აკაკი მინაშვილი: „პრემიერი ხალხს ატყუებს“

აკაკი მინაშვილი: „პრემიერი ხალხს ატყუებს“

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), რომელიც ბოლო პერიოდში, საქართველოს მთავრობის კრიტიკით არის დაკავებული, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად სამოქმედო გეგმას სთავაზობს.  კერძოდ, EPP საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრული დაცვა. ასევე, პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო უფლებებს ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას და არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის კამპანია არ მოხდეს ზეწოლითა და ძალადობით. ასევე - საქართველოს მთავრობამ, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წერილების პათოსს საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას რაიმე სახის დაბრკოლება შეიძლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებმა და მათმა ცრუ ბრალდებებმა შეუქმნას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი მინაშვილს ესაუბრა:

ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც თქვენი პარტნიორი ძალაა, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ღია წერილში აღნიშნავს, რომ დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით, ქვეყანაში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი საქართველოს პოზიტიურ იმიჯს მიაყენა. მმართველი ძალის შეფასებით კი, EPP- წარმომადგენლებმა საკუთარი დასკვნები ისე გააკეთეს, რომნაციონალური მოძრაობისმხრიდან მიწოდებული ინფორმაციები არ გადაამოწმეს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფოს იმიჯის შელახვაში ოპოზიციონერებს ადანაშაულებდით, ამჟამად, მსგავს ნაბიჯებს თქვენ დგამთ?

- საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტია“ არ აკრიტიკებს, არამედ ყველას კარგად ახსოვს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც პოლიტიკური დევნა დაგმო. ასევე ცნობილია ნატოს ასამბლეის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დემოკრატიული რეფორმები ნეგატივისკენ იყო მიმართული. ამასთან, მედიასთან დაკავშირებით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ განცხადება გააკეთა და ასევე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ბაროზომ.

საერთაშორისო პოზიციაა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უკუსვლით, ანუ რეგრესით წავიდა. საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება წარმოიშვა, რომელიც იზრდება და ქვეყნის ევროინტერგაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვწუხვართ, რომ ფუნდამეტური ხაზი, რომელიც ევროპულ ოჯაზე გადის, საფრთხის ქვეშაა და ეს გამოწვეულია იმ არადემოკრატიული ნაბიჯით, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს.

წერილები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს, ცუდი გზისკენ სვლაა, რადგან საქართველოსა და ევროპას შორის ბარიარებს ვაჩენთ. ამ ფონტზე კი, რატომღაც, იმ ქვეყანასთან დათბა ურთიერთობა, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და აღიარების პოლიტიკა გრძელდება. ამასთან, ბოდიშს ვუხდით ონიშენკოს, რომელმაც ქართველ ხალხს „მუქთახორა“ და „უმაქნისი“ უწოდა.

თუმცა, IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 51 პროცენტი ახალი მთავრობის ჩავარდნებს ვერ ასახელებს. 20 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას ჩავარდნა არ აქვს. შესაბამისად, საზოგადოებისგან განსხვავებით, არადემოკრატიულ ნაბიჯებად, თქვენ რას მიიჩნევთ?

- შეტევას თავისუფალ მედიასა და სასამართლოზე. პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს დაშლის მიზნით მომზადდა. ანალოგიური დამოკიდებულებაა სასამართლოსთან მიმართებაში, რომ იუსტიციის საბჭო დაიშალოს, ახალი საბჭოს დაკომპლექტებაზე ზემოქმედება მოახდინონ, ხოლო სასამართლოზე გავლენა გააძლიერონ. ამას გარდა, თვითმართველობებზე ზეწოლა გრძელდება და ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპონენტების აგრესიული დამოკიდებულება არ იცვლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადებულია საინიციატივო ჯგუფის მიერ და არა ხელისუფლების. მედიაზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტს, რატომ არ ასახელებთ? თუ ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნება - ზეწოლაა?

- ეს კერძო მესაკუთრეებს შორის განსახილველი საკითხია. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტს, ყველასთვის ცნობილია, რომ გაურკევევლი მიზეზების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელში 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შევიდა, რაც გავლენის მოხდენის მცდელობა იყო. მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერძენიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას გენმდივანი „საინტერესო სიუჟეტების“ გაშვებას უკრძალავდა, რაც კითხვის ნიშანს აჩენს.

ბერძენიშვილის ეს ინფორმაცია ყოფილმა გენმდივანმა, გიორგი ბარათაშვილმა კატეგორიულად უარყო. რაც შეეხება სიუჟეტის დაბლოკვას, თქვენი ხელისუფლების პირობებში, საზმაუწყებელის ეთერში ციხის სკანდალური კადრები მას შემდეგ გავიდა, რაც წინა ღამით და მეორე დილით, პატიმრების წამების ამსახველი კადრები ყველა ტელევიზიით გადაიცა...

- საერთაშორისო კვლევებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებული ტელევიზიაა. შესაბამისად, ის, რომ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას რაღაც არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი შეფასება ჭეშმარიტებაა.

ანუ, თქვენ საზმაუწყებლის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- ტელევიზია ყველაზე პოზიტიურად არის შეფასებული და მას საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაზე დაბალანსებულად მიიჩნევენ.

რაც შეეხება 19 აპრილის დაანონსებულ აქციას, იქედან გამომდინარე, რომ საგარეო კურსის უცვლელობასთან და ევროინტერგაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა 19 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო და მას მხარი თქვენც დაუჭირეთ, არ ფიქრობთ, რომ აქციამ ლოზუნგით - „ჩვენი მომავალია ევროპა“ აზრი დაკარგა?

- ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დოკუმენტებისგან სერიოზულად განსხვავდება. სასაცილოა და არასერიოზულია, როდესაც ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტს, იეჟი ბუზეკს, რომელიც ევროპაში პატივსაცემი პოლიტიკოსია და რომელსაც, „ევროპის ადამიანის“ ჯილდო გადაეცა, პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ თურმე ის შორდება ევროპას და არა დავით უსუფაშვილი. როდესაც, ვლადიმერ პუტინი სეპარატისტთა ლიდერებს ხვდება და ამ ფონზე, ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობას ვათმობთ, ეს ცუდი და ნეგატიური გზავნილია, რადგან ერთი მხრივ, მტერთან ურთიერთობას ვათბობთ, ხოლო მეორე მხრივ, მოკავშირესთან ურთიერთობას ვამძაფრებთ. იქედან გამომდინარე, რომ ნატოს-თან და ევროკავშირთან მიმართებაში ბევრი კითხვა არსებობს, ეს აქცია აუცილებლად გაიმართება.

IRI-ის კვლევების თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 82 პროცენტი უჭერს. ოკუპენტ ქვყანასთან ურთიერთობის დალაგება, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?

- ის, რომ ქვეყანას რუსეთთან ნორმალური ურთიერობა სჭირდება, ეს ყველა გონიერი ადამიანისთვის მისაღებია, მაგრამ ურთერთობის ნორმალიზაცია რის ხარჯზე ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი. არავის სურს, რომ ურთიერთობის დათბობა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე მოხდეს. ეს შეგიძლიათ ამ კვლევებშიც ნახოთ, სადაც რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ არის მიჩნეული.

„ქართულმა ოცნებამ“ იმ დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს, რაც წინაარჩევნოდ გასცა, მაგრამ ახლა ასეთი სურათია - პრემიერი გამოდის და ახალ დაპირებებზე საუბრობს, რომელსაც ვერ ასრულებს, ან ვეღარ შეასრულებს. ივანიშვილმა ბოლოს თქვა, რომ იპოთეკურ სესხებზე ვერაფერს გავაკეთებთო და ფაქტია, რომ მოსახლეობას ინტენსიურ რეჟიმში ატყუებენ.

ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მხოლოდ ექვსი თვე გავიდა და დაპირების შესრულების მცდელობა ჩანს. ცხრა წლის განმავლობაში, ნაციონალებმა ბევრი დაპირება გაეცით, თუმცა, ზოგი არ შეასრულეთ. რატომ?

- უკაცრავად, მაგრამ ყველა დაპირებას ვასრულებდით...

მაგალითად, პრეზიდენტი საზოგადოებას პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას ჰპირდებოდა. რატომ არ გაზარდეთ პენსია?

- ამ პირობის არშესრულებას საკუთარი არგუმენტიც ჰქონდა. ამ დანაპირებს პრობლემები 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუქმნა. ივანიშვილი კი, მოსახლეობას ატყუებს, რადგან ის არ ასრულებს იპოთეკებთან დაკავშირებით გაცემულ დანაპირებებს. ასევე ის ამბობდა, რომ საწვავის ერთი ლიტრიდან ერთი ლარი ნაციონალების ჯიბეში მიდისო, სად არის ეს ერთი ლარი? თურმე, ეს ასე არ ყოფილა.

IRI- კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას მხარს უჭერს. საზოგადოების მსგავს განწყობაზე, რა აზრის ხართ?

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული და ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და არა უკან, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება. თქვენ შეგიძლიათ ინვესტიციებისა და ეკონომიკური პარამეტრების კლება ნახოთ. რატომ ხდება ეს? - საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყანაში არასტაბილურობისა და არეულობის განცდაა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალების რადიკალური ფრთის მხრიდან, საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობენ. შესაბამისად, ამ არეულობაში გარკვეული „წვლილი“ თქვენც შეგაქვთ...

- როცა ხელისუფლება მსგავს რამეს აცხადებს, ეს სასაცილოა, რადგან ყველაფერი მათ ხელშია.

მართვის გარკვეული სადავეები თქვენს ხელშიცაა, იგივე სასამართლო და თვითმართველობები...

- სასამართლო არავის ხელში არ არის და ის, რომ ხელისუფლებას სასამართლო არ მოსწონს ეს ნორმალური პროცესია, რადგან მათი მცდელობაა, რომ სასამართლო მთლიანად გააკონტროლონ, რაც არადემოკრატიული ნაბიჯია.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს მთავრობის დანიშვნისა და დათხოვის უფლებამოსილება უბრუნდება, კენჭისყრაზე 21 მარტს დადგება. For.ge-ს ინფორმაციით, ინიციატივას მხარს უმცირესობის ზოგიერთი ლიდერიც დაუჭერს. მმართველ გუნდს ცვლილებების მხარდაჭერის რა შანსები აქვს?

- აგრესიული რიტორიკა და მოქმედებები, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ზეწოლა შეთანხმებამდე არ მიგვიყვანს.