ჩემი მერაბი, ბუნებით თვინიერი ბავშვი იყო, უფროსების მიმართ დამჯერე და პატივისმცემელი. ოჯახში იგი სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მამაჩემი, მერაბის ბაბუა, რომელიც განათლების დარგის ცნობილი მოღვაწე იყო, მერაბის სკოლიდან ყოველთვის სახეგაბრწყინებული ბრუნდებოდა. ბავშვობისას ის ყველა საგანს ერთნაირი ინტერესით სწავლობდა და ეს სისტემატური მეცადინეობა უდიდეს ინტერესს უქმნიდა სწავლისადმი.
ღამით კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობდა, რომლის შერჩევას მისი გამზრდელი ბაბუა ხელმძღვანელობდა. მერაბი სპორტითაც იყო გატაცებული. დილით ყოველთვის ვარჯიშობდა. ფეხბურთსაც თამაშობდა ეზოს ბავშვებთან ერთად.
მახსოვს, ერთხელ შესვენების დროს, სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში. ეზოდან შემომესმა ბავშვების ჟრიამული. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. შემოვედი ჭიშკარში. უეცრად აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა. თამაში შეწყდა. როდესაც სახლში შევედი, მერაბი ყურებამდე გაწითლებული იჯდა როიალთან და უკრავდა. მაშინვე მივხვდი შეწყვეტილი ხმაურის მიზეზს. თურმე მეკარეს (მერაბს) ჩემს დანახვაზე თამაში მიუტოვებია. რადგან პასუხისმგებლობა იგრძნო, მე მას აღარ გავუწყერი. მერვე კლასამდე მერაბი ყველაფერს გვიჯერებდა. ის პარალელურად მუსიკასა და უცხო ენას სწავლობდა. შემდეგ კი მისი დამორჩილება უკვე ძალიან გვიჭირდა.
ბავშვობიდან მისი განუყრელი მეგობარი იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა როგორც სკოლაში, ასევე ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში.
ჩვენს ოჯახში ხშირად დადიოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ილია გეგეჭკორი, რომელიც ზვიადისა და მერაბის კლასის დამრიგებელი იყო. ერთხელ, როდესაც შესვენებისას დავბრუნდი სახლში, მერაბი ყელშეხვეული დამხვდა. მიზეზის კითხვაც ვერ მოვასწარი, რომ კლასის დამრიგებელი შემოვარდა და შეშფოთებულმა მკითხა: „სად არის მერაბი?“ მერაბი აქ არის, მაგრამ ყელი სტკივა - მივუგე მე. მან დამიჯერა და უკან გაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ სკოლიდან მივიღე გამოძახების ფურცელი. დანიშნულ დროზე გამოვცხადდი სკოლაში, სადაც დამხვდა ქალბატონი მირანდა გამსახურდია. მე მის გვერდით ჩამოვჯექი და ვკითხე: - ხომ არ იცი რა მოხდა. რაზე დაგვიბარეს?
- მეც არ ვიცი - მიპასუხა მან.
დაიწყო კრება. სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ მოხდა გაუგონარი ამბავი, როდესაც მასწავლებლები კლასებში შევიდნენ, მათ იქ არცერთი ბავშვი არ დახვდათ. მშობლებიდან სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი მოწაფის მამა - იურისტი რაზმაძე. მან თქვა: „მართალია, ჩვენი შვილები არ ამხელენ ვინ არიან ამ ამბის ორგანიზატორები, მაგრამ მე აქ ახლოს ვმსახურობ და რომ გავიარე სკოლასთან, დავინახე ის ორი განუყრელი მეგობარი, ერთად იდგნენ და გაფაციცებით იყურებოდნენ სკოლისაკენ“.
ამ სიტყვების წარმოთქმის დროს იურისტმა რაზმაძემ მე და ქალბატონ მირანდას გადმოგვხედა მრავლისმეტყველად. მშობლებმაც ყველამ ჩვენ შემოგვხედეს. ის კი განაგრძობდა: „ჩვენ კი ვიცით ვინ არიან ორგანიზატორები, მაგრამ ბავშვები არ ტყდებიან, ჩვენ ვერ გავუწყრებით, რადგან მათი მხრიდან ეს ერთგულებაა ერთმანეთისადმი. სკოლის ყველა მოსწავლის გაკვეთილებზე არგამოცხადება ხომ პროტესტის ნიშანია“. მერე ადგა ქართული ენის მასწავლებელი და თქვა: „ზვიადი და მერაბი ნიჭიერი, წესიერი, ნაკითხი ბავშვებია. ამხანაგები მათ ყველაფერს უჯერებენ. მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ბავშვების მიმართ. მეტი კავშირი გმართებთ სკოლასთან!“
ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის მასწავლებელი ყოველთვის კმაყოფილი იყო მერაბის მეცადინეობით, მაინც მირჩევდა რეპეტიტორის აყვანას. მე, რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი, მაგრამ მერაბი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. „- დედა, მე შენ ზედმეტად ფულს არ გადაგახდევინებო“.
მეათე კლასში იყო გადასული მერაბი, როდესაც ზაფხულში სოხუმიდან წერილი მომწერა: „მე დიდი მადლობელი ვარ დედა შენი ყველაფრისათვის, მაგრამ ალბათ მუსიკას თავს დავანებებ და პოლიტიკურ მოღვაწეობას დავიწყებ“. მე, რა თქმა უნდა, თავზარი დამეცა. მეათე კლასში იყო მერაბი, როდესაც ზვიადთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებოდათ ანტისაბჭოთა პროკლამაციების შექმნა და გავრცელება.
იმ დროს, როცა ხმის ამოღებასაც ვერავინ ბედავდა, ზვიადისა და მერაბის საქციელი გმირობის ტოლფასი იყო. იმ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის. დაპატიმრებიდან 5 თვის შემდეგ ისინი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, როგორც არასრულწლოვანები. ამის შემდეგ მერაბმა წარმატებით დაამთავრა მუსიკალური ათწლედი და კონსერვატორიაშიც ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები.
1964 წლიდან ზვიადმა და მერაბმა სისტემატურად დაიწყეს რელიგიური და ფილოსოფიური მეცნიერებების შესწავლა და ეკლესიაში სიარული. მაშინ ათეიზმით ისე იყო გამსჭვალული მთელი ქვეყანა, რომ ეს ყველას უკვირდა. ბევრი კიდევაც დასცინოდა. მახსოვს, ერთხელ სასმსახურში ვიჯექი და თავჩაღუნული ვმუშაობდი, რომ შემომესმა ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა: „რუსი მორწმუნე ქალები ამბობენ, მწერლის შვილი და მისი თეთრთმიანი ამხანაგი მთელი ღამე დაჩოქილი იყვნენ ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ლოცულობდნენო“.
1978 წელს მერაბი ციმბირში გადაასახლეს მხოლოდ იმისათვის, რომ ქართველი ერის თავისუფლებასა და საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდა.
„უკვდავ საქმისთვის“ გადატანილი ბევრი გასაჭირისა და წვალების მიუხედავად, მერაბს არ დაუკარგავს შემოქმედებითი უნარი და შიმშილობის დროსაც კი პოემებს წერდა. საქართველოში დაბრუნდა სრულიად მშვიდი, მხნე და, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავში დარწმუნებული.
მერაბს ღვთის დიდი სიყვარული და რწმენა ჰქონდა. აღფრთოვანებული შეხვდა საქართველოში იბერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას.
დღეს ქართველები მხარში უნდა ამოუდგნენ ერთმანეთს და ყველამ საკუთარი სიცოცხლეც კი უნდა მიიტანოს მამულის საკურთხეველზე იმ დიადი საქმის გასამარჯვებლად, რასაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია და რასაც მთელი თავისი მოწამეობრივი სიცოცხლე შესწირა ჩემმა შვილმა - მერაბ კოსტავამ.
ოლღა დემურია-კოსტავასი