რომ არა ოჯახი, ბურჯანაძეს შესაძლოა პოლიტიკაში თავი ისე ეგრძნო, როგორც თევზს წყალში. მაგრამ ახლა უფრო ბადეში გაბმულ ლიფსიტას ჰგავს. რა განსხვავებაა მასსა და შევარდნაძეს შორის? დიდი არც არაფერი. ექსპრეზიდენტიც ოჯახს ვერ ერეოდა. ბურჯანაძესაც ამბიციური ოჯახი აღმოაჩნდა. თუმცა, ერთი განსხვავება მათ შორის მაინც არის. ბურჯანაძემ ენები იცის კარგად... დასანანია.
ბურჯანაძეს პოლიტიკაზე მეტად ემოციები მართავს. ქალური შურისძიების დემონსტრირება პირველად მან ჯორბენაძესთან ურთიერთობისას მოახდინა. ექსსახმინისტრს ოდნავი წინდახედულობა რომ გამოეჩინა და ქალბატონისთვის კეთილგანწყობის ფეიერვერკები მოეწყო, მოიგებდა. მაგრამ „პოლიტფლირტის“ ნაცვლად ჯორბენაძემ „პოლიტრაზბორკები“ მოაწყო, თანაც ტელეკამერების წინ. აბა, ვინ მოუთმენდა? ექსსახმინისტრმა მაშინ თითების ქნევა დაიწყო: არ დაგავიწყდეს, ვინ დგას შენს წინ და თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ, თავი ვინ გგონიაო. ასეთი უხეში იყო ჯორბენაძე. ეს შეცდომა მას ძვირად დაუჯდა. ბურჯანაძის გული მაშინ ოპოზიციას ეკუთვნოდა.
ქვეყნის მეორე პირი ახლაც გაბრაზებულია. უკვე დიდი ხანია ჟვანიას სამაგიეროს გადახდით ემუქრება. შეგახსენებთ, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი ჯერ კიდევ საარჩევნო სიების შედგენისას გაჩნდა. ბურჯანაძემ მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის პოსტით სამაგიეროს გადახდა არცთუ ურიგო იქნებოდა. ამიტომაც ტყეშელაშვილის ნაცვლად თავმჯდომარის პოსტზე სოსელია წარადგინა.
მან უკვე მეორედ და ახლა უკვე ღიად გადაიმტერა საკუთარი უმრავლესობა. ისე ჩანს, რომ ზოგჯერ მას მაია ნადირაძე ჯაბნის გავლენებში. ამის დემონსტრირებას თავად ქვეყნის მეორე პირმა შეუწყო ხელი. გამოვიდა და საზეიმოდ გამოაცხადა: პრეზიდენტს შევუთანხმდი და სოსელია კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდებაო. პარალელურად მაია ნადირაძემ მსუბუქად ირონიული განმარტება გააკეთა: ასეთი არჩევანის დროს პრეზიდენტი „საშინაო“ დავალებებს არ გვაძლევს და სოსელიას დანიშვნა-არდანიშვნა ჩვენი გადასაწყვეტიაო. თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილმა უმრავლესობამ რევანში იოლად აიღო. სოსელია ჩააგდო და ბურჯანაძე აიძულა, ეგრძნო: გამოფხიზლდით, ქალბატონო, და იცოდეთ, საქმე ვისთან გაქვთო. ანუ, ის, რაც ჯორბენაძემ ბურჯანაძეს სიტყვით უთხრა, ახალი მთავრობის უმრავლესობამ ჟესტით აგრძნობინა.
ახლა შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რამდენად გაბრაზდებოდა ქვეყნის მეორე პირი. მან შეიძლება სააკაშვილსაც დაურეკა საყვედურებით. ეს შევარდნაძე არ პასუხობდა მის ზარებს, თორემ სააკაშვილი ჯერ ამდენად შორს არ წასულა. მაგრამ მიხეილს ახლა ცხინვალი აქვს მოსანადირებელი და ქალური პოლიტვნებებისთვის მაინცდამაინც არ უნდა სცხელოდეს.
ტყეშელაშვილმა კი გულწრფელი ემოციები ვერ დაფარა. მან ტელევიზიით შეიტყო სოსელიას შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო დათუნასთვის (ასე მიმართავს ის ტყეშელაშვილს) დაერეკა და ყველაფერი პირადად აეხსნა, მაგრამ გადაწყვეტილება ბრიფინგზე გააჟღერა. რატომ? შესაძლოა, მან აქაც ვენდეტა აირჩია. თავის დროზე ხომ სიების სკანდალის შემდეგ მაჭავარიანმაც ტელევიზიით მიმართა ბურჯანაძეს და დამშვიდება ურჩია. მაშინ ბურჯანაძე გაბრაზდა: ჟურნალისტები როდის აქეთ გახდნენ ჩვენს შორის მოციქულებიო. ახლა თავად ბურჯანაძემაც გამოიყენა მედია მოციქულად.
პოლიტკორექტულობა ისევ უმრავლესობამ გამოიჩინა. ისინი ერიდებიან სახელისუფლებო ბანაკში მიწისძვრების დაფიქსირებას. ამიტომაც ერთჯერადი რევანშით დაკმაყოფილდნენ. თუმცა, დასჯაზე უარი არ უთქვამთ. ბურჯანაძე დაისჯება. საამისოდ უმრავლესობა პირადად და კანონიერად იზრუნებს. კანონში ცვლილებები შევა. პარლამენტი პირველად მიიღებს კანონს და საკუთარ თავმჯდომარეს უფლებებს აყრის. თავმჯდომარის დანიშვნას ნინოს დაუთმობენ, სამაგიეროდ კანონიერად ჩამოართმევენ მოადგილეების დანიშვნის უფლებას. ამ ფუნქციას, ალბათ, ბიურო შეასრულებს. სოსელიას მოადგილეებს კოლექტიური წესით დანიშნავენ. ასე რომ, ვერც ბურჯანაძის ოჯახი და ვერც თავად სოსელია ვერ მოახერხებს, საკუთარი მოადგილეები დაინიშნოს. ერთი შეცდომაც და სოსელიას წირვას გამოუყვანენ. პარლამენტის ხელში არ არის? ანგარიშებით სოსელიას სწორედ იმ უმრავლესობასთან მოუწევს მისვლა, რომელმაც ასე დიდსულოვნად ჩააგდო.
