„თუ ამ რეგულაციის გადავადება არ მოხდა, გათბობის საშუალებების ბაზარზე კოლაფსი გარდაუვალია“

„თუ ამ რეგულაციის გადავადება არ მოხდა, გათბობის საშუალებების ბაზარზე კოლაფსი გარდაუვალია“

ივლისიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია შედის ძალაში. „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული საკმაოდ მკაცრი რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.

ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის 84-ე დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დადგენილება რეგულაციაა, რომელიც ასორტიმენტის კონტროლს გულისხმობს. მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ რეგულაცია გერმანული მოდელის ანალოგია და შესაბამისად აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციაზე გავრცელდება ის ნორმატივები, რაც ევროპას აქვს. იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, პირველი ივლისიდან მისი აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. ვალდებულება ეხება როგორც ტექნიკას, ასევე სამწყობრო ნაწილებს.

მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1-ლი ივლისიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

კერძო სექტორი ამბობს, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია არ არსებობს, შესაბამისად, თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება. რეგლამენტის შესაბამისად პროდუქციის დამზადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთანაც, რაც ბიზნესის გათვლებით, მომხმარებლისთვის ტექნიკის მინიმუმ 2-3-ჯერ გაძვირებას გამოიწვევს.

„პირველი, რაც მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის, ესაა ფასების ზრდა პროდუქციაზე, ვინაიდან ამ რეგლამენტის თანხმად, კომპანიებს მოეთხოვებათ პროდუქციის შემოტანისას წარმოადგინონ ე.წ. შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის დასამზადებლადაც თავად მწარმოებელმა კომპანიამ მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რაც ასევე ვადებთან არის დაკავშირებული, მინიმუმ 9-თვიანი ვადა სჭირდებათ ამისთვის. შესაბამისად, ამ დოკუმენტის წარმოდგენა შეუძლებელია 1 ივლისამდე. ამ შესაბამისობის დეკლარაციის მომზადება, რომელიც იმეორებს ევროკავშირის სტანდარტს, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც გამოიწვევს პროდუქციაზე ფასების ზრდას. საქართველოს რეალობაში რომ განვიხილოთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში პროდუქცია, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, პირობითად წყლის გამაცხელებელი, მასზე ფასი 2-3-ჯერ მოიმატებს“, - განაცხადა „თერმო ცენტრის“ იურისტმა სოფო მექანარიშვილმა.

კერძო სექტორი ასევე ამბობს, რომ თუ ამ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, ბაზარზე კოლაფსი გარდაუვალია, ტექნიკა ვეღარ შემოვა და მიმწოდებლები ვერც მომხარებლის მიმართ საგარანტიო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ვალდებულების შესრულებას შეძლებენ.

„ქებული კლიმატის“ სადილერო დეპარტამენტის უფროსი თენგიზ გოგოლაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული რეგულაციები არ არის გერმანული მოდელის ანალოგი და მთავრობას თარგმნისას გარკვეული ინტერპრეტაციები აქვს ჩამატებული.

„ეს არ არის ანალოგი, ეს არის გერმანული რეგულაციიდან გადმოთარგმნილი, ოღონდ ამ რეგულაციაში გარკვეული ინტერპრეტაციები აქვთ ჩადებული, რაც ბაზარზე ერთგვარ ბლოკადას ქმნის. მაგალითად, ჩვენი რეგულაცია მოითხოვს, რომ საამწყობრო ნაწილებზე გვქონდეს შესაბამისობის დეკლარაცია, რაც არა მარტო პროდუქციის რეალიზებას, არამედ სერვისის მიწოდებასაც გვიზღუდავს, რისი გამოცდილებაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

„ქებული კლიმატი“ საქართველოში „ბოშის“ ოფიციალური წარმომადგენელია, ჩვენ მივმართეთ „ბოშს“, რაზეც გვითხრეს, რომ მსგავსი რამ გერმანიაში არ ხდება, მივმართეთ იტალიაში „ფეროლისაც“ და მათაც ანალოგიური პასუხი გაგვცეს. ჩვენმა კოლეგებმაც სხვადასხვა კომპანიებს, „სიმენსს“, „არისტონს“, „ცელსიუსს“ მიმართეს და არსად საამწყობრო პროდუქციაზე დეკლარირება არ ხდება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროდუქციას ვეღარ მოვიპოვებთ, ქვეყანაში ვერ შემოვიტანთ იმ პროდუქციის ნაწილებს, რომლებიც გაყიდული გვაქვს და ექსპლუატაციაშია და დამონტაჟებულია სამშობიაროებში, საბავშვო ბაღებში, თუნდაც ინდივიდუალურ მოსახლესთან.

გამოდის, რომ სერვისის მომსახურეობის საშუალება გვეზღუდება და ვერ შევძლებთ სერვისის განხორციელებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი ამ რეგულაციაში, რითაც ყველაზე მეტად სამოქალაქო სექტორი ზარალდება. წარმოიდგინეთ რა მოხდება ზამთარში მაგალითად სავაადმყოფოს რომ 100-ლარიანი ნაწილის გამო სისტემა გაეთიშოს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ გოგოლაშვილმა.

მეორე პრობლემა, რომელიც აღნიშნული რეგულაციით ბიზნესს შეექმნება, არის ის პროდუქტები, რომელიც კერძო კომპანიებს საწყობში აქვთ ან თანხა უკვე გადაიხადეს და პროდუქტი ტრანსპორტირების პროცესშია. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, მიმწოდებლები ვერც ამ პროდუქტის გაყიდვას შეძლებენ. ეს ყველაფერი კი, როგორც თენგიზ გოგლაშვილი აღნიშნავს, ძალიან დიდ ზარალთან არის დაკავშირებული. ახალი რეგულაციით შეძენილი მოწყობილობები კი პრემიუმ კლასის მოწყობილების ფასს აღემატება, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ წყლის გამაცხელებლის შეძენასაც ვეღარ შეძლებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე წელიწადში, საშუალოდ, 50 000 ცენტრალური გათბობის ქვაბი და 120 000 ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებელი იყიდება. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნის ძირითადი წილი სწორედ იაფიან და საშუალო სეგმენტზე მოდის.