ამერიკული ალიყური ნაციონალებს - ყველაზე „პრინციპული“ პარტია მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად ემზადება

ამერიკული ალიყური ნაციონალებს - ყველაზე „პრინციპული“ პარტია მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად ემზადება

ამერიკაში პომპეზურად წასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, სენატორებმა ალიყური უთავაზეს და ყურიც აუწიეს, რის შემდეგაც მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა არ გამორიცხეს. დასავლეთისგან დატუქსული ენმ-ი ახლა ცდილობს დოკუმენტს ხელი ისე მოაწეროს, რომ რამენაირად სახე ბოლომდე არ დაკარგოს. პოლიტიკურად სულ არ გაბანკროტდნენ. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პარტია, რომელმაც, 7 თვის განმავლობაში, ყველა სიტყვა უკან წაიღო, ცდილობს, ამომრჩევლის თვალში საბოლოოდ არ გაკოტრდეს.

აშშ-ში ვიზიტად მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ „ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს“.

ამერიკაში ამდენი ხნის ყოფნის მიუხედავად ნიკა მელიას და ენმ-ის დელეგაციას მაღალ პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრები არ ჰქონია. როგორც ჩანს, ენმ-ს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის აუცილებლობა სენატორების თანაშემწეებმა და მათმა აპარატის წარმომადგენლებმა გადასცეს. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ მელია ამერიკაში არა საკუთარი სურვილით, არამედ ამერიკელების მოთხოვნით წავიდა, სადაც გასაგებად და ზუსტად აუხსნეს, რომ თუ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, მათ ამ შეთანხმებით მიღწეულ პირობებზე პრეტენზია ვერ ექნებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ გამორიცხავენ, ამნისტიის ჩანაწერის გამოკლებით, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ პარტიაში.

„თუ ვართ თანახმა, თანახმა ვართ მთლიან დოკუმენტზე. თუ იღებენ პასუხისმგებლობას, უნდა აიღონ მთლიან დოკუმენტზე“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „გადამგდები ძალაა“ და მიცემულ პირობებს არ ასრულებს:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში მოღვაწეობის დროს, არც ერთხელ არ შეასრულა პირობა და სიტყვა. ჩვენ მათ მოვუწოდებდით, რომ ყოფილიყვნენ თანმიმდევრულები და კონსტრუქციულები. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, ყველაფერს მაინც პირიქით აკეთებს. აბაშიძე აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ენმ-ს ამერიკაში ყურები აუწიეს და იძულებულები არიან მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. ნიშანდობლივია, რომ ამის შესახებ ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ გვამცნო. თუმცა პარტიაში ერთმანეთს სრულიად აცდენილები არიან. ბოკუჩავა ერთს ამბობს, ხოლო დავით კირკიტაძე მეორეს. კირკიტაძე აბობს, რომ ის საერთოდ აზრზე არაა, აპირებს თუ არა ენმ მიშელის დოკუმნეტზე ხელმოწერას.

„ადგილობრივი არჩევნები კარზეა მომდგარი, ენმ-ს და მის ჩრდილქვეშ მყოფ პარტიებს ეს არ ადარდებთ. მათ იმედი აქვთ, რომ 43%-ს „ოცნება“ ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. თუმცა „ნაციონალების“ აბდაუბდა და ზიგზაგური პოლიტიკური განცხადებებით იმ ხმბესაც დაკარგავენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს. ისევ იმ ტექსტით დაიწყებენ საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა და მიიტაცეს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი სენატორები - ქალბატონი შაჰინი და ბატონი რიში ამ ე.წ. პომპეზური ვიზიტის ფარგლებში მელიას და მის თანხმლებ პირებს არ შეხვდნენ. გვახსოვს ეს სენატორები ენმ-ს თითქმის ყოველდღე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. სენატორებმა მელიას აპარატის თანამშრომლები გაუგზავნეს. დიდი ალბათობით, ეს გზავნილი, რომ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ, მათმა თანაშემწეებმა მიუტანეს. რაც ჩანს ისინი ჯერჯერობით მაღალი დონის პოლიტიკოსებს არ შეხვედრიან. ძირითადად ანალიტიკურ წრეებს ხვდებიან“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

აბაშიძე იხსენებს, ამერიკაში ვიზიტის დროს ენმ-ის დელეგაციის  გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი ადგილობრივი არჩევნებისთვის ამერიკელი დამკვირვებლების მობილიზებას მაქსიმალურად მოახდენდნენ. არადა ამას ძირითადად ხელისუფლება აკეთებს. აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მელია ამერიკაში არა საკუთარი სურვილით წავიდა, არამედ ის დაიბარეს და იძულებული გახდა, ჩასულიყო. მათი გზავნილი ჩასვლამდე და ახლა სრულიად სხვადასხვაა. ამ ეტაპზე ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. აქაც აღრევა აქვთ, საწყისი „მესიჯბოქსი“ სხვა იყო და შუალედური განცხადება სხვაა. საბოლოოდ კი, თბილისში დაბრუნებულები მიშელის დოკუმნეტს ხელს მოაწერენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ენმ-ს მიშელის დოკუმენტის დამახინჯებული ვერსიის წარმოდგენა უნდოდა - მისი რევიზია და ფაქტობრივად გადაკეთება. ეს არ გამოუვიდათ, მაგრამ მაინც ხელს მოაწერენ. ყვიროდნენ, რომ მიშელის დოკუმენტი შემოგვატენეს და ადგილზე პარტიებმა არ წაიკითხესო. თუ არ უნდოდათ ხელს რაღას აწერდნენ? ამიტომ ეს ყველაფერი ტრაგი-კომიკურია. რაც კი პოლიტიკაში ამ ბოლო დროს აბდაუბდა მოხდა, ეს არის „ნაციოანლური მოძრაობის“ ტაქტიკა, რომელსაც მერე თავადვე ღალატობენ. ამბობენ ერთს და მეორეს აკეთებენ. გასაგებია მათ ჰყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იმათაც ყელში ამოუვათ. თუკი სხვა ალტერნატიული ძალა გაჩნდება, ენმ-ის მდგომარეობა ძალიან ცუდად იქნება. ამის კონტურები კი უკვე გამოკვეთილია“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.