დათო ტყეშელაშვილი კი დეპუტატობას გააგრძელებს. ღირდა კი სოსელია ასეთ რისკად? ბურჯანაძე ვერ ხვდება, რომ ასეთი ნაბიჯებით ის ლიდერის შარმს კარგავს. უმრავლესობა ხვდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი უმრავლესობის კი არა, საკუთარი ოჯახის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს. პირველად ბურჯანაძემ ეს ჟესტი სწორედ საარჩევნო სიების შედგენისას გამოიყენა. საკუთარი კვოტის გამო ის სხვების კვოტებს დაეტაკა. ვერ მოზომა, მაგრამ გადარჩა. დახურულმა კარმა უშველა.
ისე, პოლიტიკა ზღაპარი არ არის, ზოგჯერ ფქვილი გინდა და ქატოს ირჩევ. ეს პოლიტიკაში. ეკონომიკაში კი ახალი საინტერესო ფიგურა ჩნდება.
ბენდუქიძეზე მსჯელობა მედიას ჯერ მობეზრებული არ ჰქონდა, რომ თბილისში ლევან ვასაძე გამოჩნდა. ის თბილისში 1970 წელს დაიბადა. ამჯერად მოსკოვში ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგ „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტია. ჰოლდინგი მრავალპროფილიანია. მისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მას შესაძლოა, სოლიდური ინტერესები გაუჩნდეს.
ენერგეტიკის პორტფელზე მეტად ლევან ვასაძეს ბიზნესი უნდა აინტერესებდეს. ტელეკომუნიკაციები, დაზღვევა, უძრავი ქონება, მსხვილი სავაჭრო ობიექტები, საბანკო საქმიანობა, ტურიზმი და ასევე მედია.
ასე რომ, საქართველოში მას სერიოზული ინტერესებიც შეიძლება გაუჩნდეს ენერგეტიკის სფეროში, თუნდაც ჰესების სახით. მაგალითად, იგივე „ენგურჰესი“, რომლის რეაბილიტაცია სოლიდური თანხები შეიძლება დაჯდეს, მაგრამ მომგებიანია. ან ლეგენდარული მეცხრე ბლოკი. გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის დროს ძლივს რომ დაადგა საშველი მის ჩართვას, ამიტომაც ხშირად მწარედაც ხუმრობდა ხოლმე ექსპრეზიდენტი: რა გახდა ბოლოს და ბოლოს, ეს მეცხრე ბლოკი, უკვე ათამდე რომ ვითვლი, მეცხრეს ვტოვებო. აფხაზეთშიც შესანიშნავი ადგილებია ტურისტული მიზნებისთვის. თბილისი ისედაც ცდილობს რუსეთის დარწმუნებას, თქვენი ეკონომიკური ინტერესები გათვალისწინებული იქნებაო. აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებას სერიოზული პარტნიორები დასჭირდება.
ვასაძემ, სხვათა შორის, თავის დროზეც ჩადო ფული საქართველოს დაბრუნებაში. შევარდნაძის დაბრუნებისთანავე ის მისი ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. როგორც ჩანს, გარკვეული თანხები მაშინაც გაიღო. საინტერესოა, რით დასრულდა ეს ისტორია. თუმცა, თავად, ალბათ, ჯენტლმენია და ხმამაღლა ამის შესახებ არასოდეს მოყვება. წინდახედული ვასაძე ბიზნესინტერესებზე არ საუბრობს. ფულის ჩადების წინ მას ბიზნესანალიზი და პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება იგივე აფხაზეთში. აჭარაში კი შეუძლია, ნავთობით დაინტერესდეს.
2004 წლის იანვარში „სისტემამ“ ნავთობის აქტივები გაყიდა. ლევან ვასაძის განმარტებით: აქტივებს ლიდერობის შანსები არ ჰქონდაო. საქართველოში კი შეიძლება ჰქონდეს. ასე რომ, ასეთი დაინტერესების შემთხვევაში ის ლუჩანსკის ჩაენაცვლება. თბილისი, ალბათ, მასთან დაკავშირებულ კონტრაქტს გადახედავს. სააკაშვილი ვერ აიტანს, აბაშიძე მოსკოვში იჯდეს და ყოფილი იმპერიიდან სოლიდურ თანხებს ჭრიდეს. თანაც, გაურკვეველია რაში შეიძლება ეს ფინანსები დაიხარჯოს. ბოლოს და ბოლოს, ნავთობი პოლიტიკა უფროა, ვიდრე ეკონომიკა... და მაშინ სააკაშვილი, პუტინის მსგავსად, ვერც ოპოზიციას დაუთმობს ქართულ შემოსავლებს. „გქბ“ უკვე მიჰყიდეს რუსებს, ვასაძე დაზღვევითაც არის დაინტერესებული. და მაშინ „ალდაგს“ სერიოზული კონკურენტი გაუჩნდება. კახა თარგამაძის ბიზნესიმპერია კოტრდება. გაუმარჯოს ახალ იმპერიებს.