პანდემიამ თვალსაჩინო გახადა, რომ პირველადი მოთხოვნილების პროდუქტები ვეღარ გაიაფდება. ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება სურსათი. საკვები წლიდან წლამდე მცოცავი რეჟიმით ყოველთვის ძვირდებოდა, მაგრამ ახლა ნახტომისებური ეფექტის წინაშე დადგა კაცობრიობა. მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, წარმოება რიგ დარგებში იგივე დარჩა, უმრავლეს შემთხვევაში კი შემცირდა. ასეთ პირობებში მძიმე შედეგი გარდაუვალია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც სასურსათი უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმპორტზე არიან დამოკიდებულნი.
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (ფაო) მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტო მაისში სურსათზე მსოფლიო ფასებმა ყველაზე სწრაფი თვიური ტემპით - 4,8%-ით მოიმატა, რაც 10 წელზე მეტია, არ მომხდარა. სურსათზე ყველაზე მაღალი გლობალური ფასი 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. სააგენტოს სასურსათო ინდექსი მაისში, საშუალოდ, 127,1 პუნქტს შეადგენდა, რაც აპრილის 121,3 პუნქტზე მაღალია.
გაერო საკუთარ კვლევებში სურსათის მოსალოდნელ საფრთხეზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად საუბრობს. ბოლო დროს ამ პრობლემას განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემის გამო. ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა ნორმალურ სახელმწიფოს, მათ შორის - საქართველოს.
აპრილთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა მარცვლეულის ფასების ინდექსი. ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო სიმინდზე, რომლის ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.9 პროცენტით გაზრდილი.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 7.8 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის - სოიოს, მზესუმზირას და პალმის ზეთს. მთავარ მიზეზად, ბიოდიზელის ინდუსტრიაში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა და მწარმოებელ, აზიურ ქვეყნებში წარმოების შენელება განიხილება.
6.8 პროცენტით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. მატების ძირითად მიზეზს, ბრაზილიაში, შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსავლის აღების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები წარმოადგენდა. შაქრის ფასმა დარეგულირება, მაისის ბოლოს, ინდოეთიდან ექსპორტირებული პროდუქტის ხარჯზე დაიწყო.
გაზრდილია ხორცის ფასების ინდექსიც. ზრდამ 2.2 პროცენტით შეადგინა და იგი მეტწილად ჩინეთის მიერ პროდუქტის დიდი და სწრაფი ოდენობით შესყიდვამ განაპირობა. წინა თვესთან შედარებით, მაისში ფრინველისა და ღორის ხორცზე მოთხოვნამ მოიმატა.
ფასები გაიზარდა რძესა და რძის პროდუქტებზე. აპრილის თვესთან შედარებით, სხვაობამ 1.8 პროცენტი შეადგინა, რაც, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 28 პროცენტით აღემატება. ზრდის მთავარი კატალიზატორი, რძის ფხვნილზე (ცხიმმოხდილი და ცხიმიანი) გაზრდილი მოთხოვნა იყო.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს, რომ ასეთი გლობალური სიძვირი პირობებში საქართველოს მსგავს ქვეყნებს დიდი პრობლემა ემუქრება. ამიტომ აუცილებელია აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის და მოსავლიანობას მკვეთრად გაზრდის.
„პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გასარწყავებას. სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი უნდა გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება, დადგეს წყლის პრობლემა.
გლობალურ შიმშილობაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ ლაპარაკობდა ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა დეპარტამენტი. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის მოსალოდნელ პრობლემაზე ინგლისში ალაპარაკდნენ. ამას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა გამოძახილი, საქართველოს გარდა. სერიოზული პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად მთავრობას შესაძლოა, ძალა არ ეყოს. გლობალური მასშტაბის პრობლემის წინაშეა კაცობრიობა და საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც ჩაითრევს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
მეცნიერის განმარტებით, უნდა შედგეს სურსათის უსაფრთხოების გეგმა, უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს პირობები და საფრთხეები, რადგან ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და მოწოდების გზები რომ მოულოდნელად გადაიკეტოს, 90-იანი წლები მონაგონი იქნება, იმდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა.