისი შვილიშვილის ნათლია? ანუ, ისინი შეეცადნენ რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყვნენ ერთმანეთთან. ბოლოს მივიღეთ ის, რომ ეს ადამიანი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხა იმ ორგანომ, რომლის წევრიც მამამისია და ბოლოს მივიღეთ ის, რომ ოთხი წლის თავზე, ბოლო სამუშაო დღეს თავისი შვილი მიიყვანა ფიცის დასადებად უზენაეს სასამართლოში. სიმბოლურია ისიც, რომ მამამისი შევარდნაძის პერიოდშიც მოსამართლე იყო მცხეთის სასამართლოში და ისე გამოდის, რომ მემკვიდრეობით გადასცა შვილს მცხეთის მოსამართლეობა. დიახ, პერსონები წყვეტენ ამ ქვეყნის მართლმსაჯულების ბედს. მოსამართლე, რომელსაც მამა აწყობს თანამდებობაზე, ჩემთვის არის მიუღებელი.

საბოლოო სიტყვა პარლამენტმა უნდა თქვას, გაქვთ რაიმეს შეცვლის იმედი?

- ვხედავ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ძნელია იმედი გქონდეს, მაგრამ ლეგიტიმური მოლოდინი მაქვს, რომ შეაჩერებენ ამ პროცესს, ვინაიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები სადაც წერია, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, არიან თვითონ. რადგან ხელი მოაწერეს, ბუნებრივია, უნდა შეაჩერონ.

საერთაშორისო დონეზე უნდა დაიწყოს ამ საკითხის მოგვარებაც, ალბათ, რომ საბოლოოდ შედეგზე გავიდეთ, ამერიკის ელჩმა უკვე მერამდენედ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება საკითხისადმი.

- იუსტიციის საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ვერ შეაჩერებენ, რადგან კანონი ავალდებულებს მათ გააგრძელონ პროცესი. ამიტომ გაგზავნეს პარლამენტში კანდიდატურები, უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ოქტომბერ-ნოემბერში სამი კონკურსი გამოაცხადა და დანარჩენი ორი კონკურსი, რომელიც თითო ვაკანსიაზეა გამოცხადებული, შეჩერდა, ხოლო კონკურსი, რომელიც 9 ვაკანსიაზეა, ის გაგრძელდა. იქაც კანონით იყო ვადები განსაზღვრული, მაგრამ საბჭომ კანონი დაარღვია, არაფერი არ გაუკეთებია. ყველგან ვხვდებით ორმაგ სტანდარტს, საბჭო იქნება ის, თუ პარლამენტი და ყველა ცდილობს საზოგადოება მოატყუოს. ჩვენ ამისი საშუალება არ უნდა მივცეთ, ფაქტები სხვაზე მეტყველებს, ყველას შეუძლია შევიდეს საბჭოს ვებ-გვერდზე და ნახოს, როდის გამოცხადდა ის სამი კონკურსი, რა გაკეთდა ამ კონკურსებზე და ყველა დარწმუნდება ჩემს სიმართლეში.

 

tngh ამ ქალბატონისგან ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი დასაბუთებული ფაქტი და არგუმენტი არ მომისმენია...
2 წლის უკან
tngh ამ ქალბატონისგან ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი დასაბუთებული ფაქტი და არგუმენტი არ მომისმენია...
2 წლის უკან